რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საქართველო

ქრისტეკოჩი რატია / სამეგრელოს ადმირალი (ხომალდთუფროსი)

ქრისტეკოჩი რატია / სამეგრელოს ადმირალი (ხომალდთუფროსი)

1557 წელს ლევან პირველმა, დადიანმა სულთან სულეიმან დიდებულს სთხოვა ,,საბრძოლო ხომალდები მისი მეზობლების, იმერლების წინააღმდეგ, თუკი იგი მიიღებს ხომალდებს, მზად იქნება ხარკი გადაიხადოს”. (იხ. ჟ. ფლანდრიელის ცნობა, გამოიცა ჩემს ბოლო წიგნში).

დადიანს ადრეც ,,აქუნდა ხვამალდნი”, ამ ეტაპზე მას ფლოტის გაძლიერება სურდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ, რომელიც მის მოკვლას და ოდიშის გურიელთან ერთად გაყოფას აპირებდა.

ლევან პირველმა სამხედრო ხომალდები მიიღო, ლევან მეორე რატიათა გუჯარში წერს:

,,პაპა ჩუენი ლიონ დადიანი სტანბოლს წასულა, ქრისტეკოჩი სტამბოლს წაუტანია, და იქ პაპაჩემს გაუმარჯუებია და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა, და ცხრა ხომალდი ბედნიერს ხვანთქარს წყალობად მოუცია… [ქრისტეკოჩისთვის] უბოძებია უფროსობაი ხომალდის”.

როგორ უნდა გამოეყენებინა დადიანს საომარი ხომალდები იმერეთის წინააღმდეგ ?

1737-წლის იმერეთის რუკაზე მდინარე რიონთან გვხვდება ასეთი წარწერა:

,,ამ ციხის ზეით ხომალდი შემოვა, აქამდის ფოთიდან ზარბაზნიანი ნავი დიდი მოვა”.

რიონი ქუთაისი-ფოთი-ბათუმი-ცხუმის ამ დიდ სანაოსნო მაგისტრალზე მაქსიმე ქუთათელი წერს:

,,ქუთაისის ქალაქიდამ ვაჭრები დადიან ნავებით იმ სამს ციხეში: ბათუმს, ფოთს და სოხუმს”.

ამ მაგისტრალს იყენებდა გენუელთა კოლონია მეგაპოტემო, ანუ ანაკლია, საიდანაც გენუელები რიონით ქუთაისში ჩადიოდნენ სავაჭროდ.

ეს დიდი საზღვაო სანაოსნო მაგისტრალი ქართველთა და ევროპელთა შეხვედრის ადგილი იყო. აქვე იქმნებოდა შერეული, მეგრულ-ევროპული ოჯახები. იტალიელი ვაჭარი მიქელე მემბრე, რომელმაც 1540-1542 წლებში აქ ხომალდით გაიარა, წერს: „ამ ადგილას, ვიპოვე კაცი სციოდან, სახელად ზეინი, რომელიც დაქორწინებული იყო მეგრელ ქალბატონთან, მან თავის სახლში მიმიპატიჟა. ვიპოვე სხვაც, ვენეციელი, მეგრელთან დაქორწინებული, მისი სახელი იყო ბერნარდო მოლინერი, ორმოცდახუთი წლისა, რომელმაც მითხრა, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და რომ მეგრელიაში მას ჰყავდა სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი ქალი, დაქორწინებული ერთ მეგრელზე…”

ნიშანდობლივია საზეიმო ტონი, რომლითაც ლევან II დადიანი რატიათა გუჯარში ხომალდების მიღების შესახებ ყვება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამეგრელოს დამოუკიდებელი სამთავროს ჩამოყალიბების და საბოლოო გაფორმების საფუძველი და ერთგვარად ემბლემური მოვლენა იყო. ფლოტის ადმირალი ქრისტეკოჩი რატია სიმბოლურად განასახიერებდა სამთავროს ამ დიდ მიღწევას, რასაც მისი თანამედროვე და შემდგომი მთავრები დიდად აფასებდნენ. თავად ქრისტეკოჩი წაჩხურელი აზნაური იყო, სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სალოცავის – წაჩხურუს მთავარანგელოზის ყმა. მისი საგვარეულოს წევრები შემდგომშიც სანაოსნო საქმით იყვნენ დაკავებულები.

რატიებს დადიანთაგან მინდობილი ჰქონდათ არამხოლოდ ზღვისპირას შეჩერებული ხომალდების (ანაკლიაში) განბაჟება, არამედ სამდინარო ნავთმისადგომებზეც. ადმირალ ქრისტეკოჩი რატიას შთამომავალს – პაპუნა რატიას ლევან III დადიანმა უბოძა სამეგრელოს ნავსადგურებში შემოსული ხომალდების განბაჟების უფლებაც: ტყაყურს, მორკვილას, ანაკლიას… რამდენად დატვირთული იყო ეს ნავსადგურები კარგად ჩანს ევლია ჩელების ცნობიდან, რომ მხოლოდ ტრაპიზონის რეგიონიდან სამეგრელოსკენ რამდენიმე ათასი სავაჭრო ხომალდი მოეშურებოდა. ყველაფერი ეს ამართლებს დადიანის ,,ზღვათა ხელმწიფედ” მოხსენიებას ამ ეპოქის წყაროებში.

მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი იყო ბიჭვინთა, რომელიც საეკლესიო სენიორიას წარმოადგენდა და საზღვაო თუ სამდინარო გზებით უკავშირდებოდა დას. საქართველოს სხვადასხვა პუნქტებს, მაგ.

ხორგაში მდებარეობდა კათალიკოსის ერთ-ერთი სასახლე, ბიჭვინთიდან ზღვით წამოსულ მამამთავარს ამ სასახლემდე ხომალდით შეეძლო მისვლა.

ბიჭვინთის ნავსადგური ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო იყო, ხომალდების განბაჟება აქ დეკანოზიების, გათელიებისა და ანდრახიების გვარს ებარა (დეკანოზიები დეკანოზიშვილებს შეესაბამებიან, გათელიები ახლანდელი გადელიები არიან, გვარი ანდრახია კი, როგორც ვიცი უკვე აღარ გვხვდება სამეგრელოში).

ს. კაკაბაძის მიერ გამოცემული უნიკალური დოკუმენტი – აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ თუ რა სახის ტვირთი იბრუნებოდა სამეგრელოს ნავსადგურებში, როგორც ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა, თითო ხომალდს თავისი ტვირთიდან ტაძრისთვის უნდა შეეწირა: 10 ღვინი, 10 მეში (?), 10 მახართელი მარილი, 10 მთელი თევზი, 1 ჩექმა, 1 მშვილდი, 1 თივთიკის თეთრი ქუნთი, 1 ხალიჩაი, 1 წონა მატყლი, 1 წონა სპილენძი, 1 წონა რკინაი.

რატიების სამხედრო ფლოტილია მონაწილეობდა ოსმალთა ექსპედიციაში ქუთაისის წინააღმდეგ. 1578 წელს სულთან მურადის ხომალდებთან ერთად ისინი იმერეთის წინააღმდეგ გაემართნენ. შარდენი წერს:

,,ამოიყვანა ხომალდები ფაზისზე, იმერეთის მეფემ (გიორგი მეორე, ბ.ჭ.) მათ დიდი ჩასაფრება მოუწყო, ადგილას, სადაც მდინარე ყველაზე მეტად ვიწროვდება, მურატის გალერები აქ დამარცხდნენ, ზოგი ჩაიძირა, ზოგი კი გაიქცა”.

,,ქართლის ცხოვრებაში” ხომალდებზე არაფერია ნათქვამი:

,,კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სპანი იმერეთსა ზედა და დახუდენ მთასა ზედა ლიხისასა იმერნი, ომსა ამას დაესწრა ძე არჩილისა ერეკლე, მოსწყვიტნეს მრავალნი ოსმალნი და აოტნეს: ხოლო ერეკლეს ათერთმეტი ხრმალი და ორმოცი ისარი მოხუდა, გარნა ჯაჭვი და მუზარადი ვერ გაუტეხეს, არამედ მოსწყვიტნეს აზნაურნი მისთანანი და ლტოლვილნი ოსმალნი მცირედნიღა წარვიდენ: მერმე კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სეკდემბერსა შინა სპანი იმერეთს. ხოლო იმერთა მოსწყვიტნეს მასვე მთასა ზედა და ლტოვილთ ოსმალთა დახვდენ ქართველნი და მოსრნეს უმრავლესნი.”

ლევან II დადიანის მმართველობისას სამეგრელოს ფლოტი წინანდელზე რამდენჯერმე უფრო მეტად გაიზარდა. ჩანს, ლევანი ხომალდმშენებლობასაც ისე მასიურად ეწეოდა, როგორც იარაღის წარმოებას. ევლია ჩელები 1647 წელს აღწერს კაზაკთა მოკავშირე, გონიოსკენ დაძრულ ორმოცდაათამდე მეგრულ ხომალდს. თ. ბერაძე ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ფიქრობს, რომ მთლიანობაში სამეგრელოს ფლოტი ამ დროს რამდენიმე ასეულ ხომალდს (საზღვაო საბრძოლო ნავს) მოიცავდა . ჩელების მიხედვით, ქართველ ტომებში გავრცელებული ოლაჭკანდერის ტიპის „საუცხოო“ ხომალდზე ასამდე კაცი თავსდებოდა. ვფიქრობ, „ზღვათა ხელმწიფე დადიანის » საზღვაო ძლიერების ერთ-ერთი საგულისხმო მიზეზი უნდა იყოს ის გარემოება, რომ მან ფრანგი ოსტატები დაიქირავა და ზარბაზნების ჩამოსხმაც დაიწყო. შესაბამისად, მას შეეძლო საკუთარი ხომალდები ზარბაზნებით შეეჭურვა და ამგვარად მისი ფლოტის ეფექტურობა გაეორმაგებინა, ამ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების შემდეგ უფრო თანმიმდევრულად წარმოგვიჩნდება ვახუშტის ცნობა ლევანის შესახებ: „განმდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღჳსანი» .

გამოყენებული წყაროები:

1. ჟოსლინ ფლანდრიელი (ბ. ჭიჭინაძე, ,,საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები”

2. მიქელე მემბრე (ა. მიქაბერიძის ინგლისურენოვანი თარგმანიდან)

3. შარდენი (მე-17 საუკუნის ფრანგული ტექსტიდან ვისარგებლე).

4. მაქსიმე ქუთათელი

5. ევლია ეფენდი

6. რატიათა გუჯარი, ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, საიდანაც ისარგებლა თ. ბერაძემ.

7. აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი, ს. კაკაბაძის გამოცემა.

8. იმერეთის 1737 წლის რუკა

9. ,,ახალი ქართლის ცხოვრება”

10. ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, ვახუშტი ბატონიშვილი

წყარო: ბექა ჭიჭინაძე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა