რას ეძებ?

ბუნება სხვა

ნუში დიდებული კულტურაა

ნუში

ამ გვარში 40-მდე სახეობა შედის, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. საქართველოში ორი სახეობა ხარობს – ჩვეულებრივი, კულტივირებული და ველური – ენდემური ქართული ნუში.

ჩვეულებრივი ნუში იყოფა ტკბილ, მწარე, თხელნაჭუჭა და სქელნაჭუჭა ჯიშებად. ჩვეულებრივი ტკბილი ნუშის გული შეიცავს 40-60% ზეთს და 20-30% ცილებს. ნუშის გულს მიირთმევენ ნედლდ, მოხალულს. იხმარება კულინარიაში.

ნუშის ზეთი გამოიყენება კვების მრეწველობაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში. იგი იხმარება საინექციო ქაფურის გამხსნელად, სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების ნედლეულად. უნიშნავენ როგორც კუჭში გამხსნელ საშუალებას. კოპტონი კი საუკეთესოა ცხოველების საკვებად.

ნაჭუჭისაგან ამზადებენ გააქტიურებულ ნახშირს. მისგანვე იღებენ ნივთიერებას, რომელსაც იყენებენ ახალგამოხდილი საკონიაკე სპირტისა და თეთრი ღვინის არომატისათვის.

ამრავლებენ თესლით. თესავენ ნოემბერ-დეკემბერში, 1-2 წლიან საძირეზე ამყნობენ სასურველი ჯიშის კვირტებს. ნუშის საძირედ ვარგა აგრეთვე: ჭერამი, ატამი, ქლიავი, ტყემალი და, რა თქმა უნდა, ყველა ჯიშის ველური ნუში.

მწარე ნუშის გული იმდენად მწარეა, რომც მოინდომოს ადამიანმა, ვერ შეჭამს. მასში შემავალი გლიკოზიდი ამიგდალინი, ციანამიდის მჟავის შემცველობის გამო ძლიერი შხამია და საშიშია სიცოცხლისათვის.

ნუში მშვენიერი დეკორატიული და გვალვაგამძლე მცენარეა ხრიოკი ფერდობების გასამწვანებლად. საუკეთესო თაფლოვანი კულტურაა, 1 ჰა-ზე იძლევა 40 კგ-მდე თაფლს.

2010 წლის მონცემებით მსოფლიოში ნუშის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანაა: აშშ, ესპანეთი, ირანი, მაროკო, იტალია, სირია, ტუნისი, თურქეთი, ალჟირი და ჩინეთი. ჯამში, მსოფლიოში დაახლოებით 2.51 მილიონი ტონა ნუში იწარმოება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *