ნოიშვანშტაინის სასახლე – ბავარიის შეშლილი მეფის ფანტაზიის ნაყოფი
ბავარიის მეფის, ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფი, ნოიშვანშტაინის სასახლე შეუდარებელი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ზღაპრიდან გადმოხატულს ჰგავს და რაინდობის ეპოქაში გაბრუნებს. მისი თეთრი კოშკები, ტრიალ მწვანე მინდვრებს რომ დაჰყურებს, თვალისმომჭრელი სანახავია. ნოიშვანშტაინი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი სასახლეა.
ნოიშვანშტაინის სასახლე გერმანიაში, სამხრეთ-დასავლეთ ბავარიაში, ავსტრიის საზღვართან, თვალწარმტაც ისტორიულ სოფელ ფიუსენში, კლდის წვერზე მდებარეობს. ამ ადგილას ოდესღაც შუა საუკუნეების ორი ციხე-კოშკი იდგა, მაგრამ XIX საუკუნის შუა წლებში მათგან მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი. მათ ნაცვლად ლუდვიგის მამამ გოთიკური სტილის სასახლე ააგო, რომელსაც სამეფო ოჯახი საზაფხულო რეზიდენციად იყენებდა. ახალგაზრდა უფლისწულ ლუდვიგს ძალიან უყვარდა აქ ნადირობა. მას ბავშვობიდანვე იტაცებდა რომანტიკული სარაინდო თქმულებები და რიჰარდ ვაგნერის ოპერები, რომლებშიც მითიური ეპოქაა ასახული და როცა 1864 წელს ბავარიის ტახტზე ავიდა, მაშნვე ბრძანა, გრანდიოზული სამშენებლო პროექტი წამოეწყოთ.
მეფის პირადი ხელმძღვანელობით სასახლის ესკიზი მხატვარმა და სცენოგრაფმა ქრისტიან იანკმა შექმნა, ხოლო არქიტექტურული ნახაზი – ედუარდ რიდელმა. ლუდვიგმა რამდენიმე ნახაზი დაიწუნა, სანამ ბოლოს უფრო ექსტრავაგანტული ვარიანტი არ შესთავაზეს. მან დაამტკიცა სასახლის პროექტი, რომელშიც გოთიკური, რომანული და ბიზანტიური არქიტექტურული სტილი იყო შერწმული.
მშენებლობა 1868 წელს დაიწყო ძველი ციხე-კოშკების ნანგრევების გაწმენდით. 1873 წელს კორდეგარდის მშენებლობა დასრულდა. მეფე საზაფხულო რეზიდენციიდან ხელმძღვანელობდა მშენებლობას და ყოველი დეტალის მასთან შეთანხმებას ითხოვდა. მშენებლობაზე სამასი მუშა ერთდროულად მუშაობდა, ხანდახან ღამითაც – ლამპის შუქზე. მთავარი კოშკის მშენებლობა 1886 წელს დასრულდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები კვლავ გრძელდებოდა.
დასრულებული კოშკის მთავარი დარბაზი სინამდვილედ ქცეული ნამდვილი ზღაპარი იყო. ქიმებითა და გუმბათებით შემკული ექსტერიერი კირქვით იყო მოპირკეთებული, კედლებს მარმარილოს სარკმლები, სვეტები და თაღები ამშვენებდა. შიგნით მეფის სატახტო ოთახი, მომღერლების ოთახი და ვაგნერის ოპერების სცენების ამსახველი ფრესკებით მოხატული და ჩუქურთმებიანი ავეჯით მორთული საძინებელი მდებარეობდა.
სამწუხაროდ, მეფე ლუდვიგმა მხოლოდ 172 დღე იცხოვრა თავის გასაოცარ ქმნილებაში – 1886 წლის 9 ივნისს სამთავრობო კომისიის ბრძანებით ის ფსიქიკურ ავადმყოფად გამოაცხადეს და რამდენიმე დღეში იდუმალ ვითარებაში დაიღუპა კიდეც. მალევე ნოიშვანშტაინის სასახლე საზოგადოებისთვის გახსნეს. XIX საუკუნის რომანტიზმის ეს თვალსაჩნო ნიმუში იქცა დისნეის მულტფილმის, „მძინარე მზეთუნახავის“ ციხე-კოშკის შთაგონების წყაროდ. ყოველწლიურად ნოიშვანშტაინის სასახლე საშუალოდ 1,3 მილიონ დამთვალიერებელს მასპინძლობს.