რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ჩანჩქერი ნიაგარა – ბუნების საოცრება

ნიაგარის ჩანჩქერი - ჩანჩქერი ნიაგარა (niagara falls)

კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გასწვრივ, ქალაქ ბაფალოდან 27 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მძლავრი ჩანჩქერი ნიაგარა. ჩანჩქერი სამი წყალვარდნილისგან შედგება. ესენია: „ნალი“ კანადის მხარეს, „ამერიკული ჩანჩქერი“ და შედარებით პატარა „საპატარძლო ვუალი“ აშშ-ის მხარეს. წყალვარდნილთა ეს კომპლექსი ბუნების გასაოცარი ღირშესანიშნაობაა. ძლიერი დინებისას კლდიდან წუთში 168000 კუბური მეტრის მოცულობის წყალი ვარდება ქვემოთ, მდინარე ნიაგარას აუზში, რის გამოც ირგვლივ მუდმივი ნისლი და გამაყრუებელი ხმაურია.

სამივე წყალვარდნილი ბოლო გამყინვარების ეპოქის მიწურულს – სულ რაღაც 10000 წლის წინ – გაჩნდა, როცა დამდნარი მყინვარებისგან გაჩენილმა წყლის მასამ დიდი ტბები და მდინარე ნიაგარა წარმოქმნა. მდინარემ თანდათან გამოფიტა შედარებით რბილი ქანები და წარმოქმნა მსოფლიოს სიდიდით მეორე ჩანჩქერი ვიქტორიას (ზიმბაბვე) შემდეგ. თავიდან ნიაგარის ჩანჩქერი სხვაგან მდებარეობდა, მაგრამ მუდმივმა ეროზიამ მისი 11 კილომეტრით სამხრეთით უკან დახევა გამოიწვია.

ნიაგარა იროკეზული სიტყვა „ონგუიააჰრასგან“ წარმოდგება, რაც „სრუტეს“ ნიშნავს. პირველი ევროპელი, რომელმაც 1604 წელს ჩანჩქერი იხილა და აღწერა, ფრანგი მკვლევარი სამუელ დე შამპლენი იყო. დროთა განმავლობაში ნიაგარის ჩანჩქერის სილამაზისა და სიდიადის ამბავმა ევროპამდეც მიაღწია და ბევრს აღეძრა მისი ნახვის სურვილი. XVIII საუკუნეში ათასობით ადამიანი ჩავიდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩანჩქერის საკუთარი თვალით სანახავად. მათ შორის იყვნენ თვით მეფეებიც კი.

ნიაგარის ჩანჩქერი - ჩანჩქერი ნიაგარა (niagara falls)

XIX საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონ ბონაპარტის ძმა, ჟერომი ახალშერთულ ცოლთან ერთად გაემგზავრა ნიაგარას ცქერით დასატკბობად. ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. „ნიუ-იორკის ცენტრალური რკინიგზა“ ამ ჩანჩქერს რეკლამას უკეთებდა, როგორც თაფლობის თვის გასატარებელ საუკეთესო ადგილს.

ნიაგარის ჩანჩქერიდან არა ერთი თავზეხელაღებული გადმომხტარა კასრით. პირველი 63 წლის მასწავლებელი ენი ტეილორი იყო, რომლის მაგალითსაც კიდევ ბევრმა მიჰბაძა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის ორივე მხარეს მსგავსი აკრობატული ტრიუკები აკრძალულია.

როგორც მსოფლიოს სხვა საოცრებების შემთხვევაში, ნიაგარის ჩანჩქერის დაცვა დადგა დღის წესრიგში. ეროზიის პროცესის შესაწყვეტად მრავალი ღონისძიება გატარდა. მაგალითად, 1969 წლის ივნისში მდინარე ნიაგარას რამდენიმე თვით კალაპოტი შეუცვალეს, რათა „ამერიკული ჩანჩქერი“ გაემაგრებინათ. ყოველ წელს ნიაგარის ჩანჩქერი 20 მილიონ სტუმარს მასპინძლობს. მისი წყალვარდნილები მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს, პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.

თეგები: ჩანჩქერი ნიაგარა / ნიაგარას ჩანჩქერი / ნიაგარის ჩანჩქერი / მდინარე ნიაგარა / იგუასუ

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა