რამოდენიმე მოსაზრება 9 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებაზე – გაიმარჯვა თუ არა რუსეთმა?
1. გაიმარჯვა თუ არა რუსეთმა?
არ არის მარტივი პასუხი ამ კითხვაზე. ერთი შეხედვით ჩანს რომ გაიმარჯვა. ყოველ შემთხვევაში კითხვებზე ხომ არ გავიდა თამაშიდან რუსეთი? რატომ პასიურობს მოსკოვი? პასუხი გამოჩნდა. რუსეთი არსად არ წასულა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძალაა რეგიონში. ამ შეთანხმებით და პირველ რიგში მისი სამშვიდობოების განთავსებით რუსეთმა შეინარჩუნა არბიტრის ფუნქცია. ერთის მხრივ მან გადაარჩინა ყარაბაღის სომხები სრულ დამარცხებას და რუკიდან გაქრობას (მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტ. ოლქის თითქმის 3/4 – შუშის, ჰადრუტის და რამოდენიმე პატარა ტერიტორიის გამოკლებით ჩრდილოეთ ნაწილში- შაუმიანის რაიონის ნაწილი და ახლად აღებული ტალიში და მუროვდაღი, რომელბიც აზერბაიჯანს რჩება). რუსეთის ჯარები არიან ერთადერთი ძალა რომელიც ყარაბაღის სომხურ ნაწილში რჩება. სომხეთის რესპუბლიკის არმია იქედან გადის). ამის გარდა რუსეთი იძენს ახალ ბერკეტს აზერბაიჯანზე, რადგან პირველად დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში, რუსეთი იღებს ბაქოდან დასტურს მის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების განლაგებაზე. რუსეთის მიზანი ყოველთვის იყო ყარაბაღში თავისი სამშვიდობოების ჩაყენება, რასაც ამდენ ხანს არ თანხმდებოდა აზერბაიჯანი.
თუ დავაკვირდებით რა სისწრაფით გამოაგზავნა და უკვე განათავსა რუსეთმა ძალები ლაჩინის რაიონში და შუშასა და სტეპანაკერტს შორის, ნათელი გახდება ის რომ რუსეთი ამ მისიის შესრულებისთვის კარგა ხანი ემზადებოდა. მართლაც, 2016 წლიდან (ლავროვის გეგმა) რუსეთი ემზადება ყარაბაღში თავისი სამშვიდოებოების განლაგებისთვის და ისიც განსაზღვრული აქვს რა ნაწილები უნდა განლაგდეს იქ ორივე მხარიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში. რუსეთი ზეიმობს მის დიპლომატიურ და გეოპოლიტიკურ გამარჯვებას და მისი PR მანქანა მსოფლიოს ამცნობს პუტინის გენიალურობას და ა შ.
მიუხედავად იმისა რომ მეც ვფიქრობ რომ რუსეთმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია, აუცილებელია ამ წარმატების ცოტა ფხიზელი შეფასება და მისი overestimation (ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასების) არ დაშვება.ჯერ ერთი, რაც არ უნდა ეცადოს რუსეთი რომ დაუმტკიცოს სომხებს რომ მან ისინი გადაარჩინა, ბოლომდე არ გაწირა და რომ ომში დამარცხება მხოლოდ “სოროსელი” პაშინიანის ბრალია, რუსეთის იმიჯი სომხეთში საგრძნობლად გაუარესდა. რაც არ უნდა გააქტიურდნენ წარუკიანის, ქოჩარიანის, დაშნაკების და კიდევ სხვა ახლად შექმნილი პრო-რუსული ჯგუფები, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა ხვდება როგორ მოექცა მათ მათი “უსაფრთხოების გარანტი”.
რუსეთისადმი ნდობა ძალიან შემცირდება მომავალში და თუ პაშინიანი გადარჩა (და ის აშკარად აპირებს ბრძოლას), ის კიდევ უფრო მეტად შეეცდება რუსეთის გავლენის შემცირებას მის ქვეყანაში. დასავლეთიც თუ გამოიღვიძებს და ხელს შეაშველებს მთლად უკეთესი. მიიღო თუ არა ბაქოზე დიდი გავლენა რუსეთმა? აქაც არ არის მარტივი პასუხი. აზერბაიჯანელები, მათ შორის მთავრობაც თვლის რომ-არა. ჯერ ერთი 2000 მდე სამხედრო ბევრად ნაკლებია 10000-ზე, ამ ციფრს ლავროვის გეგმა ითვალისწინებდა 4 წლის წინ. მეორე, აზერბაიჯანელები ეცდებიან გაზარდონ თურქეთის ჩართულობა. ამას ჯერჯერობით ყველანაირად ეწინააღმდეგება რუსეთი. 9 ნოემბრის შეთანხმებაში აზერბაიჯანის მოთხოვნის მიუხედავად ეს რუსებმა არ ჩაწერეს.
მხოლოდ ერდოან-პუტინის სატელეფონო საუბრის მერე რუსეთმა განაცხადა რომ “სამშვიდობო ოპერაციის ცენტრი” იქნება სადაც თურქი ოფიცრებიც იქნება წარმოდგენილი. თურქებს სურთ პატრულირებაში მონაწილეობის მიღება, რასაც არ ეთანხმება რუსეთი. რუსეთი ამბობს რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე თურქი სამხედროები არ იქნებიან. მათ შეეძლებათ აზერბაიჯანთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე პატრულირება განახორციელონ მხოლოდ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი შეეცდება თურქების მაქსიმალურად ჩართვას (თურქებსაც აქვთ სურვილი და მზაობა) რომ ამით დააბალანსოს რუსეთის გაზრდილი გავლენა.
მესამე, აზერბაიჯანი თვლის რომ რუსეთი ამჯერად ვერ მოიქცევა ისე როგორც ის იქცეოდა საქართველოში ან მოლდოვაში 90-იანებში და 2000-იანებში, რადგან დღევანდელი აზერბაიჯანი უფრო ძლიერი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა ვიდრე იყვენენ საქართველო და მოლდოვა მაშინ. თან, კიდევ ერთხელ, აზერბაიჯანს ყავს მოკავშირე თურქეთი. რომელიც მზადაა სამხედრო ძალით დაეხმაროს აზერბაიჯანს მესამე ქვეყანასთან კონფლიქტის შემთხვევაში. მესამე ქვეყანა მარტო სომხეთი არ არის. მეტიც, უფრო ნაკლებად არის უკვე სომხეთი, ამ უკანასკნელის დამარცხების შემდეგ. თურქეთს უკვე ყავს თავისი F16 ბი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ამ ყოფნამ პერმანენტული ხასიათი მიიღოს. მაშინ რატომ დათანხმდა აზეებაიჯანი რუსეთის სამშვიდობოების განლაგებას? იმიტომ რომ რუსეთს შეეძლო გაცილებით უარესად მოქცეულიყო. ის ზრდიდა ზეწოლას აზერბაიჯანზე უკვე ოქტომბრის დასწყისიდან.
ალიევმა რამდენჯერმე ახსენა რომ ვერ გაეგო საიდან ქონდა ღარიბ და გაჭირვებულ სომხეთს ამდენი შეირაღება, თუ ვინ აწვდის ა მას ამდენ იარაღს. ეს ირიბად აჩვენებდა რომ ბაქო რუსეთის ქცევით ძალიან კმაყოფილი არ იყო. რუსეთმა ოქტომბერში დაიწყო სამხედრო წვრთნები დაღესტანში, აზერბაიჯანის საზღვართან, კასპიის ზღვაში მოულოდნელად განოჩნდნენ რუსული სამხედრო გემები, რომლებიც 60 კილომეტრზე მიუახლოვდნენ ბაქოს. რუსეთმა ჯერ კიდევ სამიკვირის წინ, აზერბაიჯანის მიერ ზანგილანის და გუბათლის აღების შემდეგ აგრძნობინა ბაქოს რომ ის არ დაუშვებდა ლაჩინის კორიდორის აზერბაიჯანის მიერ გაკონტროლებას და ლაჩინისკენ მიმავალ აზერბაიჯანულ ნაწილებს აცნობეს რომ ლაჩინიდან რამოდენიმე კილომეტრში რუსულმა ნაწილებმა (ოფიციალურად სომხეთის ტერიტორიაზე) სამხედრო ბაზა შექმნეს. ამის გამო აზერბაიჯანმა იერიში შუშაზე სხვა, უფრო რთული მინართულებიდან გამახორციელა და ლაჩინის აღება გადაიფიქრა. შუშა იყო მაქსიმუმი რის აღებასაც რუსეთი უდრტვინელად შეხვდებოდა. იმის იქეთ, აზერბაიჯანს შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები რუსეთთან (და არა სომხეთთან, რომლის ძალებს აღარ შეეძლოთ სტეპანაკერტის და დანარჩენი ყარაბაღის დაცვაც).
აზერბაიჯანი არ ენდობა ბოლომდე რუსეთს და არც რუსეთი ენდობა აზერბაიჯანს. თუ შევადარებთ თუ როგორ მოიხსეინებს ილჰამ ალიევი თურქეთს და რუსეთს, აშკარაა ვის უფრო ენდობა აზერბაიჯანი. თურქეთს უწოდებენ “ძმას”, “უახლოეს მოკავშირეს”, ქუჩაში გამოსულ აზერბაიჯანელებს მრავლად ეჭირათ თურქეთის დროშები და არა რუსეთის. ალიევიც, როცა მადლობას უხდის რუსეთს შუამავლობისათვის, ბევრად უფრო თავშეკავებულია ვიდრე თურქეთზე ლაპარაკისას. როგორც ჩანს აზერბაიჯანს იმედი აქვს რომ რუსეთის გავლენა შეზღუდული იქნება. ვნახავთ სინამდვილეში როგორ მოიქცევა რუსეთი. მე არ გამოვრიცხავ რომ მან მაინც დაიწყოს აზერბაიჯანისათვის მიწის გამოთხრა, რაც ალბათ რაღაც ეტაპზე უფრო დააპირისპირებს ამ ორ მხარეს. 5 წელიწადში ვადა გასდის რუსულ სამშვიდობოებს, ეს ემთხვევა აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებს. ვნახოთ როგორ მოიქცევა ალიევი რუსებთან ამ დროისთვის.
მოკლედ, ერთი მხრივ ნათელი რუსეთის გამარჯვება, დაკვირვების და მრავალი ფაქტორის გათვალიწინების შემდეგ, უფრო ბუნდოვანი მეჩვენება.
2. რუსეთი და თურქეთი თანხმდება რეგიონის გადანაწილებაზე?
აქაც რთულადაა საქმე. რუსეთის და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როცა საქმე ეხება დასავლეთის გავლენის შესუსტებას ჩვენს რეგიონში და არა მარტო (სირიაშიც, ჩრდ. აფრიკაშიც და ა შ). მაგრამ როცა ინტერესთა მეორე შრეზე გადავდივართ, აქ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს აშკარად უპირისპირდება. თურქეთი და რუსეთი ფაქტიურად პროქსი ომს აწარმოებენ ერთმანეთთან სირიაში (ასადის მომხრეები და პრო-თურქული დაჯგუფებები იდლიბის რეგიონში, გავიხსენოთ რომ ამას წინათ რუსებმა დაბომბეს პრო-თურქული სამხედრო დაჯგუფებები სირიაში და რამოდენიმე ათეული მეომარი მოკლეს) და ლიბიაში (რუსეთი, თავისი ვაგნერებით მხარს უჭერს მარშალ ხალიფა აფტარს, თურქეთი კი ელ-სარაჯის მთავრობას ტრიპოლიში, სადაც მან ჯარები და სირიელი დაქირავებული მებრძოლები გააგზავნა).
აზერბაიჯანი შეიძლება მესამე ფრონტი აღმოჩნდეს თუ ორივე მხარე და თავად ბაქო ძალიან ფრთხილად არ იქნა. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მეტად ორიგინალურია და ინტერესთა ერთიანობის პარალელურად მოიცავს დაპირისპირების სერიოზულ ელემენტებსაც. რუსეთი ცდილობდა თურქეთთან სერიოზულ ალიანსს, მაგრამ ერდოანი არ არის მარტივი პარტნიორი და როგორც ჩანს უნდობლობა და ფარული დაპირისპირება გაგრძელდება. ეს არ გამორიცხავს მათ ერთად დადგომას როცა საქმე დასავლეთს შეეხება. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ცოტათი ემსგავსება რუსეთ-ირანის ურთიერთობას. ეს უკანასკნელი რუსეთის სატელიტი არასდროს ყოფილა და მოსკოვი და თეირანი არც ისე ენდობიან ერთმანეთს. მხოლოდ დასავლეთისადმი დაპირისპირება აახლოებს მათ.
3. სომხეთი და ყარაბაღი არიან წაგებული?
ცალსახად წაგებულები არიან. ჯერ მათ დაკარგეს ტერიტორიები: 7 აზერბაიჯანული რაიონი, პლიუს ყარაბაღის ნაწილი (სამხრეთი). ყარაბაღის ავტ. ოლქის ტერიტორია საბჭოთა დროს იყო 4400 კვ. კილომეტრი. დღეის მონაცემებით აზერბაიჯანს არ ემორჩილება მხოლოდ 3100 კვ.კმ დაახლოებით. სომხებმა დაკარგეს მნიშვნელოვანი მიწები ქელბაჯარის, ლაჩინის და გუბათლის რაიონების სახით. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს რაიონები ბევრად უფრო მდიდარი იყო ვიდრე საკუთრივ ყარაბაღი. მანდვე დასახლდა ათასობით სომხური ოჯახი რომელიც ამ მიწების ათვისებას ეწეოდა.
გეოგრაფიული და გეოპილიტიკური თვალსაზრისით ქელბაჯარ-ლაჩინ-გუბათლის დაკარგვით ყარაბაღი ნამდვილ ანკლავად ყალიბდება. ქრება ჩრდილოეთის ვარდენის(სომხეთი) მარდაკერტის(ყარაბაღი) ახლად გაყვანილი გზა, ანუ ის აზერბაიჯანის ხელში გადადის. მხოლოდ 5 კილომეტრიანი ლაჩინის კორიდორით ხდება სომხეთთან დაკავშირება და ეს კორიდორი მხოლოდ რუსეთის მიერ კონტროლდება.
სომხური ძალები ტოვებენ ყარაბაღს. აგრეთვე იზღუდება ეგრედ წოდებული ყარაბაღის სამხედრო ძალებიც, მძიმე შეიარაღება მხოლოდ რუსებისაა. ძნელი განსასაზღვრია რა ტიპის უსაფრთხოების ძალები შეიძლება ეყოლოთ ადგილობრივ ყარაბაღელ სომხებს. შეთანხმება მათ ამის საშუალებას ნათლად არ აძლევს. თუმცა არ გამოვრიცხავ რუსეთმა ჩვეული თვალთმაქცობა დაიწყოს და საჭიროების შემთხვევაში ყარაბაღი ისევ შეაიარაღოს.
ორიოდ სიტყვა რუსეთის მიერ პაშინიანის დასჯაზე. ბევრი ფიქრობს რომ ეს იყო მთავარი ფაქტორი ამ ომის. ის რომ რუსეთი არ პატიობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიობანას თამაშს. დასავლური დემოკრატიით გატაცებულები ისჯებიან მაგალითისთვის. ეს გაუკეთეს საქართველოსაც 2008 წელს. ყველაფერი ეს მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც რომ ეს შეიძლება მთავარი ფაქტორი არ იყოს. ჩემის აზრით რუსეთი მიხვდა რომ 2000 წლების შუიდან აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სერიოზული დისბალანსი გაჩნდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. და რომ ეს დისბალანსი იყო მზარდი. დემოგრაფიულ (აზერბაიჯანის მოსახლეობა თითქმის 4 ჯერ მეტია), ეკონომიკურ (აზერბაიჯანის GDP 10 ჯერ მეტია) და სამხედრო (აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი 5 ჯერ მეტია) დონეზე. აზერბაიჯანმა იპოვა მტკიცე და საიმედო მოკავშირე თურქეთის სახით.
ბოლო წლებში ამ ორ ქვეყანას შორის საგრძნობლად გაღრმავდა სამხედრო ალიანსი. აზერბაიჯანი დარწმუნდა საერთაშორისო მოლაპარაკებების უპერსპექტივობაში (ეუთოს, მინსკის ჯგუფის ეგიდით) და რომ ადრე თუ გვიან ის ომით მოიპოვებდა შედეგს. აზერბაიჯანი თავისი დიპლომატიით და სამხედრო ძალის განვითარებით აყენებდა რუსეთს სხვა გარემოებაში, ვიდრე ეს 90-იან წლებში იყო. ჩემის აზრით რუსეთი მიხვდა რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა და დასთანხმდა სტატუს კვოს შეცვლას, ოღონდ ბევრი პირობით (სამშვიდობოებით, წითელი ხაზებით ლაჩინზე და სტეპანაკეტზე დ ა შ). ის რომ ამ საქმით პაშინიანი ისჯებოდა, ეს დამატებითი ფაქტორი იყო და არა მთავარი. აზერბაიჯანის მიერ წარმატების მოპოვება საშუალებას აძლევდა რუსეთს ეს ნარატივიც დაენერგა: დემოკრატიული რევოლუციები კრახით მთავრდება. ალიევი მიხვდა რომ პუტინს ეს არგუმენტი განსაკუთრებით მოეწონებოდა და ამიტომ სპეციალურად პირადად პაშინიანზე მიქონდა იერიში.
ამით თავს აწონებდა რუსეთს და მის ლოიალობას იხმობდა. ძალიან საინტერესოა ის რომ ახლა, ომში გამარჯვების შემდეგ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას აწყობს რომ პაშინიანი გადარჩეს და ერევანში პრო-რუსული ყარაბაღის სამხედრო კლანი არ მოვიდეს. უკვე რამოდენიმე აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებულმა პერსონამ მითხრა: “ Пашиниян Оказался крепким парнем. он молодец, оказался силнее Левона и не Собирается სდატსა”ო.
4. წარმოადგენს თუ არა აზერბაიჯან-ნახიჩევანის გზა ალტერნატივას და დააკნინებს თუ არა ეს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობას?
არა მგონია რომ ამ ეტაპზე ეს სერიოზულ ალტერნატივას უქმნიდეს საქართველოს გზას. აზერბაიჯანიდან პირდაპირი და მოკლე გზა ნახიჩევანის ექსკლავამდე პირველ რიგში ირანის, როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობას დააკნინებს აზერბაიჯანისთვის. აქამდე ბაქოდან ნახიჩევანში მოსახვედრად ირანის გავლით მიდიოდა ტვირთები. ფრენებიც ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით სრულდებოდა.
ფაქტიურად ნულოვანი შანსია აზერბაიჯანმა თურქეთისა და ევროპისკენ მიმავალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა (გაზსადენები და ნავთობსადენები) ზანგეზურსა (სომხეთის ყველაზე სამხრეთი რეგიონი) და ნახიჩევანზე გაატაროს, რადგან არ ესურვება ბაქოს მისი მთავარი სიმდიდრე და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კოზირი სომხეთის და რუსეთის ნებას დაუქვემდებაროს. საქართველოს მარშრუტი ბევრად უფრო უსაფრთხოა.
რაც შეეხება რკინიგზას, ის უბრალოდ არ არაებობს ამ ეტაპზე. საბჭოთა პერიოდში არსებული რკინიგზა რომელიც არაქსის (ირანის საზღვრის) გასწვრივ მიდიოდა, ომისა და სომხური ოკუპაციის შედეგად თავიდან ბოლომდე განადგურდა. ნაწილი ჯართად გაიყიდა. ძალიან ბუნდოვანია აშენდება თუ არა ახალი რკინიგზა და რა ვადებში. თურქეთის განცხადება გაიყვანოს რკინიგზა ყარსიდან ნახიჩევანამდე ალბათ უფრო PR განცხადებაა, რადგან რომც აიგოს ეს რკინიგზა, ეს ავტომატიურად არ ნიშნავს რომ სომხები ზანგეზურში ააშენებენ დარჩენილ მონაკვეთს, რათა უზრუნველყონ აზერბაიჯანთან რკინიგზით დაკავშირება. ჯერჯერობით მათ არაფერი არ აიძულებს ეს გააკეთონ
პლიუს ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ ეს კორიდორები შეთანხმების მიხედბით რუსეთის მონიტორინგის ქვეშ იქნება, რაც არ მგონია ძალიან სახარბიელო იყოს თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის.
ვუალა. “ნე რეაგირუიწე ი ნე რუგაიწე მენია!”როგორც შევარდნაძე იტყოდა 1991 წელს.
ავტორი: Thornike Gordadze