რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

პეტრა – ანტიკური სამყაროს სავაჭრო ცენტრი

პეტრა (Petra) - ანტიკური სამყაროს სავაჭრო ცენტრი (იორდანია)

პეტრა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი არქეოლოგიური ღირშესანიშნაობაა. ქალაქი, რომელთანაც მხოლოდ ვიწრო ხეობით მიისვლებოდა, ანტიკური სამყაროს სავაჭრო ცენტრი იყო და არსებობის 2000 წლის მანძილზე მისმა არქიტექტურამ აქ მცხოვრები მრავალი ცივილიზაციის სტილი და ტრადიციები შეითვისა. მისი გრანდიოზული შენობები – დიდი ეკლესიები, აკლდამები, მონუმენტები, სამსხვერპლოები, გალერეები – იორდანიის მთა ჰორის ხეობის კალთაზე წითელ კლდეშია გამოთლილი და იმხელაა, რომ მის წინაშე ადამიანი ჯუჯად გამოჩნდება.

არაბეთის, ეგვიპტისა და სირია-ფინიკიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქის პირველი მოსახლეები ალბათ ციცაბო კლდეებმა და ვიწრო ხეობამ მიიზიდა, სადაც მტრისაგან თავდაცვას შეძლებდნენ და მდინარის სასმელი წყლითაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ ამ გვალვიან რეგიონში. ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ პეტრა უკვე განვითარებული ქალაქი იყო, როცა ძვ.წ. დაახლოებით 1500 წელს პირველად მოიხსენიეს ეგვიპტურ სამხედრო წყაროებში.

ძვ.წ. VI საუკუნეში ქალაქს ნაბატეველები აკონტროლებდნენ, ვაჭრები, რომლებსაც დოკუმენტური წყაროები არ დაუტოვებიათ, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ადვილად ითვისებდნენ ვაჭრების მიერ შემოტანილ განსხვავებულ ტრადიციებსა და კულტურას. პეტრა სწორედ ნაბატეველებმა ააყვავეს. ისინი უდაბნოშ იყვნენ გამოზრდილები და წყლის შეგროვება-შენახვაში გაწაფულები. შექმნეს წყალსადენები, კაშხლები და რეზერვუარების სისტემა, რომლითაც იშვიათი წყალდიდობებისას წყალს აგროვებდნენ და ამ წყლით ხანგრძლივი გვალვიანობის პერიოდში სარგებლობდნენ. ძვ.წ. I საუკუნეში პეტრას უდაბნოს ოაზისის სახელი ჰქონდა, სადაც მექარავნეები და ვაჭრები დასასვენებლად ჩერდებოდნენ.

პეტრა (petra) - ანტიკური სამყაროს სავაჭრო ცენტრი

საუკუნეების მანძილზე ქალაქი თანდათან გაიზარდა. მისი მდიდარი მოქალაქეები მშობლიური კლდიდან თვალისმომჭრელ ქანდაკებებსა და ნაგებობებს თლიდნენ. სხვადასხვა პერიოდში ქალაქში სხვადასხვა არქიტექტურული სტილი ბატონობდა; მარტივი ნაბატევური მიდგომები ჯერ -ეგვიპტურმა, მერე ბერძნულმა და რომაულმა სტილებმა შეცვალა. IV საუკუნის მიწურულს ქალაქი თანდათან გაღარიბდა, რადგან ვაჭრებმა სანაოსნო მოგზაურობა ირჩიეს. 383 წელს კი პეტრას მიწისძვრა დაატყდა თავს, რამაც მისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი წყალმომარაგების სისტემა დააზიანა. ქალაქი თანდათან გაუკაცრიელდა.

1812 წელს ევროპელებმა პეტრა ხელახლა აღმოაჩნეს და მას შემდეგ ქალაქი პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა. 1985 წელს პეტრა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა, ხოლო 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებად აღიარეს. მის შენობათაგან ყველაზე ცნობილი პეტრას კლასიკური ნაგებობებია. პეტრას ხაზინის (ელ-ხაზნე, როგორც ადგილობრივები უწოდებენ) სიმეტრიული კვარცხლბეკი და სვეტები ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმშია გადაღებული, როგორიცაა „ინდიანა ჯონსი და ბოლო ჯვაროსნული ლაშქრობა“.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა