რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

პონ-დიუ-გარი – რომაული აკვედუკი

პონ-დიუ-გარი - რომაული აკვედუკი

პონ-დიუ-გარი, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის 50-კილომეტრიანი წყალსადენი სისტემის ნაწილია, რომაული არქიტექტურული და სამშენებლო ტექნიკის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება I საუკუნის შუა წლებით თარიღდება, თითქმის 20 საუკუნის შემდეგაც დაუზიანებლად დგას და დღესაც ეტყობა მისი ხელმარჯვე ოსტატების მიერ ქვაზე ამოკვეთილი გრაფიტები და ნიშნები.

სამხრეთ საფრანგეთში, გარის დეპარტამენტში, რემუნალის კომუნაში მდებარე პონ-დიუ-გარი იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ქალაქ ნიმს წყლით ამარაგებდა. ქალაქში 20000 ადამიანი ცხოვრობდა და წყლის ადგილობრივი რესურსები არ იყო საკმარისი. ამის მოსაგვარებლად რომაელებმა, როგორც სჩვეოდათ, თამამი ნაბიჯი გადადგეს: ააგეს აკვედუკი, რომელიც შორეული ფონტენ დ`იურის წყაროებიდან მოიტანდა წყალს სამხრეთში.

მართალია, პონ-დიუ-გარი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი მონაკვეთია, მაგრამ მთლიანად აკვედუკიც გასაოცარი მიღწევაა. მის არხებში, მილებსა და ხიდებში წყალი გლუვ ქანობზე გრავიტაციის ძალით მიედინება. თხუთმეტწლიანი მშენებლობის შემდეგ დასრულებულმა აკვედუკმა ნემაუზუსის მოქალაქეებს არა მხოლოდ სასმელად სამყოფი წყალი მიაწოდა, არამენ ორნამენტული შადრევანებისა და აბანოების მოწყობის საშუალებაც მისცა.

პონ-დიუ-გარი ლამაზი აქრიტექტურული ნაგებობაა. მის სამ იარუსს კოხტა ტარები ამშვენებს. უმაღლესი იარუსი, რომელზეც წყლის ნაკადი მიედინება, მდინარე გარდონის ხეობაში 49 მეტრის სიმაღლეზე 275 მეტრზეა გადაჭიმული. ქვედა იარუსზე გზაა. ხიდი კირხსნარის გარეშე აშენდა. კალატოზებმა სკურპულოზურად გამოთალეს ქვები, რომ ხარაჩოებზე მდგარ მუშებს ჯალამბრის საშუალებით ერთი მეორეზე დაესვათ. პონ-დიუ-გარის ქვებს დღემდე ამჩნევია გამოყენებული სამშენებლო მეთოდების კვალი, ზოგან მუშებისათვის მითითებები პირდაპირ ქვაზეა ამოკვეთილი.

აკვედუკით სარგებლობა IX საუკუნეში შეწყვიტეს, თუმცა, XVIII საუკუნემდე პონ-დიუ-გარს ხიდად იყენებდნენ. იმ დროისთვის ის ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა და მომდევნო საუკუნეში რამდენჯერმე რესტავრაცია ჩაუტარდა. ამჟამად პონ-დიუ-გარი სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება, ხოლო 1985 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა