რას ეძებ?

მეცნიერება საზოგადოება ფილოსოფია

ოშო: „სიყვარულის ძალა“ – საუბრები ფილოსოფიაზე

ოშო (Rajneesh) - სიყვარულის ძალა

სიყვარული კოლოსალურ ძალას ფლობს, მაგრამ ეს ძალა სრულიად სხვა სახისაა. ჩვენთვის ცნობილია სისასტიკის, აგრესიის ძალა, ჩვენთვის ცნობილია ცხოველური, დამნგრევი ძალა.

ამიტომ ვაგრძელებთ იმ ისტორიის წერას, რომელშიაც ფიგურირებენ ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგისხანი, თემურლენგი, ნადირშახი, ჰიტლერი, სტალინი და ა.შ. ეს ადამიანები გარკვეულ ძალას ფლობენ, მაგრამ ეს არის სისატიკის, აგრესიის, ნგრევის ძალა. იგი მიმართულია ღმერთის წინააღმდეგ, არსებობის წინააღმდეგ. ეს ადამიანები სინამდვილეში დამნაშავენი არიან.

აუცილებელია ისტორიის გადაწერა, ამ ადამიანების კი იქიდან ამოშლა, თითქოს ისინი იქ არასოდეს ყოფილან. არ ღირს მათი სახელებით ბავშვების მოწამვლა.

ისტორიაში უნდა იყვნენ გაუტამა ბუდა, იესო ქრისტე, ზარატუსტრა, კრიშნა, კაბირი, მირა ბაი, რაბია – სიყვარულის ადამიანები. ისინიც ფლობენ ძალას, მაგრამ ეს ძალა სრულიად სხვა სახისაა, იგი შემოქმედებითი ძალაა. ნგრევა ძალიან ადვილია. ეს შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, ნებისმიერ სულელს, ამისათვის გონება არ არის საჭირო. ხოლო შექმნისთვის მძლავრი ინტელექტია საჭირო. ამის უნარი მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც სილამაზეს, ჭეშმარიტებას, სიყვარულს გრძნობს.

შეკითხვა: შენ ნების ნიცშესეული კონცეფციის შესახებ ამბობდი. იგი დიამეტრულად საპირისპიროა ნების კონცეფციისა, რომელიც ნაცისტებმა დაამუშავეს მის საფუძველზე და რომელიც დღემდეა გავრცელებული დასავლეთში. ხომ არ განმარტავდი ამ განსხვავებას?

პასუხი: იყოს არასწორად გაგებული – გენიოსის ხვედრია. თუ გენიოსის სწორად ესმით, ეს ნიშნავს, რომ იგი არავითარი გენიოსი არ არის. თუ ადამიანის ესმით ფართო მასებს, ე.ი. ის ლაპარაკობს იმავე დონეზე, სადაც ჩვეულებრივი ადამიანების ინტელექტი იმყოფება.

ფრიდრიხ ნიცშე არასწორად იყო გაგებული, და ამ გაუგებრობამ საშინელი კატასტროფა მოიტანა. მაგრამ, შესაძლოა, ეს გარდაუვალი იყო. ისეთ ადამიანს რომ გაუგო, როგორიც ნიცშეა, უნდა გქონდეს მინიმუმ შეგნებულობის ასეთივე დონე, თუ უფრო მაღალი არა. ადოლფ ჰიტლერი იმდენად ჩამორჩენილი ადამიანია, რომ შეუძლებელია სერიოზულად ვიფიქროთ, თითქოს ნიცშეს იდეების გაგების უნარი აქვს. თუმცა ის მისი ფილოსოფიის აპოლოგეტიც გახდა. იგი თავისი ჩამორჩენილი გონების შესაბამისად ინტერპრეტირებდა ნიცშეს იდეებს – და არა მარტო ინტერპრეტირებდა, არამედ ამ ინტერპრეტაციების თანახმად მოქმედებდა, რისი შედეგიც მეორე მსოფლიო ომი გახდა.

როდესაც ნიცშე ძალაუფლების ნებაზე ამბობს, ეს არანაირ კავშირში არ არის ბატონობის ნებასთან. მაგრამ სწორედ ასეთი მნიშვნელობა ჩადეს მის სიტყვებში ნაცისტებმა.

ძალაუფლების ნება დიამეტრულად საპირისპიროა ბატონობის ნებისა. ბატონობის ნება ხდება არასრულფასოვნების კომპლექსისგან. ერთ ადამიანს ბატონობა უნდა დანარჩენებზე – უბრალოდ რომ თავის თავს დაუმტკიცოს, რომ ის მათზე უარესი კი არა, უკეთესია. მისთვის აუცილებელია მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არ არი, იცის, რომ ის უარესია; და იმისათვის, რომ ეს დაფაროს, საჭიროა ძალიან ბევრი მტკიცებულება.

ნამდვილად საუკეთესო ადამიანს არავითარი მტკიცებულებები არ სჭირდება: ის უბრალოდ საუკეთესოა, და მორჩა. განა ვარდი კამათობს თავის სილამაზეზე? განა მთვარე ცდილობს დამტკიცებას, რომ ის მშვენიერია? საუკეთესო ადამიანმა უბრალოდ იცის ამის შესახებ, და მტიცებულებების საჭიროება არ არის. ამიტომ მას არა აქვს ბატონობის ნება-სურვილი. მას გარკვეულად აქვს ძალაუფლების ნება-სურვილი, მაგრამ აქ ძალიან ფაქიზი ზღვრის გავლებაა საჭირო. მისი ძალაუფლების ნება ნიშნავს, რომ მას ზრდა და სრული თვითგამოხატვის მიღწევა სურს.

ამას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს სხვა ადამიანებთან; ერთადერთი რაც მას აფიქრებს, თვითონაა. მას უნდა, რომ აყვავებას მიაღწიოს; უნდა, რომ მის პოტენციალში დაფარული ყველა ყვავილი გაყვავდეს; უნდა, რომ რაც შეიძლება უფრო მაღლა ავიდეს ცაში. აქ საქმე შედარებაშიც კი არ არის, ის არ ცდილობს სხვებზე უფრო მაღლა ასვლას – უბრალოდ ცდილობს ისეთ სიმაღლეზე ასვლას, სადაც მისი პოტენციალი სრულად შეძლებდა გამომჟღავნებას.

ძალაუფლების ნება უაღრესად ინდივიდუალური მოვლენაა. მას უნდა, რომ მისი ცეკვა რაც შეიძლება უფრო მაღლა ავიდეს ცაში, ვარსკვლავებთან უნდა საუბარი, მაგრამ ის არ ცდილობს დამტკიცებას, რომ რომელიღაც ადამიანი უარესია. იგი არავის ეჯიბრება და არავისთან არავის შედარებას არ ახდენს.

ადოლფ ჰიტლერმა და მისმა მიმდევრებმა, ნაცისტებმა, მსოფლიოს ამდენი ზიანი იმიტომ მიაყენეს, რომ მსოფლიოს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ფრიდრიხ ნიცშე და მისი კონცეფციის ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაეგო. და არა მარტო ამ კონცეფციისა, არამედ სხვა დანარჩენისაც; ისინიც ასევე დაამახინჯეს.

ნიცშემდე ასეთი სამწუხარო ხვედრი არცერთ დიდ მისტიკოსს ან პოეტს არ რგებია. ჯვარზე გაკრულ ქრისტესაც კი ან მოწამლულ სოკრატეს იმაზე უკეთესი ბედი ჰქონდათ, ფრიდრიხ ნიცშეს რომ ერგო. მისი იდეები იმდენად დაამახინჯეს, რომ ჰიტლერმა ნიცშეს და მისი ფილოსოფიის სახელით რვა მილიონზე მეტი ადამიანი მოკლა. გაივლის რაღაც დრო… როცა ჰიტლერის, ნაცისტების და მეორე მსოფლიო ომის შესახებ დაავიწყდებათ, ნიცშე კვალავ წარსდგება ჭეშმარიტ შუქზე. ის უკვე ბრუნდება.

ამ დღეებში იაპონელმა სანიასინებმა მაცნობეს, რომ ჩემი წიგნები მათ ენაზე ყველაზე უფრო კარგად იყიდება, მეორე ადგილზე კი ფრიდრიხ ნიცშეა, მისი წიგნებიც კარგად იყიდება. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთივე ინფორმაცია სამხრეთ კორეიდან მოვიდა. შესაძლოა, ჩვენს წიგნებში ადამიანები რაღაც მსგავსს პოულობენ. მაგრამ აუცილებელია ფრიდრიხ ნიცშე გადაიხედოს, რომ მთელი იმ სისულელისგან, რაც ნაცისტებმა მის მშვენიერ ფილოსოფიას წამოჰკიდეს, არაფერი დარჩეს. მისთვის აუცილებელია განწმენდა, „ნათლობა“.

პატარა სემიმ გადაწყვიტა პაპისთვის დიდ მეცნიერზე, ალბერტ აინშტაინზე, და მის ფარდობითობის თეორიაზე მოეთხრო.

– რაში მდგომარეობს ეს თეორია? – თქვა პაპამ.

– მასწავლებელმა თქვა, რომ მისი გაგება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, – დაიწყო ახსნა ბიჭუნამ. – მაგრამ მან მოგვიყვა, რაშია მისი აზრი. აი რა არის ფარდობითობა: თუ მამაკაცი ლამაზი გოგონას გვერდით ზის, მაშინ მას საათი წუთად ეჩვენება, ხოლო თუ ცხელ ღუმელზე ზის, მაშინ მას წუთი საათად ეჩვენება. სულ ეს არის ფარდობითობის თეორია.

პაპამ თავი ნელა გააქნია და ჩუმად ჰკითხა:

– სემი, და ამით შოულობდა ფულს ცხოვრებისთვის შენი აინშტაინი?

ადამიანთა გაგება მათი საკუთარი შეცნობილობის დონეზეა დამოკიდებული. ნიცშე ნაცისტების მხედველობის არეში შემთხვევით მოხვდა. ისინი ომისთვის ეძებდნენ ფილოსოფიას, ნიცშე კი სწორედ მეომრის სილამაზეს აქებდა. მათ სჭირდებოდათ ის იდეა, რისთვისაც შეიძლებოდა ბრძოლა, და ნიცშეს მშვენიერი ვარიანტი აღმოაჩნდა: ზეადამიანი. რა თქმა უნდა, ზეადამიანის იდეას მაშინვე სტაცეს ხელი.

ჩრდილოგერმანელი არიელები უნდა გამხდარიყვნენ ახალი, ნიცშესეული რასა – ზეადამიანთა რასა. მათ მსოფლიოს დაპყრობა უნდოდათ, და ნიცშე ძალიან დროულად გამოჩნდა: ის ხომ ამბობდა, რომ ადამიანის ყველაზე უფრო ღრმა სურვილს წარმოადგენს ძალაუფლების ნება. მათ ის ბატონობის ნებით შეცვალეს.

ახლა მათ ჰქონდათ მთელი ფილოსოფია: ჩრდილოგერმანელი არიელები უმაღლეს რასას წარმოადგენენ, რამდენადაც ისინი ზეადამიანს წარმოშობენ. მათ აქვთ ძალაუფლების ნება, და ისინი მთელ მსოფლიოს მიიტაცებენ. ასეთია მათი ბედი: ადამიანთა დაბალ არსებებზე ბატონობა. როგორც ჩანს, ისინი უბრალო ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ: უმაღლესმა არსებებმა დაბალი არსებები უნდა მართონ. ეს მშვენიერი კონცეფციები… ნიცშეს ვერც კი წარმოედგინა, რომ ისინი ისეთი სახიფათო გახდება, რომ მთელი კაცობრიობისთვის კოშმარად იქცევა. მაგრამ არასწორი გაგება გარდაუვალია, ამას ვერაფერს უზამ.

ლოთი გაჭირვებით ავიდა ავტობუსის საფეხურებზე და ბარბაცით ავტობუსის სალონში შევიდა. მას ვისკის, სიგარის და იაფფასიანი ოდეკალონის სუნი ასდიოდა. ის კათოლიკი მღვდლის გვერდით დაეგდო. მან დიდხანს უყურა აღშფოთებულ მეზობელს და ბოლოს თქვა:

– მამაო, თქვენთან კითხვა მაქვს. რისგან ჩნდება ართრიტი?

მღვდლის პასუხი ცივი და მოკლე იყო:

– ცხოვრების ამორალური სახისგან, – თქვა მან, – როცა ადამიანი ბევრს სვამს, ეწევა და მეძავ ქალებთან დაიარება.

– დალახვროს ეშმაკმა! – წამოიძახა ლოთმა.

რაღაც დროით ისინი სიჩუმეში მიემგზავრებოდნენ. მაგრამ მერე მღვდელს შერცხვა, რომ ის ასე ცივად მოექცა ადამიანს, რომელსაც ცხადად სჭირდება ქრისტიანული თანაგრძნობა. და უთხრა მას:

– მაპატიეთ, შვილო ჩემო. მეტისმეტად უხეშად მოგეპყარით. მითხარით, დიდხანს გაწუხებთ ართრიტი, ეს საშინელი დაავადება?

– მე მაწუხებს? – გაუკვირდა ლოთს. უბრალოდ გაზეთში წავიკითხე, რომ რომის პაპია ამით დაავადებული.

და რა უნდა ქნა აქ? როგორც კი რაღაც წარმოთქვი, შემდეგ ყველაფერი უკვე დამოკიდებულია სხვა ადამიანზე და იმაზე, როგორ ინტერპრეტირებს ამას იგი.

თუმცა ნიცშეს მნიშვნელოვნობა იმდენად დიდია, რომ აუცილებელია მისი იდეების ნაგვისგან გაწმენდა, რომელიც მათ ნაცისტებმა მიაყარეს. ყველაზე უფრო უცნაური კი ის არის, რომ ნიცშე არასწორად გაიგეს არა მარტო ნაცისტებმა, არამედ მთელი მსოფლიოს ფილოსოფოსებმაც. სავარაუდოდ, ის იმდენად მძლავრი გენიოსი იყო, რომ ყველა ე.წ. დიდი მოაზროვნე უუნარო აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის გაეგო.

მან ფილოსოფიის სამყაროში იმდენი გენიალური იდეა შეიტანა, რომ ერთი იდეაც კი საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მისი აღიარებისათვის. მას კი ეს იდეები ათობით აქვს – და ყველა ორიგინალურია, უნიკალურია; სხვას არავის ასეთი რამ არ მოუფიქრებია. ნიცშეს იდეები რომ არ დაემახინჯებინათ, ის გარკვეულად შეძლებდა საჭირო პირობების, ნოყიერი ნიადაგის შექმნას ზეადამიანის გამოვლენისთვის. მას შეუძლია კაცობრიობის ტრანსფორმაციას დაეხმაროს.

მე უსაზღვროდ პატივს ვცემ ამ ადმიანს, და ძალიან ვწუხვარ, რომ ის არასწორად გაიგეს – ამასთან არა უბრალოდ არასწორად გაიგეს, არამედ საერთოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა ის გიჟად გამოაცხადეს. მისი გონების განათება ჩვეულებრივი გონებებისგან იმდენად შორს იყო, რომ მათ უდიდესი სიხარულით გამოაცხადეს ის გადარეულად: „თუ გიჟი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტისმეტად ჩვეულებრივები ვართ“. ის ნამდვილად გიჟია, ნამდვილად უნდა მოთავსდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

პირადად მე მგონია, რომ ის არასოდეს ყოფილა გიჟი. მან უბრალოდ ძალიან გაუსწრო თავის დროს, იგი მეტისმეტად გულღია და გულმართალი იყო. ნიცშე სწორედ იმას ამბობდა, რასაც გრძნობდა, არ აფიქრებდა პოლიტიკოსები, მღვდლები და სხვა პიგმეები. მაგრამ ეს პიგმეები ასე ბევრია, ის კი მარტოა – მათ მოსმენაც კი არ სურდათ იმის შესახებ, რომ ის ჯანმრთელია. იმის მტკიცებულებას, რომ ის ჭკუიდან არ შეშლილა, მისი ბოლო წიგნი წარმოადგენს, რომელიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწერა. თუმცა პირველი ვარ, ვინც ამბობს, რომ ის არ იყო გიჟი.

ვფიქრობ, მთელი ჩვენი მსოფლიო იმდენად ეშმაკია, იმდენად დამოკიდებულია პოლიტიკაზე, რომ ადამიანები მხოლოდ იმას ამბობენ, რაც მათთვის საჭირო რეპუტაციას შექმნის, ბრბოს აპლოდისმენტებს გამოიწვევს. თქვენი დიდი მოაზროვნეებიც კი არცთუ ისე დიდები არიან.

წიგნი, რომელიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწერა, წარმოადგენს მის უდიდეს ნაშრომს, აგრეთვე მისი სულიერი ჯანმრთელობის აბსოლუტურ მტკიცებულებას, იმიტომ რომ გიჟი ასეთს ვერ დაწერდა. მისი ბოლო წიგნია „ძალაუფლების ნება“. იგი ვერ მოესწრო მის გამოქვეყნებას, ვინ დაბეჭდავს გიჟის წიგნს? მან მრავალ გამომცემლობას აუტალახა კარი, მაგრამ მას ყველგან უარს ეუბნებოდნენ – ახლა კი ყველა თანხმდება, რომ ეს მისი უდიდესი ნაშრომია. ნიცშეს სკვდილის შემდეგ მისმა დამ გაყიდა სახლი და სხვა ქონება, რომ ეს წიგნი გამოეცა – ასეთი იყო ნიცშეს უკანასკნელი სურვილი. მაგრამ ის წიგნის გამოსვლას ვერ მოესწრო.

იყო თუ არა ის გადარეული? თუ ჩვენ ვცხოვრობთ გადარეულ სამყაროში? თუ გადარეულს შეეძლო ისეთი წიგნის დაწერა, როგორიცაა „ძალაუფლების ნება“, მაშინ გადარეულად ყოფნა ჯობია, ვიდრე ნორმალურად, რონალდ რეიგანის მსგავსად, რომელიც ბირთვულ იარაღს ზრდის. ბირთვული იარაღის შექმნაზე დღედაღამ ათასობით ადამიანი შრომობს. ამ ადამიანს თქვენ ნორმალურს უწოდებთ, ფრიდრიხ ნიცშეს კი – გადარეულს?

© ოშო (Rajneesh) / სიყვარულის ძალა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *