რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ფანდის ყურე: გაისეირნება ზღვის ფსკერზე

ფანდის ყურე

ფანდის ყურეს მრავალმხრივ შეიძლება ბუნებრივი საგანძური ეწოდოს. ტალღებისაგან გადარეცხილი ფანტასტიკური სილამაზის ქვებით შემოსაზღვრულ ამ ყურეში ბინადრობენ დელფინები, ზღვის ღორები, რვა სახეობის ვეშაპი და მრავალი ჯიშის ზღვის ფრინველი. ის განთქმულია ბუნებრივი სილამაზითა და სიცოცხლის ფორმების ნაირფეროვნებით. მიქცევისას ტურისტები სანაპიროზე უძველეს ნამარხებს, ნახევრად ძვირფას ქვებსა და დინოზავრის ძვლებსაც კი პოულობენ.

ფანდის ყურე მეინის უბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კანადურ პროვინციებს – ახალ შოტლანდიასა და ნიუ-ბრანსუიკს შორის მდებარეობს და განთქმულია მოქცევებით. დღეში ორჯერ ყურეში თითქმის მილიარდი ტონა წყალი შეედინება და ზღვის დონე 16,75 მეტრით იმატებს. ეს თითქმის ოთხსართულიანი შენობის სიმაღლეა და ამ მონაცემით ფანდის ყურე მხოლოდ კვებეკში მდებარე უნგავასა და დიდ ბრიტანეთში მდებარე სევერნის ყურეებს ჩამოუვარდება.

მიქცევისას მნახველებს საშუალება ეძლევათ ფეხით გაისეირნონ ზღვის ფსკერზე, რომელიც ოთხი საათის წინ წყლოთ იყო დაფარული. მოქცევისას წყლის დონის მომატების გამო მდინარე სენტ-ჯონი საპირისპირო მიმართულებით მიედინება. გადარეცხილი კლდეებისა და სანაპიროს გარდა, ფანდის ყურე კანადის ულამაზესი ხედებითაც იწონებს თავს.

ზღვის ძლიერმა მიმოქცევამ ყურის სანაპირო ზოლი მოხდენილად გამოაქანდაკა. შედეგად ყურეს გადარეცხილი, გამოფიტული ლოდები და კლდეები ამშვენებს. ყველაზე პოპულარული სანახაობა ნიუ-ბრაუნსკის პროვინციის პარკში მდებარე ჰოუპუელის კლდეებია. მათ მეორენაირად „ქოთნის კლდეებსაც“ უწოდებენ. მოქცევისას ეს კლდეები პატარ-პატარა კუნძულებს ემსგავსება, მიქცევისას კი მათი გადარეცხილი საძირკვლებიც ჩნდება და ამ სვეტებს წყლიდან გამორიყული ყვავილების შესახედაობას აძლევს.

ზოგან ზღვის მიმოქცევამ ყავისფერი ბაზალტის კლდეებს ექსცენტრიული ფორმები მისცა. მაგალითად, „გაწონასწორებული კლდე“, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ქვის გრძელი სვეტია, რომელიც მეორე კლდის წვერზე დგას. მიქცევისას ფანდის ყურის სანაპირო ნამარხების საძიებლად საუკეთესო ადგილია. „ჯოგინსის ნამარხების ცენტრი“ აქ აღმოჩენილი 300 მილიონი წლის წინანდელი ნამარხების კოლექციით იწონებს თავს.

ყურეს ამშვენებს მეთევზეთა ძველისძველი სოფლები და ისტორიული შენობები, მათ შორის, გრინ-პოინტის შუქურა. ყურის მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტი თავად ყურესავით მშვენიერია. ლაშქრობა და კაიაკინგი (პატარა, ერთკაციანი ნავებით – კაიაკებით ცურვა) პოპულარული გასართობებია. ტურისტებს შეუძლიათ საკრუიზო გემებს ადევნებული ვეშაპების ცქერით დატკბენ. ყურის წყალი ნოყიერია და ვეშაპების მრავალ სახეობას იზიდავს, მაგალითად, ფინვალს, კუზიან ვეშაპსა და ზოლიან ვეშაპს.

ტეგები: ყურე, საინტერესო, კანადა, მოქცევა, მიქცევა, ბუნება, ფლორა, ფაუნა, შუქურა, გრინ-პოინტი, კაიაკი, ნამარხი, ნამარხები, ვეშაპები, ვეშაპი, კლდე, კლდეები, ვიდეო

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *