პეტრონასის ტყუპი კოშკები – მალაიზია
1998 წელს დასრულებული პეტრონასის ტყუპი კოშკები 2004 წელს „ტაიპეი 101“-ის აშენებამდე მსოფლიოს უმაღლესი შენობები იყო. 451,9 მ სიმაღლის ქიმებიანი და 170 მ სიმაღლეზე დახურული ხიდით დაკავშირებული მოხდენილი კოშკები მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურს ამშვენებს. მათი ცნობა ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან იოლია.
კოშკების დაპროექტებას სეზარ პელი და არგენტინელი არქიტექტორი, ჯეი კერიკო სელმძღვანელობდნენ. პელიმ, რომელსაც „ამერიკელ არქიტექტორთა ინსტიტუტი“ ათ გავლენიან ამერიკელ აქიტექტორთა შორის ასახელებს, კოშკების დიზაინი ისლამური ხელოვნებისა და ქვეყნის ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩია. მოგვიანებით დაპროექტების პროცესზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვცადე, მალაიზიის ძირითადი არსი, მისი მდიდარი კულტურა და მომავლის არაჩვეულებრივი ხედვა გადმომეცა. კოშკები ტრადიციებშია ფესვგადგმული და მალაიზიის ამბიციებსა და მისწრაფებებს გამოხატავს“.
კოშკები უღრმეს (115 მ) კლდოვან საფუძველზე დგას, თითოეული რკინა-ბეტონისგან აგებული 88 სართულისგან შედგება, რომლებსაც 29 სწრაფმავალი ლიფტი და 765 კიბის მალი ემსახურება. რაც უფრო მაღლდება კოშკი, თანდათან ვიწროვდება და კლასიკური „ქიმის“ ეფექტს ქმნის, რაც ასევე ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის გამოძახილია. ორივე კოშკს 73.5 მ სიმაღლის ქიმი ამშვენებს, რომლებსაც მეჩეთის მინარეთების ფორმა აქვთ.
41-ე და 42-ე სართულზე კოშკების სტუმრებს ერთი კოშკიდან მეორეში ორდონიანი დახურული ხიდით გადასვლა შეუძლიათ. ხიდი კოშკის რხევასთან ერთად ოდნავ სრიალებს და აქეთ-იქით იწევა. კოშკები 83500 მ2 უჭანგავი ფოლადითა და 55000 მ2 ლამინირებული შუშით არის მოპირკეთებული, რაც ღამ-ღამობით განათებულ ფასადს თვალისმომჭრელად ალაპლაპებს.
უახლესი საინჟინრო მეთოდებით აგებული ბრწყივალე დიზაინის ტყუპი კოშკები მსოფლიოს უმაღლესი შენობები აღარაა, მაგრამ დღესაც რჩება კუალა-ლუმპურის სიმბოლოდ და მალაიზიელი ხალხის სიამაყედ.