მოჰენჯო-დარო: ინდის ცივილიზაციის ნაკვალევი
ძვ.წ. 3000-1200 წლებში დღევანდელი პაკისტანისა და ინდოეთის დასავლეთი შტატების ტერიტორიაზე, პანჯაბისა და მდინარე ინდის რეგიონში არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც ანტიკურ ეგვიპტეს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ინდის ან ჰარაპის ცივილიზაციის სახელით ცნობილმა ამ კულტურამ განვითარების მწვერვალს ძვ.წ. 2600-1900 წლებშ მიაღწია, როცა უდიდესი ქალაქი მოჰენჯო-დარო აშენდა. ოდესღაც 35000 ადამიანის მშობლური მეტროპოლისის ნანგრევებიდან ცხადად ჩანს, რომ ქალაქი ტექნოლოგიურად განვითარებული სავაჭრო ცენტრი იყო; ირგვლივ გალავანი ერტყა, მრავალი ნავმისადგომი ჰქონდა და ყველა სახლი წყალკანალიზაციის სისტემით იყო აღჭურვილი.
პაკისტანის სინდის პროვინციაში. მდინარე ინდის ხეობაში მოჰენჯო-დარო 1922 წელს აღმოაჩინა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა, რახალდას ბანდიოპადიამ ბუდისტი ბერის მეგზურობით. 1930-იანი წლების არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ის, რაც ბუდისტ ბერს უძველესი ტაძრის სტუპა ეგონა, თიხის პლატფორმაზე გაშენებული და წყალდიდობების შედეგად ასეულობით წლის განმავლობაში მიწაში ჩამარხული ქალაქის ნაწილი ყოფილა. 1945 წელს და 1960-იანი წლების შუაში მორიგი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რაც ამჟამად შეჩერებულია, რადგან უკვე ამოთხრილ ნანგრევებს საფრთხე შეექმნება.
მდინარეების – ინდისა და გჰაგარ-ჰაკრას (ეს უკანასკნელი როგორც ჩანს, იმავე პერიოდში დაშრა, როცა ქალაქი გაუკაცრიელდა) შორის მდებარე ქალაქი ინდის ცივილიზაციის სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, რამაც ხელი შეუწყო მის განვითარებას. ქალაქის ფართობი 250 ჰექტრამდე გაიზარდა. ის ორი განსხვავებული სექტორისგან – ციტადელისა და ქვედა ქალაქისაგან შედგებოდა. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალაქი ინდის ცივილიზაციის ადმინისტრაციული ცენტრი და შეიძლება დედაქალაქიც კი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო სასახლის კვალი არსად ჩანს. თუმცა, აღმოჩენილია ორი დიდი დარბაზი, რომლებსაც ალბათ საკრებულოდ ან ბაზრად იყენებდნენ.
შენობები უმეტესად გამომწვარი აგურებისგან არის ნაგები და ქუჩები კოხტადაა მოკირწყლული. ყოველი საცხოვრებელი სახლი დაკავშირებული იყო ჭასა და კანალიზაციის სისტემასთან. ქალაქში აბანოც ჰქონიათ, სადაც წყალს მიწისქვეშა ქურებით ახურებდნენ, და ბეღელიც. ბეღლის წინ ვრცელი მოედანია, სადაც ალბათ სხვადასხვა ყანიდან და მეურნეობიდან მომავალ ურმებს ცლიდნენ, ხოლო კედლებში სავენტილაციო ღიობებია დატანებული მარცვლეულის გასაშრობად.
უცნობია, რატომ მიატოვა ძვ.წ. დაახლოებით 1900 წელს ინდურმა ტომმა ქალაქი; ისტორიკოსები მიზეზად კლიმატის ცვლილებასა და შიმშილიანობას ასახელებენ. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მოჰენჯო-დაროს დასაცავად იუნესკო ძვირადღირებულ პროგრამებს აფინანსებს. ქალაქის უდიდესი ნაწილი ჯერაც მიწაშია ჩამარხული და თავის საგანძურს მომავალ თაობებს უნახავს.