პიროსი ეპიროსელი / ანტიკური სამყაროს გამოჩენილი პიროვნება
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
პიროსი დაიბადა ძვ.319 წელს ელინისტური სამყაროს ტრიუმფის ეპოქაში. სულ რაღაც 4 წელი იყო გასული რაც ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა. ის იყო ეპირის პატარა სამეფოს მეფის ეაკიდის შვილი. ბავშობაში მან ბრწყინვალე სამხედრო და საერო განათლება მიიღო. მაგრამ როცა პიროსი 16 წლის გახდა მამამისი მოკლეს და ტახტი უზურპატორმა ნეოპტოლემოსმა დაიკავა. პიროსი ადგილობრივმა ეპიროსელებმა გადამალეს და 1 წელიწადში ილირიაში გააპარეს. ილირისმა მეფე გლავკისმა მას არმია მისცა რითაც პიროსმა ტახტი დაიბრუნა.
ამის შემდეგ ის დიადოხების გრანდიოზულ ომში ჩაება და იფსოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ძვ.წ 301 წელს, სადაც ანტიგონ ცალთვალა მხარეს გამოვიდა. ანტიგონი დამარცხდა. პიროსი ტყვედ ჩავარდა და ეგვიპტეში აღმოჩნდა პტოლემეოსის კარზე. აქ მან თავი ბრწყინვალე დიპლომატად წარმოაჩინა, საოცრად მოაწონა თავი პტოლემეოს, დაქორწინდა მის შვილობილზე და არმიით დაბრუნდა ეპირში სადაც მისი ტახტი ისევ ნეოპტოლემეუსს ჩაეგდო. მან ის დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა.
ამის შემდეგ პიროსმა მოახდინა რკინისებური წესრიგის და დისციპლინის აღდგენა სამეფოში და მზერა მაკედონიისკენ მიიპყრო. პიროსის კუმირი ალექსანდრე იყო და ის დიდ დაპყრობებზე ოცნებობდა. ძვ. 290 წელს პიროსი მაკედონიაში შეიჭრა, დაამარცხა მეფე დემეტრიუსი და დაიკავა ქვეყანა.
დემეტრიუსი ამის შემდეგ არ გაჩერდა და ახალი 100 ათასიანი არმიით დაბრუნდა რომელიც მან სირაკუზელი ტირანის აგაფოკლის და კართაგენელთა ფულით შეაგროვა. პიროსი აქ არ დაიბნა და თავის დიპლომატის ტალანტი ისევ ჩართო საქმეში. გვერდში ამოიყენა პტოლემეუსი, ლისიმახე რომელიც თრაკიას და მცირე აზიას აკონტროლებდა. სანამ პიროსი დიპლომატიურ მანევრებს ახორციელებდა დემეტრიუსმა მაკედონია ისევ დაიკავა. მაგრამ მალევე მოკავშირეები შეიჭრნენ მაკედონიაში ორი მხრიდან, ზემო და ქვემო მაკედონიიდან. ამავდროულად პიროსის ინიციატივით, საოცრად მდიდარმა პტოლემეუსმა ფულის დარიგება დაიწყო, რამაც შედეგი მოიტანა. დემეტრიუსის არმია დეზერტირობამ მოიცვა. დემეტრიუსი ათენში გაიქცა, მაკედონია კი ლისიმახემ და პიროსმა გაიყვეს, ეგვიპტემ კვიპროსი მიიღო.
მაგრამ მალევე ლისიმახე და პიროსი ერთმანეთს დაუპირუსპირდნენ და ძვ.285 წელს მათ შორის ომი დაიწყო. ლისიმახემ პიროსის უსისხლოდ დამარცხება შეძლო, რადგან პიროსის არმიის ნახევარი რომელიც მაკედონელებისგან შედგებოდა მის მხარეს გადავიდა. ლისიმახე წარმოშობით მაკედონელი იყო, ალექსანდრეს თანამებრძოლი და მოწოდებამ რომ “ნუთუ ისინი ალექსანდრეს თანამებრძოლს ღალატობენ უცხოტომელის გამო” შედეგი გამოიყო. ამის შემხედვარე პიროსმა უკან დაიხია, დატოვა მაკედონია და დაბრუნდა ეპირში.
აქ პიროსი 4 წელი უქმედ იჯდა სანამ ტარენტიდან ელჩები არ ჩამოვიდნენ და დახმარება არ სთხოვეს. მას უთხრეს რომ ბერძნულ კოლონიებს იტალიაში მანამდე უცნობი ძალა რომი ემუქრება და სთხოვეს მას დაცვა. პიროსმა სიხარულით მიიღო ეს გამოწვევა და ძვ.წ 280 წელს იტალიაში გაემგზავრა 20000 ქვეითი ჯარისკაცით და 2000 კავალერისტით.
თავიდან პიროსს ეგონა რომ მისი გამოჩენისთანავე რომაელები მას ძღვნებს და მორჩილებას გამოუცხადებდნენ, მაგრამ მისდა გასაოცრად წერილი მოვიდა რომიდან, სადაც მას ომი გამოუცხადეს და დაუყოვნებლივ მოსთხოვეს იტალიის დატოვება.
ძვ.წ 280 წლის ივლისში პიროსმა ჰერაკლეის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სადაც 40000 რომაული არმია დაამარცხა. ამის შემდეგ მან ფილოსოფოსი კინეოსი გაგზავნა რომში რათა გამარჯვებულის სტატუსით რომისთვის მშვიდობა შეეთავაზებინა, სადაც რომი აღიარებდა მარცხს, იხდიდა კონტრიბუციას და უარს ამბობდა სამხრეთ იტალიაზე და ბერძნული კოლონიების დაპყრობაზე. მაგრამ რომში ჩასულ კინეოსს სულ სხვა სურათი დახვდა. ქალაქში საყოველთაო მობილიზაცია იყო გამოცხადებული, რომაელები ახალ არმიას კრეფდნენ და სულ არ ფიქრობდნენ დანებებაზე. ცხადი გახდა რომ ომი გრძელდებოდა. პიროსმა სამხრეთ იტალია სრულიად გაწმინდა რომაული გარნიზონებისგან და ახალი კამპანიის საწარმოებლად მოემზადა.
ძვ. 279 წელს ქალაქ აუსკულესთან აღმოსავლეთ იტალიაში პიროსი და რომაელები ისევ დაეტაკნენ ერთმანეთს გრანდიოზულ ბრძოლაში სადაც ორივე მხრიდან 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და საბოლოოდ პიროსმა შეძლო გამარჯვება, მაგრამ დანაკარგები საოცრად დიდი იყო. მან თქვა: “კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და არმიის გარეშე დავრჩები”. სწორედ მაშინ დაიბადა ეს გამოთქმა “პიროსის გამარჯვება” რაც საოცრად მძიმედ მოგებულ ბრძოლაზე მეტყველებდა.
სწორედ ამ დროს სირაკუზებიდან ელჩები ჩამოდიან ტარენტში და უკვე ისინი ითხოვენ დახმარებას, “კართაგენმა ალყა შემოგვარტყაო”. მან გადაწყვიტა შეეჩერებინა კამპანია იტალიაში და სიცილიაში წასულიყო ბერძნების დასახმარებლად. ტარენტელებმა უთხრეს რომ ეს არ შეიძლებოდა და რომაელებთან საქმე ბოლომდე იყო მისაყვანი, მაგრამ მან არ დაუჯერა და 30000 არმიით ძვ.წ 278 წელს სიცილიაში გაემგზავრა სადაც ძვ.წ 278 -276 წლების ბრწყინვალე სამხედრო კამპანიის შედეგად, გაანადგურა კართაგენელები და დაიკავა სრულიად სიცილია.
მაგრამ მან ტრიუმფით ტკბობა ვერ შეძლო. ტარენტელები მართალი აღმოჩდნენ. რომმა ეს ორი წელი ბრწყინვალედ გამოიყენა, შეკრიბა ახალი არმიები და შეტევაზე გადმოვიდა და ისევ დაიკავა აღმოსავლეთ და სამხრეთ იტალია და ყველა ბერძნული კოლონია გარდა რეგიუსისა და ტარენტისა.
სხვა გზა არ იყო და პიროსი 20 ათასიანი არმიით ისევ დაბრუნდა იტალიაში სადაც ძვ.წ 275 წელს ქალაქ ბენევენტოსთან ახალი დიდი ბრძოლა გაიმართა. პიროსი დამარცხდა. მან არმიის უდიდესი ნაწილი ბრძოლის ველზე დატოვა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ეპირში, იქ შეეკრიბა ახალი არმია და ბრძოლა განეგრძო.
მაგრამ შემდეგ პიროსი უკან არ დაბრუნებულა. რომაელებმა კი წინსვლა განაგრძეს. ძვ. წ. 272 წელს კი მათ რეგიუსიც აიღეს და ტარენტიც და ამით დაასრულეს სრულიად იტალიის დაპყრობა. პიროსის გარეშე კი კართაგენელებმა ახალი ომი დაიწყეს ძვ.270 წელს სიცილიაში და კუნძულის 80 პროცენტი თავის კონტროლს დაუმორჩილეს.
თვითონ პიროსი ეპირში დაბრუნების შემდეგ ძალების აღდგენას შეუდგა, ახალი არმიის შეკრების შემდეგ კი ომი დაიწყო სპარტისა და მაკედონიის წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე მან სასტიკად გაანადგურა ეპირში შემოჭრილი მაკედონური არმია ანტიგონე გონატის მეთაურობით, მერე მაკედონიაში შეიჭრა, კიდევ ერთხელ დაამარცხა ანტიგონე და სრულიად ააოხრა მაკედონია. მერე კი მან გადაწყვიტა სპარტის დასჯა ისე რომ არ ჰქონდა მაკედონიის დაპყრობა დასრულებული. მან დაამარცხა სპარტელები და ალყა შემოარტყა სპარტას ძვ.272 წელს. ალყის დროს მას ზურგში არგოსელთა არმიამ დაარტყა. შეტევა მოგერიებულ იქნა.
შემდგომ პიროსმა მათი დასჯა გადაწყვიტა. მაგრამ სწორედ აქ დახვდა მას მისი დაუსრულებელი საქმე მაკედონიაში. ქალაქთან მიახლოებისას მას გაერთიანებული მაკედონურ-არგოსული არმია დახვდა. ანტიგონეს ახალი არმია შეუკრებია. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა, პიროსის არმიამ შეძლო ქალაქში შეღწევა სადაც უკვე ქუჩის ბრძოლები გაჩაღდა. როგორც ყოველთვის პიროსი პირადად ღებულობდა მონაწილეობას ბრძოლაში. ქალაქს იცავდა ყველა ქალიან-ბავშვიანად. გადმოცემით მიხედვით ერთ-ერთმა ქალმა ზემოდან დიდი ქვაბი ისროლა რომელიც პიროს დაეცა თავზე. ის ცხენიდან ჩამოვარდა და გაითიშა, მერე კი მიწაზე ხმლებით განგმირეს. პიროსის სიკვდილის მერე კი მისი არმია აირია და პირწმინდად განადგურდა. საბერძნეთში დომინანტ ძალად ისევ მაკედონია იქცა!
ასე დასრულდა ცხოვრება პიროსს ეპიროსელისა. ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი, ბრწყინვალე სამხედრო მეთაური და მეომარი, მაგრამ სუსტი ანალიტიკოსი, მას პრაქტიკულად ბოლომდე არასდროს მიყავდა საქმე და ერთის დაუსრულებლად მეორეს იწყებდა. არადა ვინ იცის მაშინ ტარენტელებისთვის რომ დაეჯერებინა და ომი განეგრძო რომთან და არ მიეცა ძალები აღდგენის საშუალება, შეძლებდნენ რომაელები მის დამარცხებას და როგორ წარიმართებოდა მსოფლიო ისტორია!