ხახამ რაფაელ ელაშვილი – კულაშელი რაბინი
რაბი რაფაელ ელაშვილი მე-20 საუკუნის საქართველოს ებრაული თემის ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე იყო. კულაშში დაბადებულმა რაბინმა მნიშვნელოვანი წლები გაატარა საქართველოს ებრაულ თემებში, ხოლო 1972 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა, სადაც ლოდის ქართველ ებრაელთა ჯამაათს ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა.
ხახამ რაფაელ ელაშვილი 1934 წლის 14 აპრილს კულაშში, იოსებ და რივკა ელაშვილების ოჯახში დაიბადა. მისი დედა იყო რაბი არონ ბოთერაშვილის ქალიშვილი — კულაშისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ებრაელთა შორის ცნობილი და პატივსაცემი სასულიერო მოღვაწის.
რაფაელ ელაშვილმა ებრაული განათლების მიღება ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში დაიწყო. მშობლებმა იგი ცნობილ მელამედს, არონ ელიშაყაშვილს, მიაბარეს, სადაც ებრაულ ენას სწავლობდა.
დაწყებითი კურსის დასრულების შემდეგ მისი სწავლა ხახამ იოსებ მოძღვრიშვილთან გაგრძელდა. იგი იმდროინდელ კულაშში განათლებულ ადამიანად და ებრაული ენის გრამატიკის კარგ მცოდნედ ითვლებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რაფაელის მშობლები საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდნენ, სადაც ოჯახის არსებობისთვის საჭირო შემოსავლის მოძიებას ცდილობდნენ.
ამ პერიოდში რაფაელის ბაბუა, რაბი არონ ბოთერაშვილი, უკვე მძიმედ იყო ავად. ასაკოვანი რაბი განსაკუთრებულად ზრუნავდა საყვარელი შვილიშვილის მომავალზე. მან ადრევე შეამჩნია რაფაელის ნიჭი თორის შესწავლაში და მისი გამორჩეული უნარი ებრაული ლოცვების შესრულებაში. ამიტომ გადაწყვიტა, შვილიშვილი თავისი საქმის გამგრძელებლად აღეზარდა და მომავალში თორისა და ებრაული ჯამაათის მსახურებისთვის მოემზადებინა.
1948 წელს ბაბუამ რაფაელი ზუგდიდიდან კულაშში დააბრუნა. იმავე წელს ბანძიდან კულაშში საცხოვრებლად მოიწვია ხახამ მიშელ აჯიაშვილი. 14 წლის რაფაელი ბაბუის სახლში ცხოვრობდა და დღის განმავლობაში თალმუდ-თორას სწავლობდა, საღამოობით კი მიშელ აჯიაშვილისგან თორის კანონებს ეუფლებოდა.
ამავე პერიოდში მან სეფერ-თორის კითხვა შეისწავლა, ხოლო ებრაული ლოცვების საგალობლებს დედის ძმისგან — ხახამ ელიაჰუ ბოთერაშვილისგან — დაეუფლა.
1949 წლის შემოდგომაზე, დიდი კაიდღეების მოახლოებისას, ავადმყოფი რაბი არონ ბოთერაშვილის მოსანახულებლად კულაშში ჩავიდნენ ხახამ ხაიმ ელიაშვილი, რაბი მოშე ჰაკატანი და ხახამ იაკობ დავარაშვილი ქუთაისიდან, ასევე ხახამ ბენ-ციონ ეფრემაშვილი ცხაკაიდან.
რაბი არონმა ამ შეხვედრით ისარგებლა და თავისი შვილიშვილი რაფაელი ხახამ იაკობ დავარაშვილს ჩააბარა, რათა მასთან თორის უფრო ღრმა სწავლა გაეგრძელებინა და მომავალში თემის ხელმძღვანელობისთვის მომზადებულიყო.
იმავე წლის 14 ქისლევს რაბი არონ ბოთერაშვილი გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ხახამ იაკობ დავარაშვილი — მე-20 საუკუნის საქართველოს ებრაელობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და თორისა და თალმუდის ღრმად მცოდნე სასულიერო პირი — რაფაელ ელაშვილის მთავარი აღმზრდელი და მასწავლებელი გახდა.
1953 წელს, 18 წლის ასაკში, ხახამ რაფაელმა ნინა აბრამის ასულ ჯინჯიხაშვილზე იქორწინა.
მომდევნო წელს, 1954-ში, 19 წლის რაფაელი მეუღლესთან ერთად გორში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი ებრაული ჯამაათის ხაზანად დაიწყო მუშაობა. სწორედ გორში შეეძინა ახალგაზრდა წყვილს პირველი ქალიშვილი, მირიამი. 1957 წელს მათ მეორე შვილი შეეძინათ, რომელსაც რაფაელის დიდი ბაბუის, რაბი არონის, სახელი დაარქვეს.
ხახამ რაფაელმა გორის ებრაულ ჯამაათში ხუთი წელი იმსახურა. მშობლებს სურდათ, შვილი და შვილიშვილები უფრო ახლოს ჰყოლოდათ და 1958 წლის აგვისტოში რაფაელი გორიდან კულაშში დაბრუნდა.
ამ პერიოდიდან 1972 წლის თებერვალში ისრაელში გადასვლამდე იგი კულაშის დიდი ლოცვის სახლის უცვლელი ხაზანი იყო.
იმ წლებში კულაშში საქართველოს ებრაელობის რაოდენობრივად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯამაათი ცხოვრობდა. არაოფიციალური მონაცემებით, დაბაში ებრაელთა რაოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანს შეადგენდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ 1960-იან წლებში კულაშში ქართველ ებრაელთა ექვსი სალოცავი მოქმედებდა.
კულაშის მრავალრიცხოვანი ებრაული ჯამაათი, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებსა და დაბებში მცხოვრები ებრაელები, რელიგიურ ტრადიციებს მკაცრად იცავდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შაბათისა და ებრაული კაიდღეების წესების შესრულებას. მამაკაცების დიდი ნაწილი ბავშვობიდან სწავლობდა თორას, იცნობდა ებრაულ ლოცვებსა და თემის ადათ-წესებს.
ამასთან ერთად, კულაშის ებრაულ საზოგადოებას ჰყავდა საკუთარი ინტელიგენციაც — ექიმები, მასწავლებლები, ბუღალტრები და საზოგადოებრივ-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მრავალი ადამიანი.
თორის სწავლით, ებრაული ტრადიციებითა და თალმიდ-ხახმების მრავალწლიანი დარიგებებით გაჯერებულმა გარემომ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. სწორედ კულაშის ებრაელობა აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელმაც საქართველოს ებრაელების ისრაელისკენ მიმავალ გზას საფუძველი გაუმყარა.
საქართველოს ებრაელთა ისტორიული დაბრუნების მნიშვნელოვანი ეტაპი კულაშიდან პირველი ოჯახების წასვლით დაიწყო.
ხახამ რაფაელ ელაშვილმა, რაბი ყიმანუელ დავითაშვილთან, რაბი იაკობ დავარაშვილთან, ხახამ მოშე ჰაკატანთან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე სხვა ცნობილ თალმიდ-ხახმებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ უდიდეს პროცესში, რომელიც გასული საუკუნის საქართველოს ებრაელთა ცხოვრებაში განვითარდა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მისი საჯარო გამოსვლები ხშირად იქცეოდა ქართველი ებრაელების ისრაელისადმი სიყვარულისა და სამშობლოში დაბრუნების სურვილის გამოხატულებად.
ხახამ რაფაელ ელაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორატორული ნიჭით და თორისა და საერო განათლების ფართო ცოდნით. სწორედ ამ თვისებებმა აქცია იგი მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების საქართველოს ებრაელთა სასულიერო და ეროვნული ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებად.
თავისი დარაშებითა და ემოციური საჯარო გამოსვლებით მან მრავალი ქართველი ებრაელის გულში გააძლიერა ისრაელისა და ებრაელი ხალხისადმი სიყვარული.
1972 წლის 28 თებერვალს ხახამ რაფაელი მშობლებთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა და საცხოვრებლად ლოდში დასახლდა. ოჯახში იმ დროისთვის შვიდი შვილი ჰყავდა: სამი ვაჟი — არონი, აბრამი და რუბენი — და ოთხი ქალიშვილი — მირიამი, ლეა, დვორა და თამარი.
ხახამ რაფაელმა ისრაელში 33 წელი იცხოვრა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ლოდის ქართველ ებრაელთა ჯამაათს ხაზანის რანგში ემსახურებოდა.
მისი ხელმძღვანელობით აშენდა ლოდში საქართველოდან ისრაელში ჩამოსული ებრაელებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური და საზოგადოებრივი შენობა. ეს ნაგებობა შემდგომში საქართველოში დაბადებული ებრაელების ახალ სამშობლოში დამკვიდრების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
1988 წლიდან ხახამ რაფაელი საქართველოდან ისრაელში გადასული ებრაელების მთავარ რაბინად მსახურობდა.
ისრაელში დაბრუნების პირველ წლებში, რაბი ეუდა ბოთერაშვილთან, ხახამ იაკობ დავარაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, იგი ქართველ ებრაელებს ახალი ქვეყნის პირობებთან შეგუებაში და პირველი წლების სირთულეების გადალახვაში ეხმარებოდა.
სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხახამ რაფაელი ქართველი ებრაული თემის რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად რჩებოდა. იგი აღიარებულ სასულიერო და საზოგადო მოღვაწედ ითვლებოდა როგორც ისრაელში მცხოვრებ, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში დროებით მყოფ საქართველოდან გამოსულ ებრაელებს შორის.
დიდია ხახამ რაფაელ ელაშვილის წვლილი იმ ისტორიულ პროცესში, რომელსაც საქართველოს ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი გალუთის დასრულება და მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მოჰყვა.
1998 წელს ისრაელიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში ჩავიდნენ რაბინი რაფაელ ელაშვილი, აშქელონის მერი შაფთაი ცური, ლოდის ვიცე-მერი ფილხაზ მიხელაშვილი, ციალა ჯანაშვილი (დანიელა ურიას შვილიშვილი), ეფრაიმ ბენიაშვილი და შოთა მიხელაშვილი.
ხახამი რაფაელ ელაშვილი 2005 წლის 23 მარტს გარდაიცვალა. იგი 71 წლის იყო.
თეგები: რაფაელ ელაშვილი, რაბი, კულაში, კულაშის ებრაელები, საქართველოს ებრაელები, ქართველი ებრაელები, ებრაული ისტორია, ისრაელი, ლოდი, ებრაული თემი
