ოულდ ფეითფული – ყველაზე ცნობილი გეიზერი

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გეიზერი პლანეტაზე შთამბეჭდავი სულაც არაა, მაგრამ იმდენს კი ახერხებს, მნახველი პირღია დატოვოს, ვინაიდან ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი გეიზერია. ის საათში ან საათ-ნახევარში ერთხელ (წინა ამოფრქვევის ხანგრძლივობის მიხედვით) ხუთი წუთით ამოიფრქვევა და 14000-დან 32000-მდე ლიტრ მდუღარე წყალს თითქმის 55 მ სიმაღლეზე ასხამს. მართალია, ახლომდებარე „სთიმბოუთი“უფრო მაღალია, მაგრამ „ოულდ ფეიდფულს“ სტაბილურობამ და სილამაზემ შორს გაუთქვა სახელი და ტურისტების საყვარელ გეიზერად აქცია.
„ოულდ ფეითფული“ ვაიომინგში, იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში მდებარეობს მსოფლიოს გეიზერთა თითქმის ნახევართან ერთად. მის ამოფრქვევას რეგიონის ვულკანური აქტივობა იწვევს. მიწაში დალექილი წყალი 2000 მეტრის სიღრმეში ცხელ ვულკანურ ქანს ხვდება, ამ დროს წყალი დუღდება, წარმოიქმნება წნევა და მდუღარე წყალი მიწაზე არსებული ნაპრალებიდან ზედაპირზე ამოხეთქავს ხოლმე. „ოულდ ფეითფული“ კონუსიანი გეიზერია, რადგან მისი ოვალური ნაპრალის ირგვლივ მინერალებმა ვულკანის ფორმის კონუსი წარმოქმნეს. ამ ულამაზე ველურ გარემოში მრავალი ცხოველი ბინადრობს, მათ შორის, ბიზონი.
„ოულდ ფეითფული“ პირველად უოშბერნ-ლენგფორდ-დოუნის ექსპედიციამ იხილა 1870 წელს. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, ნათანიელ ლენგფორდმა გეიზერის ამოხეთქვის შემსწრე მეგობრების ემოციები თავის დღიურში აღწერა: „თავად განსაჯეთ ჩვენი განცვიფრება, როცა მოგზაურობის მეორე დღის შუადღეს [გეიზერების ზედა] აუზში შევაბიჯეთ. უეცრად დღისით, მზისით, შვენგან შორიახლოს მიწიდან სუფთა, შუშხუნა წყალმა ამოხეთქა და მისი ნაკადი 125 ფუთის სიმაღლეზე აიჭრა. „გეიზერები! გეიზერები!“ – დაიყვირა ჩემმა ერთ-ერთმა თანამგზავრმა. ჩვენს ჯიგლაგ ცხენებს დეზი ვკარით და ულამაზეს ფენომენს ირგვლივ შემოვეხვიეთ“.
გეიზერს ჰენრი დ. უოშბერნმა მისი ამოფრქვევების რეგულარულობის გამო „ოულდ ფეითფული“ („უღალატო“) უწოდა. ექსპედიციის წევრებმა მისი თვისებები და გარეგნობა აღწერეს. ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი სხვა საოცრებების (მათ შორის, „ოულდ ფეითფულის“) შესახებ პრესაში სტატიები დაიბეჭდა. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, კორნელიუს ჰედჯსმა რეგიონის შენარჩუნება და დაცვა მოითხოვა. ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ულის ს. გრანტმა იქაურობა იქაურობა მსოფლიოს პირველ, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკად გამოაცხადა.