რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

მთა ნიმრუთი, კომაგენის სამეფოს შუაგული

ნიმრუთი - ნემრუთ-დაღი - თურქეთი

თურქეთში, ტავრუსის მთებში, ნიმრუთის მთის (Nemrut Dağı) წვერზე რეგიონის ყველაზე სახელგანთქმული მეფის, ანტიოქე I-ის და სპარსული და ბერძნული ღმერთების სადიდებლად გამოძერწილი 2000 წლის ქანდაკებები დგას. უთავოდ დარჩენილი ეს ქანდაკებები მაინც შთამბეჭდავი სანახავია, განსაკუთრებით, მზის ჩასვლისას; ისინი დღემდე იცავენ აკლდამას, რომელში სავარაუდოდ, თავად მეფეა დამარხული.

ნიმრუთი (ან ნემრუთ-დაღი, როგორც ხშირად უწოდებენ) სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, პატარა ქალაქ კაჰტადან 40 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. ოდესღაც აქაურობა კომაგენის სამეფოს შუაგული იყო. ეს სამეფო ძვ.წ. III საუკუნიდან ახ.წ. I საუკუნემდე არსებობდა, სანამ რომის იმპერია დაიპყრობდა.

ყველაზე ცნობილი კომაგენელი მეფე იყო ანტიოქე I, რომელიც ძვ.წ 62-38 წლებში მეფობდა და ალექსანდე მაკედონელის ერთ-ერთი მხედართმთავრის შთამომავლობასთან ერთად სპარს დიდგვაროვნობასაც იჩემებდა. მისი მეფობის დროს კომაგენს „ოქროს ხანა“ ედგა. ანტიოქე ბერძნული და სპარსული რელიგიური ტრადიციების გავრცელებას უწყობდა ხელს. მან თავისი თავი და ოჯახი ღმერთებს გაუტოლა.

ნემრუთ-დაღი - ნიმრუთის მთა - თურქეთი

ანტიოქეს სამუდამო განსასვენებელს ცხადად ეტყობა რელიგიების აღრევისა და თავისი თავისა და ოჯახის წევრების გაღმერთების კვალი. 150-მეტრიანი მთის წვერზე ყორღანია, რომელშიც თავად ანტიოქე უნდა იყოს დამარხული. მის სამარხთან ქანდაკებები იდგა; ზოგი 9 მეტრის სიმაღლისაა და არა მხოლოდ ანტიოქეს განასახიერებს; არამედ ბერძნულ და სპარსულ ღვთაებებსაც (ამ ტრადიციას ალექსანდე მაკედონელმა დაუდო სათავე).

ამგვარად, ბერძენი ჰერაკლე იმავდროულად სპარსი ვაჰაკნია, ზევსი – არამაზდი (ძველსომხურ პანთეონში ღმერთთა მამა) და ა.შ. მათ გარდა, მეფის ყორღანს იცავს ორი ლომი და ორი არწივი, ხოლო ფრიზის ნანგრევებზე შემორჩენილია მეფის მაკედონელი და სპარსი წინაპრების რელიეფები. სავარაუდოდ, ქანდაკებები ყორღანის ოთხივე კიდესთან ყორღანისკენ ზურგით იდგნენ; მათგან მოშორებით, აღმოსავლეთ კიდესთან საკურთხეველი იყო. ყორღანთან ახლოს ანტიოქეს რამდენიმე შთამომავალიც განისვენებს.

უცნობია, როდის მოამტცრიეს თავები ქანდაკებებს. ყორღანი დიდხანს იყო მივიწყებული, სანამ 1881 წელს გერმანელი კარლ სესტერი აღმოაჩენდა. ნიმრუთი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა და მას შემდეგ ეს გასაოცარი ადგილი თურქეთის ერთ-ერთ ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *