რა არის მუმია? – მოკლე ისტორია
მუმია არის გარდაცვლილის გაუხრწნელი სხეული. არსებობს ბუნებრივად მუმიფიცირებული მუმიები: ყინულის, უდაბნოს, ჭაობის მუმიები, ხელოვნურ მუმიებს კი სხვადასხვა ხერხით ამზადებდნენ. ხელოვნური მუმიების გაკეთებაში ყველაზე ცნობილი ეგვიპტელებია. ძველად სპარსი (ახ. ირანელები) მოგზაურები ფიქრობდნენ, რომ შავი ნივთიერება, რომელსაც ფისს უნოდებდნენ, მუმიების გასაკეთებლად გამოიყენებოდა. სპარსულად ფისს მუმია ეწოდებოდა და სწორედ აქედან წარმოდგა სიტყვა ,,მუმია”.
პირველი მუმიები
ხელოვნური მუმიები პირველად 7000 წლის წინ გააკეთა სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა ხალხმა ჩინჩორომ. სახელი მას ჩილეში მდებარე ადგილის მიხედვით ეწოდა. სწორედ აქ აღმოაჩინეს მეცნიერებმა მათი ცხოვრების ნაკვალევი. ჩინჩორო მეთევზეობით ირჩენდა თავს და პატარა ჯგუფებად ცხოვრობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
ჩინჩიროს ხალხი იმიტომ ამზადებდა მუმიებს, რომ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის სჯეროდა. ცდილობდნენ, მუმია ცოცხალს დამსგავსებოდა, რადგან არ სურდათ, ცხედარი გახრწნილიყო. შესაძლოა, ეგონათ, რომ მიცვალებული სიცოცხლეს გააგრძელებდა, თუკი მისი ცხედარი კარგად შეინახებოდა.
ჩინჩოროს ხალხი მიცვალებულს შიგნეულობას აცლიდა, შემდეგ კანს, ტვინს და გასაშრობად ტოვებდნენ. ფეხებზე, ხელებსა და ხერხემლის მალებზე უმაგრებდნენ ჯოხს, რომ კარგად დაეფიქსირებინათ ისინი. მუმიას თეთრი თიხით ფარავდნენ, რომ სხეულის ფორმა გამოკვეთილიყო. შემდეგ კანს ისევ გადააკრავდნენ, დამუშავებისას დაკარგული კანის ნაცვლად კი ცხოველის ტყავს იყენებდნენ. როცა მუმიას თიხა შეაშრებოდა, თეთრად ან შავად შეღებავდნენ.
ჩინჩოროს ხალხი მუმიებს 3000 წლის განმავლობაში აკეთებდა. თავდაპირველად მუმიებს შავად ღებავდნენ, მაგრამ უკანასკნელი მუმიის დამზადების დროისთვის, დახლოებით 4000 წლის წინ, მათ წითლად ღებავდნენ. ამ ხალხის პირველი მუმიები 1917 წელს აღმოაჩინეს, აქედან 12 – ჩრდილოეთ ჩილეში. 1983 წელს მშენებლებმა ბევრი უძველესი სამარხი იპოვეს. დაახლოებით 100 მუმია ამოთხარეს ამ ადგილებში, ხოლო ბევრიც სხვაგან.
ევროპელი ყინულის კაცი
ევროპის უძველესი ადამიანის მუმიას ყინულის კაცს უწოდებენ. ის ქვის ხანის დასასრულს, დაახლოებით 5300 წლის წინ გარდაიცვალა. მისი მუმია 1991 წელს მოგზაურებმა ჩრდილოეთ იტალიაში, მყინვარში პირქვეჩამხობილი იპოვეს.
გაყინული ადამიანის მუმია იპოვეს მაღალ მთებში, სადაც ძალიან ცივა. თავდაპირველად ის მწყემსი, მონადირე ან სულაც მოგზაური ეგონათ. 2001 წელს გაყინული მამაკაცის მარცხენა ბეჭში შუბის ნატეხი აღმოაჩნეს. შესაძლოა ის მთებში საფრთხეს გაექცა.
როცა გაყინული კაცი ცოცხალი იყო, მაშინ შუბებს ქვის ბასრი წვეტები ჰქონდათ. სწორედ ქვის წვეტმა გაატანა ტანსაცმელში, მარცხენა ბეჭში ჩაეჭო და ღრმა ჭრილობა მიაყენა. როგორც ჩანს მამაკაცმა შუბის გრძელი ტარი ამოიგლიჯა, მაგრამ წვეტი სხეულში ჩარჩა. სწორედ ამ ჭრილობას შეიძლება გამოეწვია ნელი, მტანჯველი სიკვდილი.
მუმიის ტანსაცმელიც კარგად იყო შენახული. მეცნიერებმა პირველად ნახეს, თუ როგორ ეცვა ქვის ხანის ადამიანს. ყინულის კაცს ფეხზე ტყავის წინდები და ფეხსაცმელი ეცვა, ტანზე – თხის ტყავის სამოსი, თავზე დათვის ბეწვის ქუდი ეხურა და დაწნული ბალახისაგან გაკეთებული მოსასხამი ჰქონდა მოსხმული. მაშინდელ ცივ კლიმატში ასეთ სამოსში ყინულის კაცს ნამდვილად არ შესცივდებოდა.
ყინულის კაცთან ერთად მისი აღჭურვილობა იპოვეს. მას თან ჰქონდა სპილენძის ნაჯახი, ქვის ხანჯალი, მშვილდისარი და 14 ისარი. აგრეთვე, ტყავის ჩანთა, რომელიც ხმელი ბალახით იყო სავსე. თუ ყინულის კაცი მონადირე იყო, მაშინ მას შეეძლო ისრით მოეკლა ისეთი ცხოველი, როგორიცაა მთის თხა.
ამჟამად ყინულის კაცის მუმია და მისი სამოსი აღჭურვილობასთან ერთად ჩრდილო იტალიის მუზეუმში ინახება. მნახველებს შეუძლიათ შეიჭვრიტონ პატარა ფანჯარაში , რათა დაინახონ ყინულის კაცი, რომელსაც სპეციალურ ოთახში გაყინულს ინახავენ. არასოდეს დაუშვებენ მუმიის გალღვობას, რადგან ეს მის გახრწნას გამოიწვევს.
ჭაობის მუმიები
უამრავი მუმია იპოვეს ჩრდილოეთ იტალიის ტორფიან ჭაობებში. ტორფი არის წიაღისეული, რომელიც წარმოიქმნება წყალში მოხვედრილი მცენარეთა ნაშთების დაშლით ჭარბი დანესტიანებისა და უჰაერობის პირობებში. თუ გარდაცვლილის სხეულს ჭაობში მოათავსებენ, ის მუმიასავით შეინახება. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ჭაობში მცირე რაოდენობითაა ჟანგბადი და ბაქტერიები, რომლებიც სხეულის გახრწნას იწყებენ.
ჭაობის მუმიებს ჩვეულებრივ მაშინ პოულობენ, როცა ტორფი ამოაქვთ. ერთ-ერთი მუმია 1950 წელს ტოლუნდში (დანია) იპოვეს. ტოლუნდელი კაცი 2300 წლის წინ გარდაიცვალა. მას ყელზე მარყუჟი ჰქონდა ჩამოცმული. როგორც ჩანს, ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს, ჩამოახრჩვეს, შემდეგ კი ჭაობში გადააგდეს. მისი სახე შესანიშნავად არის შენახული.
ჭაობის მუმიები გერმანიაშიც აღმოაჩინეს. ვინდებიში თვალებახვეული გოგონას ნეშტი იპოვეს. ის 1900 წლის წინ გარდაიცვალა. გოგონას ტანზე გამობმული ჰქონდა დიდი ქვის ლოდი და ხის ტოტები, ამიტომაც ჩაიძირა ჭაობის ფსკერზე.
გრობოლელი კაცი, რომელიც ჭაობში იპოვეს, დანიაში აღმოაჩინეს. ის 1852 წელს სოფელ გრობოლთან ახლოს მუშებმა იპოვეს. დაახლოებით 2300 წლის წინ მამაკაცს ყელი გამოჭრეს და ჭაობში ჩააგდეს.
მოზარდი გოგონას მუმია ნიდერლანდებშიც აღმოაჩინეს. გოგონა, რომელსაც აიდი დაარქვეს, როგორც ჩანს, ჯერ სასიკვდილოდ დაჭრეს, მერე მოახრჩვეს და ჭაობში ჩააგდეს. ეს დაახლოებით 1900 წლის წინ მოხდა. ანთროპოლოგმა აღადგინა მისი თავის ქალა, მერე ცვილით დაფარა და აღადგინა სახე. ამით მეცნიერებს საშუალება მიეცათ, ენახათ, როგორ გამოიყურებოდა ცოცხალი გოგონა.
ძველი ეგვიპტის მუმიები
ყველაზე ცნობილი მუმიები ძველ ეგვიპტეშია გაკეთებული. ეგვიპტელები ბრწყინვალედ ფლობდნენ ბალზამირების ხელოვნებას. მუმიფიცირებას უკეთებდნენ ფარაონებს, უბრალო ადამიანებსა და თვით ცხოველებსაც კი.
ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ სიკვდიის შემდგომ ცხოვრებაში თავიანთი სხეული დასჭირდებოდათ. მათი წარმოდგენით, ადამიანი სამუდამოდ სამოთხეში დაიდებდა ბინას, თუკი სხეული შეინახებოდა. ყველა ეგვიპტელს სურდა სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვედრა. ამიტომაც ცდილობდნენ გარდაცვლილის სხეულის შენახვას.
ძველ ეგვიპტეში პირველი მუმიები თვით ბუნებამ შექმნა. როცა ვინმე კვდებოდა, მას უდაბნოს ქვიშაში მარხავდნენ. მიცვალებულს თან ატანდნენ ყველა იმ საგანს, რომლებიც იმქვეყნიურ ცხოვრებაში დასჭირდებოდა. რადგან ქვიშა მშრალი და ცხელი იყო, ცხედარი არ იხრწნებოდა. სამაგიეროდ კანი და ხორცი ხმებოდა და ძვლებს ეკვროდა. ეგვიპტური ბუნებრივი მუმიები დაახლოებით 3500 წლით თარიღდება.
ერთხელ ძველი სამარხი გათხარეს და მძარცველებს სურპრიზი დახვდათ – ჩონჩხის ნაცვლად გამხმარი მუმია ნახეს, რომელიც ცოცხალ ადამიანს გავდა. შესაძლოა, ასეთმა შემთხვევებმა შეუწყო ხელი ძველ ეგვიპტელთა გამომგონებლობას – ისეთი საშუალება იპოვეს, რომლის მეშვეობითაც ცხედარი დიდ ხანს ინახებოდა.
ძველმა ეგვიპტელებმა პირველი ხელოვნური მუმიები დაახლოებით ძვ. წ. 3400 წელს გააკეთეს, უკანასკნელად კი – ახ. წ. 400 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტელები 4000 წლის განმავლობაში ამზადებდნენ მუმიებს! როცა ეგვიპტეში ქრისტიანობამ მოიკიდა ფეხი, მუმიების გაკეთება აიკრძალა, როგორც წარმართობის გადმონაშთი.
ტუტანხამონი – მეფე-ყმაწვილი
ტუტანხამონი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონი იყო. ის ტახტზე 8 წლისა ავიდა ძვ. წ. 1334 წელს. რადგან გამოუცდელი იყო იმისთვის, რომ ეგვიპტე ემართა, მას ორი მინისტრი მეურვეობდა: მთავარი მინისტრი აი და მთავარსარდალი ჰორემჰები. ისინი ტუტანხამონის სახელით იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
ტუტანხამონი ცხრა წელი მართავდა ეგვიპტეს. იგი ჩვიდმეტი წლისა გარდაიცვალა. მის სხეულს მუმიფიცირება გაუკეთეს და დაკრძალეს ერთ-ერთ სამარხში მეფეთა ველზე, სადაც ბევრი სხვა ფარაონიც განისვენებდა. ტუტანხამონს სამარხში ჩააყოლეს ძვირფასი ნივთები, რომლებიც იმქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა გამოეყენებინა.
მეფეთა ველზე სამარხები თიტქოს დაცული იყო, მაგრამ მძარცველებმა მაინც მიაგნეს და უამრავი ძვირფასი ნივთი გაიტანეს სამარხიდან. მძარცველებმა ტუტანხამონის სამარხსაც მიაგნეს, მაგრამ ყველა მათგანი დაიჭირეს, სანამ გაძარცვას მოასწრებდნენ. წლების მერე, როცა რამსეს VI-ის სამარხი ითხრებოდა, რიყის ქვები ჩამოიშალა და ტუტანხამონის სამარხში შესასვლელი ჩაიკეტა. ამის შემდეგ ის დაივიწყეს.
1922 წელს არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სამარხი აღმოაჩინა. იგი წლების განმავლობაში ეძებდა მას. ზოგ არქეოლოგს მიაჩნდა, რომ კარტერი ტყულად ფლანგავდა დროს – ფიქრობდნენ, რომ მეფეთა ველზე ყველა სამარხი უკვე ნაპოვნი იყო. კარტერი მაინც ჯიუტად განაგრძობდა ძებნას და 1922 წლის ნოემბერში იპოვა კიბე, რომელმაც ტუტანხამონის სამარხის კარამდე მიიყვანა.
კარს უკან დერეფანი იყო, მის ბოლოს კი მეორე კარი, რომელიც ჰოვარდმა გახვრიტა. როცა ნახვრეტს გახედა, თქვა ფრაზა, რომელიც შემდგომ საყოველთაოდ ცნობილი გახდა: „ მე საოცარ რაღაცეებს ვხედავ“. 10 წელი დასჭირდა სამარხიდან ნივთების გამოტანას, მათ შორის იყო ძვირფასეულობა და ოქროს სამეფო ტახტი, ოქროს ნიღაბი, რომელიც მეფეს თავსა და მხრებს უფარავდა. ის 10 კგ ხალასი ოქროსაგან იყო ჩამოსხმული.
საოცარი მუმიები
ფარაონ რამსეს II-ის მუმია 1871 წელს იპოვეს. თავდაპირველად სამარხში დაუმარხავთ, მაგრამ მერე ამოუღიათ, რათა მძარცველებისგან დაეცვათ. რამზეს II-ს ძალზე ცუდი კბილები ჰქონია, რაც ალბათ მაგარი პურის ჭამით იყო გამოწვეული. ფარაონი ოთხმოცს გადაცილებული გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ართრიტით იყო დაავადებული და, ალბათ, სახსრების აუტანელი ტკივილი ტანჯავდა. 1976 წელს მისი მუმია საფრანგეთში გაგზავნეს, რომ დაობებისგან გადაერჩინათ.
1970 წელს ნაპოვნი მუმია დიდ ბრიტანეთში ინახება. ეს არის ოციოდე წლის გოგონა, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის. მუმიას არააქვს ქვედა კიდურები, მაგრამ მუმიფიცირების ოსტატებმა გაუკეთეს, რომ აღედგინათ გოგონას სხეული. არავინ იცის, რა შეემთხვა გოგონას, შეიძლება ნიანგმა ან ბეჰემოტმა მოაჭამა ფეხები, როცა მდინარე ნილოსში ბანაობდა 3000 წლის წინ.
ხაფანგში მომწვდეულმა სახედარმა ათასობით მუმიის აღმოჩენას შეუწყო ხელი. ეს 1996 წელს მოხდა, როცა ეგვიპტეში, ბაჰარიას ოაზისში, ორმოში სახედარი ჩავარდა. როცა პატრონმა ცხოველი ამოიყვანა, მერე თავად ჩავიდა ორმოში, სადაც სამარხი კამერების მთელი წყება იყო ჩარიგებული. მათში ათასობით მუმია იყო. ამ ადგილს ოქროს მუმიების ველს ეძახიან, რადგან მუმიების უმეტესობას სახეზე ოქროს ნიღაბი ჰქონდა. მუმიები დაახლოებით 2000 წლის არიან.
დჯედმაატესანხი, ანუ დჯედი, არის ეგვიპტური მუმია, რომელიც კანადაში, ტორონტოში, ონტარიოს სამეფო მუზეუმში ინახება. ეს ქალი დაახლოებით ძვ. წ. 850 წელს ცხოვრობდა და 1977 წელს ისტორიის წიგნებში შევიდა როგორც პირველი ეგვიპტური მუმია, რომელსაც კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეტდა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ დჯედის ინფექციის გამო ძალზე დაზიანებული ჰქონდა ყბა, რომელსაც შეიძლება მისი სიკვდილი გამოეწვია.
სიმართლე თუ სიცრუე?
თქმულება მუმიის წყევლის შესახებ 1923 წელს შეიქმნა. როგორც ლონდონის ერთ-ერთი გაზეთი იუწყებოდა, ვინც ფარაონის სამარხს შეეხებოდა, მუმიის წყევლა არ ასცდებოდა. ტუტანხამონის აკლდამა ახალი აღმოჩენილი იყო და ხალხმაც იოლად დაიჯერა თქმულება მუმიის წყევლაზე. საგაზეთო წერილმა უფრო გაამყარა ხალხის შიში. სინამდვილეში ყველაფერი გამონაგონი იყო.
მუმიები არ გამოუყენებიათ საგაზეთო ქაღალდად! ამბობდნენ, რომ ეგვიპტურ მუმიებს ტილოს აძრობდნენ და ქაღალდს ამზადებდნენ. თითქოს XIX საუკუნის დასაწყისში ერთი ამერიკული გაზეთი ე. წ. მუმიის ქაღალდზე იბეჭდებოდა. საინტერესო ფაქტია, მაგრამ მართალი არ არის.
მუმიას არ ჩაუძირავს „ტიტანიკი“ 1912 წელს. ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება ეგვიპტური კუბოს სახურავი. მას „უბედურ მუმიას“ უწოდებენ, რადგან ფიქრობენ, რომ დაწყევლილია. ინგლისელი ჟურნალისტი უილიამ სტედი „ტიტანიკზე“ იყო იმ საბედისწერო ღამეს, როცა გემი ჩიძირა. მან თანამგზავრებს უამბო „უბედური მუმიის“ ამბავი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო დამთავრდა ტრაგედიით „ტიტანიკის“ მოგზაურობა.
მუმიის შესახებ წიგნი 1927 წელს დაიწერა. „მუმია! XXII საუკუნის ისტორია“ ჯეინ ლუდონმა დაწერა. წიგნში, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, მოთხრობილია ამბავი, რომელიც 2126 წელს ხდება. მას შემდეგ ბევრი წიგნი დაიწერა მუმიების შესხებ – ზოგიერთი საბავშვო იყო. მაგალითად, ჟაკლინ უილსონის წიგნში „კატა-მუმია“ მოთხრობილია, თუ როგორ ცდილობს ერთი გოგონა საყვარელ კატას მუმიფიცირება გაუკეთოს.
მუმიები კინოვარსკვლავებიც გახდნენ. პირველი, შავ-თეთრი მუნჯი ფილმი „რამსესის მუმია“ 1909 წელს გადაიღეს. მას შემდეგ ბევრი ფილმი შეიქმნა მუმიებზე – ერთ-ერთი, „მუმია“, 1932 წელს. მუმიის როლს ბორის კარლოფი ასრულებდა.
წყარო: მასალა მოვოვებულია ინტერნეტში არსებული ღია წყაროებიდან. / ასევე დაგაინტერესებთ: ადვენტიზმი