რას ეძებ?

ბიოგრაფია საზოგადოება საქართველო

პავლე ინგოროყვა / დიდი ქართველი მამულიშვილი

პავლე ინგოროყვა / დიდი ქართველი მამულიშვილი

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ლიტრატურათმცოდნე და რუსთველოლოგი პავლე ინგოროყვა დაიბადა 1893 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ფოთში. 1912 გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყო სწავლა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი პირველი სტატიები ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად 1914 წელს გამოჩნდა. იყო „საქართველოს მწერალთა კავშირის“ წევრი დღიდან მისი დაარსებისა. 

პავლე ინგოროყვა ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიითა და შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურით; შესაბამისად, ადრეული ხანის ქართული მწერლობის საფუძვლიან შესწავლას ახალგაზრდობიდანვე შეუდგა. პირველი ნაშრომი – „ძველი ქართული სასულიერო პოეზია“ – 1913 წელს გამოაქვეყნა. 1916 წელს გამოსცა თამარ მეფის „გალობანი ვარძიისანი“. მისი სტატიები, 1923 წლამდე, აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი „კავკასიონი“, რომელიც 1925 წელს აკრძალეს. რამოდენიმე წელიწადში, 1928 წელს, მისი ინიციატივით გამომცემლობა „ქართული წიგნი“ დაფუძნდა.

„ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია ეს არის არა გარეგანი ფაქტები ჩემი ცხოვრებისა, არამედ ის წიგნები, რომლებიც დავწერე“- წერდა დიდი მამულიშვილი. წიგნები კი მართლაც უხვად დაგვიტოვა.

თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შოთა რუსთაველსა და „ვეფხისტყაოსანს“ დაუთმო, რის შედეგადაც არაერთი ნაშრომი შექმნა, მათ შორის: „რუსთაველიანა“(1926), „რუსთაველიანაზე“ (1927), „რუსთაველი და მისი პოემა“ (1937), „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა“ (1940-1941), „შოთა რუსთაველი“ (1937); მისი რედაქტორობით ორჯერ (1953 და 1970 წლები) გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტი.

„გიორგი მერჩულე“ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია, რომელზეც მკვლევარი თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუშაობდა. ამ კვლევისას აღმოაჩინა რიტმული პოეზიის ნიმუშები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. მოიძია 31 ჰიმნი და 1200-ამდე საგალობელი.

1975 წელს გამოსცა ნაშრომი „ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი“ – მონოგრაფიები ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელზე. მასვე ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის შესახებ, რამაც ავტორს ბევრი დაბრკოლება შეუქმნა. პავლე ინგოროყვა 1919 წელს თურქეთთან მოლაპარაკების დროს გახლდათ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დელეგაციის წევრი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საზღვრების დაცვის თვალსაზრისით.

საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელმა მკვლევარმა სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით გააგრძელა თავისი მეცნიერული და მამულიშვილური საქმიანობა. პავლე ინგოროყვა 1983 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

„ძმავ, ინგოროყუ, პოეტო ადრე და მერე დარდო წარსულ დიდების“- დაუწერა პაოლო იაშვილმა. მურმან ლებანიძემ კი ასე მიმართა: „საქართველოსთვის შენ ხარ ძელქვის ღვარჭნილი ფესვი“. ინგოროყვასეული „დარდი“ მარად აცოცხლებს იმ „ძელქვას“ – საქართველოს.

პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა 1983 წლის 20 ნოემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა