რას ეძებ?

ისტორია საზოგადოება საქართველო

ხევსური ჯადოქარი, რომელსაც 440 ადამიანი განუკურნავს – მგელიკა ლიქოკელი

მგელიკა ლიქოკელი - ხევსური დასტაქარი (ექიმი)

მგელიკა ლიქოკელი ხევსური დასტაქარი იყო, რომელიც მარტოდ, თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა. ის თავის ქალის ტრეპანაციას ოთხ საათს ანდომებდა. რობაქიძე მას ჯადოსანს უწოდებდა. მგელიკა ხევსურეთში 1870-1930 წლების შუალედში ექიმობდა.

ასევე მას გაუკეთებია ოპერაცია ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის მკერდის არეში, 7 ნეკნი ამოუჭრია და მისი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულა, აგრეთვე განუკურნავს ბევრი ტყვიით დაჭრილი მუცლისა და გულმკერდის არეში.

მწერალი და ჟურნალისტი ჰელენა ბობინსკა მის შესახებ წერდა: „ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავთ? როდესაც მისი უბრალო ჩაქუჩები, დანები და მახათები ვნახე, მეწაღედ მივიჩნიე, ვინემ ექიმად. გასაოცარია, მას ამ იარაღებით თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. როგორც ირკვევა მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. ის სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობის გზას დაადგა“.

დაწვრილებითი მონაცემები მგელიკა ლიქოკელის შესახებ გამოქვეყნებული აქვს ექიმ გიორგი თედორაძეს საკუთარ წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. ის სამუშაოდ ხევსურათში მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. იმ დროს მაღალმთიან ხევსურეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო დასტაქრობის ტრადიცია. ზვავების და უგზოობის გამო ეს მხარე ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში იყო მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს.

როცა თედორაძე პირველად შეხვდა მგელიკას, ის უკვე 83 წლის იყო, თუმცა მაშინაც აკეთებდა მეტად რთულ ოპერაციებს. თედორაძე გაოცებული იყო დასტაქარის თავისებური და სიღრმისეული ცოდნით. მაგალითისთვის, ერთი შემთხვევის მოყვანაც საკმარისია:

ერთ-ერთ ავადმყოფს, ბიძურა არაბულს, მოძრაობის უნარი დაკარგული ქონდა თავის ქალის მძიმე ტრამვის გამო, მისი კიდურები დადამბლავებულიყო. ამიტომ, გიორგი თედორაძემ იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაწერა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის შემთხვევით შეხვედრია ავადმყოფს და გაკვირვებული დარჩენილა, მორჩენილი რომ უნდახავს ასეთი სერიოზული ტრამვის შემდეგ. როგორც გაირკვა, არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკა ლიქოკელს გაუკეთებია.

ლიქოკელი ოპერაციებს ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა, რომლებიც ფოლადისგან და ძვლისგან იყო დამზადებული. ის ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა. მათგან რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, კორშას მუზეუმშია დაცული.

როგორც ამბობენ, მგელიკას 440 ადამიანი განუკურნავს. განსაკუთრებული ცოდნის გამო, ის გადაჰყავდათ ფშავში, გუდამაყარში, თუშეთსა და ქისტეთშიც.

გადმოცემის მიხედვით, ხევსურ დასტაქართა უმრავლესობამ წერა-კითხვაც არ იცოდა. ისინი ცოდნას გადასცემდნენ ზეპირსიტყვიერად. 1960-70-იან წლებში ორი ხევსური ექიმიღა დარჩენილა – ჯუთაში ბეწინა არაბული, ხოლო შატილში ბაზია ჭინჭარაული. თავის ქალის ტრეპანაციას შატილიონი დასტაქარიც აკეთებდა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *