რას ეძებ?

საინტერესო სხვა

პროკრუსტეს სარეცელი

პროკრუსტეს სარეცელი

ძველ საბერძნეთში, ერთ ტყიან-ველიან ადგილას ბინადრობდა ვინმე ყაჩაღი დამასტე, განთქმული იყო ვერაგობითა და სისასტიკით. მისი შიშით იმ არემარეზე ჭიანჭველა ვერ გივლიდა და ფრინველი ვერ გადაიფრენდა. თუ ვინმეს მის სათარეშოში მიუსწრებდა, – აქ ფეხის დადგმა როგორ გაბედეო, – სტაცებდა ხელს და დასასჯელად მიჰყავდა.

სასჯელი კი გაუგონარი იყო. ერთი საწოლი ჰქონდა. ყველას, მის საბრძანებელში მოხვედრილს, აიძულებდა ზედ დაწოლილიყო. თუ საწოლი უფრო გრძელი აღმოჩნდებოდა, თავის მსხვერპლს მანამდე ჭიმავდა, ვიდრე ფეხებით საწოლის კიდეს არ გაუსწორდებოდა, ამიტომ პროკრუსტეს – “გამჭიმავს” – ეძახდნენ, ხოლო თუ საწოლი მოკლე გამოდგებოდა, უბედურს ფეხებს მის ზომაზე აჭრიდა.

ერთხელ გმირი თესევსი მოხვდა პროკრუსტეს სათარეშოში. ყაჩაღმა მისი წამებაც მოინდომა, მაგრამ ღონიერმა თესევსმა შეიპყრო, თავისსავე სარეცელზე დააგდო – ცხადია, ბუმბერაზ დამასტეზე მოკლე იყო საწოლი – და იმგვარადვე ამოხადა სული, როგორც ის კლავდა უდანაშაულო მგზავრებს.

მას შემდეგ პროკრუსტეს სარეცელს უწოდებენ ისეთ ყალიბს, დადგენილ შაბლონს, ნორმას, რომელშიც ძალით ჩაჭედავენ ხოლმე ამა თუ იმ აზრს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა