მოსე და მონოთეიზმი / ზიგმუნდ ფროიდი
როგორც ცნობილია, ყველა ხალხიდან, ვინც ანტიკურობის ხანაში ხმელთაშუა ზღის აუზში ბინადრობდა, ებრაელი ერი თითქმის ერთადერთია, რომელმაც თავისი სახელი და არსი შეინარჩუნა.
უბედურებასა და ურიგო მოპყრობას ის წინააღმდეგობის უმაგალითო უნარით უხვდებოდა; მან ხასიათის განსაკუთრებული თვისებები შეიძინა და ამით ყველა სხვა ხალხის ძლიერი სიძულვილი დაიმსახურა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს უკეთ შევიცნოთ ებრაელთა სიცოცხლისუნარიანობის წყარო, ისევე, როგორც ის, თუ როგორაა მისი განმასხვავებელი თვისებები დაკავშირებული მის ისტორიას.
შეგვიძლია ებრაელთა ხასიათის იმ თვისებით დავიწყოთ, რომელიც სხვა ხალხებთან ურთიერთობაში ჭარბობს. უდაოა, რომ მათ უკიდურესად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, მეტად გამორჩეულად მიიჩნევენ საკუთარ თავს, უფრო მაღალი მდგომარეობის მქონედ და სხვა ხალხებზე აღმატებულად – რომელთაგან ასევე მრავალი ადათით განსხვავდებიან.
იმავდროულად, ცხოვრებაში მათ შთაგონებას ანიჭებს განსაკუთრებული თავდაჯერებულობა, ისეთი, როგორის შეძენა რაღაც ღირებულის ფლობით, რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმით ხდება: ღვთისნიერი ადამიანები ამას ღმერთის რწმენას უწოდებენ.
ჩვენთვის ცნობილია ასეთი ქცევის მიზეზი, ასევე ისიც, თუ რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო განძი. ისინი მართლაც თვლიან საკუთარ თავს ღმერთის მიერ რჩეულ ერად, სწამთ, რომ განსაკუთრებით ახლოს არიან მასთან, რაც მათ სიამაყესა და თავდაჯერებულობას ანიჭებს. ნდობის ღირსი წყაროები გვაცნობებენ, რომ ელინისტურ ეპოქაში ისინი ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც დღეს, ასე რომ უკვე იმ ხანებში იყო ებრაელთა ჩამოყალიბება დასრულებული; ხოლო ბერძნები, რომელთა შორის და რომელთა გვერდით ცხოვრობდნენ ებრაელები, ებრაელთა თავისებურებებზე ზუსტად ისევე რეაგირებდნენ, როგორც ის ხალხები, რომელთა შორის ებრაელები დღეს ცხოვრობენ. შეიძლება ვიფიქროთ, ისინი ისე რეაგირებდნენ, თითქოს თვითონაც სწამდათ უპირატესობისა, რომლის პრეტენზია ისრაელის ხალხს ჰქონდა.
თუკი ვინმე შიშის ზარის მომგვრელი მამის ფავორიტობას აცხადებს, მას არ უნდა გაუკვირდეს თავისი დებისა და ძმების შური, ხოლო იოსებისა და მისი ძმების შესახებ ებრაული ლეგენდა ძალიან კარგად გვიჩვენებს, რასთან შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა შურმა. მსოფლიო ისტორიის მსვლელობა, როგორც ჩანს, ამართლებს ებრაელთა თავდაჯერებულობას, რადგან როდესაც უფალმა ისურვა ადამიანებისთვის მესია და მხსნელი მოევლინა, მან ის კვლავ ებრაელთა შორის შეარჩია. და მაშინ სხვა ხალხებს საფუძვლიანად შეეძლოთ ეთქვათ: „მართლაც, ისინი მართლები იყვნენ, სწორედ ისინი არიან უფლის რჩეული ხალხი“. მაგრამ ამის ნაცვლად იესო ქრისტეს მიერ ცოდვების გამოსყიდვამ მხოლოდ გაამძაფრა მათი სიძულვილი ებრაელებისადმი, როდესაც თვით ებრაელებმა ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღეს ფავორიტობის ამ მეორე გამოვლენიდან, რადგან ისინი არ ცნობენ მაცხოვარს.
ჩვენი წინამორბედი მსჯელობის საფუძველზე ახლა უკვე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ებრაელი ერის ეს თვისება – რომელიც მნიშვნელოვანი ყველა დროში იყო – გაამყარა კაცმა მოსემ. მან გაზარდა მათი თავმოყვარეობა, დაარწმუნა რა, რომ ისინი არიან ღმერთის რჩეული ხალხი, მან დაუწესა მათ სიწმიდე და დაავალდებულა სხვათაგან გვერდზე დგომა. აქ ის არ იგულისხმება, რომ სხვა ხალხებს არ ჰყოფნიდათ თავმოყვარეობა. როგორც დღეს, ისევე იმ ხანებში, ყველა ერი თვლიდა, რომ სხვაზე უკეთესი იყო.
მაგრამ ებრაელთა თავმოყვარეობას მოსემ რელიგიური საფუძველი მიანიჭა: ის მათი რელიგიური რწმენის ნაწილად იქცა. თავის ღმერთთან განსაკუთრებული სიახლოვის წყალობით მათ მისი დიდების ნაწილი შეითვისეს. ხოლო ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს მიღმა, რომელმაც ებრაელები რჩეულ ხალხად აქცია და ეგვიპტელთა ბატონობისგან გაათავისუფლა, მოსეს ფიგურა დგას, რომელმაც გააკეთა კიდეც ეს თითქოსდა ღმერთის ბრძანებით, გავბედავთ და განვაცხადებთ, რომ სწორედ ამ კაცმა მოსემ შექმნა ებრაელები. სწორედ მას უნდა უმადლოდეს ეს ხალხი თავის ცხოვრებისეულ გამძლეობას, ისევე, როგორც გვარიან ნაწილს მტრობისა, რომელიც მათ განუცდიათ და რომელსაც დღემდე განიცდიან.
© ზიგმუნდ ფროიდი / მოსე და მონოთეიზმი