ფუძიამა: იაპონიის სამი წმინდა მთიდან უწმინდესი

იაპონიის სამი წმინდა მთიდან უწმინდესი და ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი (3776 მ) ფუძიამა იაპონიის ლანდშაფტის მომნუსხველი ნაწილია. ის არა ერთი მხატვრისა და პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა. ტბებით, ალუბლებითა და ტყეებით შემოსილი მისი სიმეტრიული, კონუსისებრი მწვერვალი ყოველ წელს ათობით ათას პილიგრიმსა და ტურისტს იზიდავს.
ფუძიამა აქტიური ვულკანია, მაგრამ მისი ამოფრქვევის რისკი ძალიან დაბალია. ის იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს დასავლეთით, სამი ტექტონიკური ფილის შესაყარზე მდებარეობს და საბოლოო სახე ზედიზედ სამჯერ ძლიერი ამოფრქვევის შემდეგ მიიღო. ამ სამიდან ბოლო ამოფრქვევა 10000 წლის წინ მოხდა. შედარებით ნაკლები სიძლიერის ამოფრქვევა მოხდა 1707 წლის დეკემბერსა და 1708 წლის იანვარში, რა დროსაც ახალი, 487 მ დიამეტრის კრატერი გაჩნდა. მას შემდეგ ვულკანი მიძინებულია.
ფუძიამა ფუძი-ჰაკონე-იცუს ეროვნული ნაკრძალის ნაწილია; მას გარს ერტყმის ხუთი ტბა (კავაგუჩი, იამანკა, საი, მოტოსუ და სოძი), ხოლო მის ძირას მდებარეობს აოკიგაჰარას ტყე, რომელშიც შეთქმულების მიხედვით, მოჩვენებები და დემონები ბინადრობენ.
ძველი ნანგრევებით თუ ვიმსჯელებთ, ფუძიამა წმინდა მთა ჯერ კიდევ იმ დროიდან უნდა იყოს, როცა იაპონიაში ადამიანი პირველად დასახლდა. ქვეყნის აბორიგენი მოსახლეები აინუს ხალხი მთას წმინდა ადგილად მიიჩნევდა. ფუძიამას თაყვანს სცემდნენ სინტოისტები და ბუდისტებიც. მრავალი იაპონელი დღესაც ადის მის კალთებზე მდებარე ტაძრების მოსალოცად. მომქანცველ რვასაათიან გზას მწვერვალამდე მათ გარდა ტურისტებიც გადიან.
თითქმის მთელი წლის განმავლობაში მწვერვალზე ასვლა თოვლისა და ყინვის გამო ჭირს, მაგრამ ივლის-აგვისტოში თოვლი დნება და ათი ათასობით ადამიანი მიუყვება ფერდობებს. მთაზე რამდენიმე გზა ადის. გზადაგზა დასვენება, ტაძრების მონახულება და ძველ ჩაიხანებში შევლაცაა შესაძლებელი. ფუძიამაზე ასვლა ერთგვარად იაპონურ ტრადიციებთან ზიარებაა. ბევრი განგებ ღამით ადის მთაზე, რომ მზის ამოსვლას მწვერვალზე შეხვდეს.
„ფუძიამას“ ეტიმოლოგია უცნობია, მაგრამ მთას მეტსახელად კონოჰანასაკუა-ჰიმე ჰქვია, რაც ნიშნავს – „ყვავილს, რომ ნაირფერად აყვავილებს“. თუ მთაზე ასვლას არ აპირებთ, მისი ხედით დატკბობის საუკეთესო დრო გაზაფხულია, როცა დათოვლილი მწვერვალი აყვავილებულ ალუბალს დაჰყურებს ზემოდან.