ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება
XVIII საუკუნის ბოლოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ. ნაპოლეონის წარმატებებმა ეგვიპტეში ოსმალეთი დაზაფრა, ამას მალევე მოჰყვა 1799 წელს რუსეთ-ოსმალეთის იძულებითი კავშირი ფრანგების წინააღმდეგ. რასაკვირველია, თურქეთს არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება კავკასიაში, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა.
ერეკლე II-ს გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს მმართველად გიორგი XII დაინიშნა. ( ეს ის გიორგია, რომელმაც მამას ჯარი არ გაუგზავნა კრწანისის ომში) .
მეფე გიორგის დროს ქართლ-კახეთის საშინაო-პოლიტიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მეფის მძიმე ავადმყოფობის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბატონიშვილთა უფროსი და უმცროსი შტოები, რომლებიც იულონ ერეკლეს ძისა და დავით გიორგის ძის გარშემო დაჯგუფდნენ.
მეფე გიორგი ძალაუფლების დაკარგვის შიშით უკავშირდება რუსეთის იმპერატორს და სთხოვს ტახტის მემკვიდრედ საკუთარი ძე დავითი დაამტკიცოს. გიორგიმ ამით დაარღვია პირობა, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთის სამეფოს მემკვიდრე იქნებოდა იულონი.
რუსეთმა გიორგის თხოვნა მიიღო, განახლდა გეორგიევსკის ტრაქტატი და ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცეს დავით ბატონიშვილი.
იმპერატორს გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთისთვის უშუალოდ მიერთება. 1800 წლის 18 დეკემბერს შეიქმნა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. ეს მაშინ როცა გიორგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა რუსი გენერალი ლაზარევი, მას პავლესგან ჰქონდა მიღებული ბრძანება, რომლის თანახმადაც გიორგის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ არავინ დაესვათ.
მეფის გარდაცვალებისთანავე ლაზარევმა სამხედრო ძალები ფეხზე დააყენა და თავადები შეკრიბა. განუცხადა მათ, რომ ქართლ-კახეთის მომავალს იმპერატორი განსაზღვრავდა. ტახტის მემკვიდრის უფლებათა შესახებ არაფერი უთქვამს. ლაზარევი რუსულად საუბრობდა, გენერალს საკუთარი თარჯიმანი იქვე ჰყავდა, მაგრამ სოლომონ ლიონიძე საქმეში ჩაერია და ხალხს განუცხადა გენერალი დავით უფლისწულს მეფობას ულოცავსო. ლაზარევს ეს არ მოეწონა, საბოლოოდ ლიონიძე დააპატიმრეს. თუმცა მალევე შეძლო გაქცევა და იმერთ მეფე სოლომონთან გადავიდა.
დავით უფლისწულს ჰპირდებოდნენ, რომ მას აუცილებლად დასვამდნენ ქართლ-კახეთის სრულუფლებიან მეფედ, თუმცა ჯერ პავლესგან დასტური უნდა მიეღო. დავითმა ელჩები გაგზავნა იმპერატორთან, მაგრამ ეს უკანასკნელი ბაგრატიონთა ლიკვიდაციას უკვე იწყებდა. ერეკლეს შვილიშვილი თავის შიდაპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაერია და არ მიუღია ზომები ხელისუფლების შესანარჩუნებლად რუსთა წინააღმდეგ.
რუსეთი ყველანაირად ცდილობდა საქართველოს დაპყრობას ყოველგვარი გართულებების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ პერიოდებში მაინც მოჰყვა სერიოზული კონფლიქტები.
1801 წელს 18 იანვარს პავლე პირველმა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. ქართველთა სამკვიდრო რუსეთის გუბერნიად გადაიქცა. იმპერატორის ბრძანებით რუსეთში მიიწვიეს სამეფო ოჯახის ყველა წევრი. იმპერატორის სურვილიი იყო არც ერთი ბაგრატიონი არ დარჩენილიყო ქართლ-კახეთში.
წყარო ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები”