მკვდარი ზღვა: მინერალებით მდიდარი ბუნების რეზერვუარი
მარილის ფენით დაფარული კლდეებით გარშემორტყმულ, უნაყოფო, უსწორმასწორო ლანდშაფტის შუაგულში მდებარეობს არაამქვეყნიური სილამაზით გამორჩეული მკვდარი ზღვა, რომლის მსგავსსაც დედამიწაზე სხვაგან ვერ იხილავთ. ვინაიდან მისი მშვიდი წყალი ოკეანისაზე ცხრაჯერ მლაშეა, ის ყველა ზღვის სახეობისთვის მომაკვდინებელია, არადა, უკვე ათასობით წელია, ადამიანები მის სამკურნალო თვისებებს აქებენ.
იერუსალიმიდან 80 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, იუდეის უდაბნოში, ზღვის დონიდან 422 მეტრით ქვემოთ მდებარე მკვდარი ზღვა ყველაზე დაბალი წერტილია ხმელეთზე. ის 67 კმ, სიღრმისაა, ყველაზე ფართო მონაკვეთში კი მხოლოდ 18 კმ-ს აღწევს; მისი ფართობი 810 კმ2-ს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 378 მეტრს. ამ მლაშე ტბას მდინარე იორდანე და სხვა პატარა შენაკადები კვებავს, მაგრამ წყალი არსად გაედინება და დონეს აორთქლებით ინარჩუნებს. უდაბნოს ცხელი მზის ქვეშ ყოველდღიურად აორთქლების შედეგად მკვდარი ზღვის ზედაპირი 2.5 სანტიმეტრით მცირდება და მინერალური შემადგენლობის უფრო მეტი კონცენტრირება ხდება.
უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი იერიქონი და სოდომი და გომორაც ახლოს უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქის მომსწრე სოდომის მთა ჯერაც დგას მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და მთლიანად ქვამარილისგან შედგება. ეროზიის შედეგად უსაყრდენო სვეტები წარმოიქმნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილს „ლოტის ცოლს“ უწოდებენ. კლდეს ეს სახელი ძველი აღქმის ერთ-ერთი ამბის მიხედვით შეერქვა, რომლის თანახმად ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია.
ტბას „მკვდარი“ იმიტომ ჰქვია, რომ მასში არცერთი ცოცხალი ორგანიზმი არ ბინადრობს. მდინარე იორდანედან ტბაში მოხვედრილი თევზები მაშინვე იხოცებიან და მარილის კრისტალებით დაფარულები, ზედაპირზე ტივტივებენ. თუმცა, ადამიანებისთვის მინერალებით მდიდარ წყალში ბანაობა ბუნებრივი ფიზიოთერაპიაა. გარდა ამისა, მკვდარი ზღვა ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს და ატმოსფეროს წნევა მაღალია, შესაბამისად, მზის ულტრაიისფერი სხივები ნაკლებია, რაც კანისთვის სასარგებლოა. მკვდარ ზღვაში ჯერ კიდევ ძველი აღქმის ეპოქიდან მკურნალობენ. როგორც ამბობენ, მას სოლომონ მეფე, ჰეროდე და კლეოპატრაც სტუმრობდნენ.
მკვდარ ზღვას არც დღეს აკლია სტუმრები. ყოველწლიურად მრავალი ათასი ტურისტი ჩადის ისრეელში მკვდარი ზღვის ზედაპირზე სატივტივოდ და მინერალებით მდიდარი ტალახის წასასმელად. მკვდარ ზღვაში ცურვა რთულია, სამაგიეროდ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ ტივტივი.
მკვდარ ზღვაში ცურვა რთულია, სამაგიეროდ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ ტივტივი.ბევრი დამსვენებელი ამით სარგებლობს და წყალზე „წამოგორებული“ გაზეთს კითხულობს.