ზიგმუნდ ფროიდი / ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია
სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ იმ უღირსთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელთა თანდასწრებით სულები წყვეტენ საკუთარ მოქმედებას, ზეგრძნობითი კი უჩინარდება, ასე რომ, მე არასოდეს მქონია შემთხვევა პირადად განმეცადა ისეთი რამ, რაც სასწაულის რწმენის საბაბს მომცემდა. ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია წინათგრძნობა და უბედურებაც გადამხდენია თავს, მაგრამ ეს ორი ერთმანეთს თავს არიდებდა: წინათგრძნობას არაფერი მოჰყოლია, ხოლო უბედურება გაფრთხილების გარეშე მეწვეოდა.
როდესაც ახალგაზრდობის წლებში უცხო ქალაქში ვცხოვრობდი, არაერთხელ გამიგონია, რომ ჩემთვის ძვირფასი ხმა, რომელიც არ შეიძლებოდა არ მეცნო, უეცრად სახელით მომმართავდა. მე ვინიშნავდი ამ ჰალუცინაციის მომენტს, რათა შემდეგ ნათესავებისთვის მეკითხა, რა მოხდა იმ დროს. არაფერი ხდებოდა. სანაცვლოდ შემდგომში მე სრულიად მშვიდად ვიყავი, ისე, რომ არაფერს ვგრძნობდი და ავადმყოფებით გახლდით დაკავებული, როდესაც ჩემი საყვარელი შვილი კინაღამ სისხლდენით დაიღუპა. იმ წინათგრნობათა რიცხვიდანაც, რომელთა შესახებ ჩემი პაციენტები მიამბობდნენ, არცერთი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო რეალურ ფენომენად.
წინასწარმეტყველური სიზმრების რწმენა მრავალ მიმდევარს ითვლის, რადგან მის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ მრავალი რამ შემდგომში ისე ხდება, როგორც მის კონსტრუირებას ახდენდა სურვილი სიზმარში. მაგრამ ამაში ცოტაა გასაკვირი, ჩვეულებრივ კი სიზმარსა და იმას შორის, რაც ცხადში ახდა, მრავალი ღრმა განსხვავების პოვნა შეიძლება, რასაც ხალისით ვერ ამჩნევ სიზმრისადმი ნდობიდან გამომდინარე.
წინასწარმეტყველური სიზმრის შესანიშნავი მაგალითის ანალიზის შესაძლებლობა შემომთავაზა ერთმა ფრიად ინტელიგენტმა და გულმართალმა ქალბატონმა. მისი სიტყვებით, მას ერთხელ ესიზმრა, რომ წარსულის მეგობარსა და ექიმს შეხვდა ფარდულთან ამა და ამ ქუჩაზე. როდესაც მომდევნო დილას იგი ქალაქის იმ ნაწილისკენ გაემართა, მართლაც შეხვდა ამ ადამიანს სიზმარში ნანახ ადგილას. აღსანიშნავია, რომ ამას არანაირი მოვლენა არ მოჰყოლია, ასე რომ შემდგომში მისთვის საკმარისი საფუძვლის გამოძებნა შეუძლებელი იყო.
დაწვრილებითი გამოკითხვის გზით მე დავადგინე, რომ არ არსებობდა იმის მტკიცებულება, ამ ქალბატონს სიზმარი იმ ღამის მომდევნო დილას, ანუ უშუალოდ სეირნობის წინ გაეხსენებინა. მან ვერაფერი დაუპირისპირა საქმის ასე წარმოდგენას, რაც მისგან ყოველივე სასწაულებრივს აღმოფხვრის და მხოლოდ საინტერესო ფსიქოლოგიურ პრობლემას ტოვებს: ერთ დილას იგი ამა და ამ ქუჩას მიუყვებოდა, ერთი ფარდულის წინ ძველ ნაცნობ ექიმს შეხვდა და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სიზმრად სწორედ ეს შეხვედრა იხილა ზუსტად ამ ადგილას. ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლები ალბათობით დაგვედგინა, როგორ მივიდა იგი ასეთ შეხედულებამდე, რაც, თუ ზოგადად ვიტყვით, არ შეიძლება გარკვული ხარისხით დამაჯერებლად არ მივიჩნიოთ. წინასწარი მოლოდინის შემდეგ განსაზღვრულ ადგილას შეხვედრა პაემანის ყველა ნიშანს ატარებს.
ოჯახის ძველმა ექიმმა მასში გააცოცხლა მოგონებები წარსული დროის შესახებ, როდესაც შეხვედრები მესამე პირთან, რომელიც ამ ექიმთანაც მეგობრობდა, მისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო. ამ ადამიანთან ჩვენი ქალბატონი შემდგომში ურთიერთობას ინარჩუნებდა და მოჩვენებით სიზმრამდე ფუჭად ელოდა მას. უფრო დაწვრილებით რომ შემძლებოდა საქმესთან დაკავშირებული ურთიერთობების გადმოცემა, რთული არ იქნებოდა იმის ჩვენება, რომ წინასწარმეტყველური სიზმრის ილუზია წარსულის მეგობრის ხილვისას ტოლფასი იქნებოდა შემდეგი განცხადებისა: „ოჰ, ბატონო ექიმო, თქვენ მე წარსული დღეები გამახსენეთ, როდესაც მე, ვუნიშნავდი რა პაემანს N-ს, არასოდეს მიწევდა მისი ლოდინი“.
მარტივი და იოლად განმარტებადი მაგალითი იმ „საოცარი დამთხვევისა“, რომელსაც ადგილი აქვს, როდესაც ხვდები ადამიანს, რომლის შესახებ ეს-ესაა ფიქრობდი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და, ალბათ, ეს მაგალითი ანალოგიური შემთხვევებისთვისაა დამახასიათებელი. რამდენიმე დღის შემდეგ პროფესორის ხარისხის მიღებიდან, რაც მონარქიულ ქვეყნებში ადამიანს უზომო ავტორიტეტს ანიჭებს, ვსეირნობდი რა ქალაქის შიდა ნაწილში, ჩემი აზრები უეცრად ბავშვური ფანტაზიის გარშემო ფოკუსირდა – შური მეძია მშობელთა ერთ წყვილზე.
რამდენიმე თვით ადრე ამ ადამიანებმა საკუთარ გოგონასთან მიმიწვიეს, რომელსაც სიზმრის გამოისობით აკვიატების საინტერესო მოვლენები აღენიშნებოდა. მე დიდი ინტერესით მივუდექი ამ შემთხვევას, რომლის გენეზისი ჩემთვის ცხადი იყო. ჩემი მკურნალობა უარყოფილ იქნა მშობლების მიერ, რომლებმაც მაგრძნობინეს, რომ განზრახული ჰქონდათ უცხოელი ავტორიტეტისთვის მიემართათ, რომელიც ჰიპნოტიზმით მკურნალობდა. ახლა მე ფანტაზიები მეწვია, თუ როგორ მევედრებიან გოგონას მშობლები შევუდგე მკურნალობას წინამორბედი ექიმის წარუმატებლობის შემდეგ, რომ თითქოს ისინი ახლა ჩემდამი სრული ნდობით არიან აღჭურვილნი და ა.შ. მე ვპასუხობ: დიახ, ახლა, როდესაც პროფესორი ვარ, თქვენ გჯერათ ჩემი. მაგრამ წოდება არაფერს ცვლიდა ჩემს უნარებთან მიმართებით: თუ მე თქვენთვის გამოუსადეგარი ვიყავი როგორც დოცენტი, ახლაც შეგიძლიათ უჩემოდ გახვიდეთ ფონს, როდესაც პროფესორი ვარ. იმ წამს ჩემი ფანტაზია ხმამაღალმა სალამმა შეწყვიტა:
„პატივი მაქვს მოგესალმოთ, ბატონო პროფესორო“. როდესაც შევბრუნდი, დავინახე, რომ ეს სწორედ ის წყვილი იყო, რომელსაც წუთის წინ გავუსწორდი, უარვყავი რა მათი წინადადება. დიდი ფიქრი არ დასჭირვებია სასწაულის ილუზიის მსხვრევას. მე დიდ და განიერ, თითქმის ცარიელ ქუჩას მივუყვებოდი ამ წყვილის მიმართულებით. წამით, შესაძლოა ოცი ნაბიჯის სიშორეზე, მე მათ მზერა ვტყორცნე და ვიცანი მათი ფიგურები, მაგრამ – ჰალუცინაციის მექანიზმის მიხედვით – ეს აღქმა იმავე ემოციური მოტივებით უარვყავი, რომლებიც შემდეგ ერთი შეხედვით ნებისმიერად შექმნილ ფანტაზიაში აისახა.
გასაოცრისა და შემაძრწუნებლის კატეგორიას ეკუთვნის ასევე ის თავისებური გრძნობა, რომელსაც განსაზღვრულ მომენტსა და სიტუაციაში განიცდი: თითქოს უკვე გაქვს განცდილი იგივე, თითქოს უკვე ყოფილხარ ამ სიტუაციაში, თუმცა ცხადად გაიხსენო ის, რაც ასე გაწვდის ცნობას საკუთარი თავის შესახებ, ვერ ხერხდება. ჩემთვის ცნობილია, რომ მხოლოდ ლექსიკის თავისუფლების შემთხვევაში შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რასაც ასეთ წუთებში ვგრძნობთ, განცდა; თუკი აქ საქმე შეხედულებას ეხება, ამასთან, შემეცნებით შეხედულებას, ამ შემთხვევებს მაინც სრულიად თავისებური ხასიათი აქვს, იმავდროულად კი მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ საძიებელს ვერასოდეს ვერ იხსენებ.
არ ვიცი, იყო თუ არა „უკვე ხილულის“ („deja vu“) ფენომენი სერიოზულად მოტანილი ინდივიდის ფსიქიკური წინარეარსებობის დასამტკიცებლად, მაგრამ ფსიქოლოგები მას საკმაო ყურადღებას უთმობდნენ და ამოცანის გადაჭრას მრავალი სპეკულაციური გზით ცდილობდნენ. განმარტების ამ მცდელობებიდან არცერთი არ მეჩვენება მართებულად, რადგან არცერთი მათგანის შემთხვევაში არ ხდებოდა სხვა რამის გათვალისწინება, გარდა ფენომენის თანამდევი და ხელშემწყობი გარემოებებისა. ის ფსიქიკური მოვლენები, რომლებიც, ჩემი დაკვირვებით, ერთადერთნი არიან პასუხისმგებელნი „deja vu“-ს ფენომენის ახსნისას, სახელდობრ კი არაცნობიერი ფანტაზიები, ფსიქოლოგებს ჯერ კიდევ საყოველთაოდ აქვთ გარიყული.
მე მიმაჩნია, რომ „უკვე ხილულის“ განცდისათვის ილუზიის სახელის წოდება უსამართლობაა. ასეთ მომენტებში მართლაც ხდება შეხება რაღაცასთან, რაც ერთხელ უკვე იყო განცდილი, მაგრამ მისი ცნობიერი გახსენება შეუძლებელია, რადგან ის არასოდეს ყოფილა ცნობიერი. „უკვე ხილულის“ განცდა, მოკლედ რომ ვთქვათ, მოგონებას არაცნობიერი ფანტაზიის შესახებ ამცნობს. ცნობიერის მსგავსად არასებობს არაცნობიერი ფანტაზიები (ან წინასწარმეტყველური სიზმრები), რაც ყველამ საკუთარი მაგალითით იცის.
ზიგმუნდ ფროიდი / ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია / ამონარიდი