რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საინტერესო

პანამის არხი: მსოფლიოს უდიდესი სანაოსნო გზა

პანამის არხი - Panama Canal

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების დამაკავშირებელ ვიწრო ზოლს 82 კილომეტრის სიგრძის პანამის სანაოსნო არხი ჭრის და ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან აერთებს. პანამის არხი უდავოდ უდიდესი და უძვირესი სამშენებლო პროექტია, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. არხი ოფიციალურად 1914 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა, როცა იქ ორთქლმავალმა „ანკონმა“ გაიარა. მისი მშენებლობა 639 მლნ აშშ დოლარი დაჯდა და მშენებლობისას 30 000 მუშა დაიღუპა.

ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი არხის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ევროპელებმა ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინეს. ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირომდე მისაღწევად და იქედან აზიის პორტებამდე გასამგზავრებლად გემებს კონტინენტის სამხრეთ კიდეში, ჰორნის კონცხის შემოვლა სჭირდებოდათ.

ამერიკის ორი კონტინეტის დამაკავშირებელი შედარებით ვიწრო ზოლის გაჭრა იდეალურ გამოსავლად მიიჩნიეს. 1534 წელს ესპანეთის მეფე კარლოს V-მ გამოკვლევის ჩატარების ბრძანება გასცა, რათა დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი რამის გაკეთება. არხის პირველი დეტალური გეგმა XVIII საუკუნის მიწურულს შეიმუშავა ესპანეთის ფლოტის საზღვაო ოფიცერმა, წარმოშობით იტალიელმა ალესანდრო მალასპინამ.

არხის გაყვანა პირველად ფრანგებმა სცადეს კოლუმბიის მთავრობის ნებართვით, რომელიც იმ დროს ამ ტერიტორიას აკონტროლებდა. 1880 წლის 1 იანვარს ზღვის დონეზე გაჭრილ არხზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თითქმის მაშინვე პრობლემები შეიქმნა. ინჟინრებს ტერიტორია წესიერად არ გამოუკვლევიათ და მუშებში მალარიისა და ყვითელი ციებ-ცხელების ეპიდემია გავრცელდა. 1893 წელს 20 000 ადამიანის დაღუპვისა და მცირეოდენი პროგრესის შემდეგ ფრანგებმა პროექტის განხორციელებაზე უარი თქვეს.

სამშენებლო სამუშაოები 1904 წლის 4 მაისს განახლდა. აშშ-ის მთავრობამ 40 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა საფრანგეთს სამშენებლო აღჭურვილობისა და უკვე ჩატარებული სამუშაოების სანაცვლოდ. ფრანგებისაგან განსხვავებით, ამერიკელებმა არხს რაბები და დამბები დაამატეს. მუშებს წესიერი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს და მრავალი ღონისძიება გაატარეს იმ საშიში დაავადებების წინააღმდეგ, რომლებმაც ფრანგებს შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, სანამ 1914 წელს არხის მშენებლობა დასრულდებოდა, 6000 მუშა მაინც დაიღუპა.

ხელოვნური ტბებისა და სამი რაბის ჩათვლით პანამის არხი მსოფლიოს უდიდესი სანაოსნო გზაა, რომელიც ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე გზას თითქმის 12 900 კილომეტრით ამცირებს. ყოველწლიურად არხში დაახლოებით 15 000 გემი გადის და რვა-ათსაათიანი მგზავრობის სანაცვლოდ 54 000 აშშ დოლარს იხდის.

პანამის არხი - Panama Canal - რუკა
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა