რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ნგორონგორო, ტანზანია: ჰომინიდების აკვანი

ვულკანური აქტივობის შედეგად 2.5 მილიონი წლის წინ წარმოქმნილი ნგორონგოროს კრატერი ტანზანიაში, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძაგლად აღიარებული დაცული ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს. ადამიანის წინაპრების სამშობლო და დღეს ათასობით ცხოველის ბრწყინვალე საბინადრო გარემო გეოლოგიურად და ეკოლოგიურადაც ისევე მომხიბვლელია, როგორც გარეგნულად.

610 მ სიღრმის ნგორონგოროს კრატერის ფართობი 260 კვადრატული კილომეტრია და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანიაში, კრატერის მაღლობების რეგიონში მდებარეობს. სახელიდანვე ცანს, რომ რეგიონი ვულკანურია და დაახლოებით 25 მილიონი წლის წინ დედამიწის ტექტონური ფილების დიდი გადაადგილების ეპოქაში წარმოიქმნა „დიდი რღვევის ზოლთან“ ერთად.

სავარაუდოდ, ახლად წარმოქმნილი ვულკანი მაგმით სავსე მიწისქვეშა ღრმულზე იდგა. დედამიწის ქერქში მიმდინარე აქტივობების შედეგად ღრმული მაგმისგან დაიცალა. 2,5 მილიონი წლის წინ ვულკანი ხელახლა ამოიფრქვა, შედეგად მისი კონუსის სიმძიმემ ვულკანის კალთები ჩამოშალა და ნაშალი ღრმულში ჩაცვივდა. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც კილიმანჯაროსხელა მთა იდგა, მხოლოდ დიდი კრატერი დარჩა.

ნგორონგორო, ტანზანია, აფრიკა

კრატერის ფსკერი თითქმის მთლიანად ტრიალი მინდორია, ზედ მხოლოდ ორი პატარა ტყე და სეზონური მლაშე ტბაა. ტბა მდინარეების – მუნგესა და ლონიოკის მტკნარი წყლით საზრდოობს. მდინარეებისგან წარმოქმნილ ჭაობებში ბეჰემოთი ბინადრობს. კრატერს ხშირად უწოდებენ „ველური ბუნების ხელოვნურ ნაკრძალს“, რადგან აქ ცხოველთა მრავალ სახეობას შეხვდებით: ლეოპარდებს, სპილოებს, ათასობით ჩლიქოსანს (ზებრას, ანტილოპა გნუს, ქურციკს…), სწორედ აქაა თავმოყრილი აფრიკული ლომების უმეტესობა.

თავთხელი წყლები ვარდისფერ ფლამინგოს იზიდავს. ჯამში ამ ადგილას 25000 ცხოველი ბინადრობს, თუმცა, დაცვის სანაცვლოდ კრატერის კიდე გარკვეულ საზღაურს ითხოვს – მცირერიცხოვანი სახეობები, მაგალითად, ლომები ინბრიდინგით გამოწვეული გენეტიკური პრობლემებით იტანჯებიან, რადგან კრატერში ახალი სახეობების მატება იშვიათია.

ნგორონგორო, ტანზანია

მართალია, ნგორონგორო დღეს მხოლოდ ცხოველების თავშესაფარია, მაგრამ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნამარხები იმას მიუთითებს, რომ დაახლოებით სამი მილიონი წლის წინ ეს რეგიონი ჰომინიდების (ადამიანთა წინაპრების) აკვანი იყო. კრატერტან ახლოსაა ოლდუვაის ხეობა, სადაც მეცნიერების აზრით, ადამიანები განვითარდნენ. რეგიონში უკვე სამი ათასი წელია, მიწათმოქმედი ტომები სახლობენ, რომლებიც მანამდე ნადირობა-შემგროვებლობით იყვნენ დაკავებულები.

გასაოცარი ეკოლოგიითა და თვალისმომჭრელი სილამაზით გამორჩეული ნგორონგოროს კრატერი დაცული ტერიტორიის ნაწილია, მაგრამ მას ყოველ წელს ატასობით ადამიანი სტუმრობს ბუნების საოცრებების დასათვალიერებლად და საექსპედიციოდ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა