მილფორდ-საუნდი – ახალ ზელანდიური ზმანება
2010 წლის საერთაშორისო გამოკითხვით საუკეთესო ტურისტულ ადგილად დასახელებული მილფორდ-საუნდი ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ფიორდია ახალ ზელანდიაში. მისი მწვერვალები, ციცაბო კლდეები და ხშირი ტყეები პირდაპირ წყლიდანაა ამოზრდილი. კამკამა წყალში ნავში მსხვდარი ტურისტების გვერდით დელფინები დაცურავენ, ხანდახან მოთამაშე ვეშაპების დანახვაც კია შესაძლებელი.
ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, ვრცელ ფიორდლენდის ეროვნულ პარკში მილფორდ-საუნდი 16 კილომეტრზე, ტასმანიის ზღვამდეა გადაჭიმული. მაორების ლეგენდის მიხედვით, 1675 მეტრის სიმაღლის მთებით (საიდანაც ულამაზესი ჩანჩქერები ვარდება) გარემოცული მილფორდ-საუნდი ღმერთმა ტუ-ტე-რაკი-უანოამ ვეება ნაჯახით მთების გახლეჩით შექმნა. სინამდვილეში, ეს ფიორდი ბოლო გამყინვარების ეპოქაში დიდი მყინვარისაგან წარმოიქმნა. ზღვის დონიდან მაღლა, იქ, სადაც პატარ-პატარა მყინვარების ფილები ერთმანეთს შეერწყა და გიგანტური ღრმული წარმოქმნა, ახლა მდინარეები მიედინება და ჩანჩქერებად ეშვება ზღვაში.
ფილფორდ-საუნდის მთის კალთებზე შეფენილ ხშირ ტყეებში 700-მდე სახეობის მცენარე ხარობს, დაწყებული გიგანტური ხეებით, დამთავრებული გვიმრებით, იშვიათი ბუჩქებით, ყვავილებითა და ხავსით. რასაკვირველია, ასეთ ხელსაყრელ გარემოში მრავალი ცხოველი და ბრინველი ბინადრობს, თუმცა, მილფორდ-საუნდი ზღვის არსებათა სიმრავლით უფროა ცნობილი; განსაკუთრებით, მთელი წლის განმავლობაში ლოდებზე წამოწოლილი სელაპებითა და გადაშენების პირას მყოფი ფიორდლენდური ქოჩრიანი პინგვინებით.
მილფორდ-საუნდი ევროპელებმა 1812 წელს აღმოაჩინეს, როცა უელსელმა კაპიტანმა, ჯონ გრონომ ვიწრო ყურეში შეცურა და იქ აღმოჩენილ საოცრებათა სამყაროს მშობლიური მილფორდ-ჰეივენის სახელი უწოდა. მიუხედავად იზოლირებული ადგილმდებარეობისა და ნალექების მაღალი დონისა (წელიწადში 6,75 მ), ფიორდის შეუდარებელი სილამაზის ამბავი სწრაფად გავრცელდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს მილფორდ-საუნდის სილამაზის საკუთარი თვალით სანახავად მრავალი ადამიანი გადიოდა 53,5-კილომეტრიან გზას, რომელსაც დღეს მილფორდ-ტრეკის სახელით იცნობენ.
მილიონობით ტურისტი არც ახლა უშინდება გადაუღებელ წვიმას და ყოველ წელს ჩადის მილფორდ-საუნდის ბრწყინვალე პეიზაჟების ცქერით დასატკბობად. ლაშქრობისა და კანოეთი ცურვის გარდა, ტურისტებს წყალქვეშა ობსერვატორიიდან წყალქვეშ 10-მეტრიანი მარჯნების თვალიერებაც შეუძლიათ.