რენე დეკარტი / თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი
რენე დეკარტი (1596-1650 წწ.), ჩვეულებრივ, განიხილება როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და, ჩემი აზრით, ეს მართებულია. ის არის დიდი ფილოსოფიური უნარის მქონე პირველი ადამიანი, რომლის მსოფლმხედველობაზე ფუნდამენტური გავლენა იქონია ახალმა ფიზიკამ და ასტრონომიამ. თუმცა მართალია, რომ მის ფილოსოფიაში მრავალი რამ არის შენარჩუნებული სქოლასტიკიდან, ის არ აღიარებს მისი წინამორბედების მიერ ჩაყრილ საფუძველს და ცდილობს, de novo (ხელახლა) ააგოს დასრულებული ფილოსოფიური ნაგებობა.
ასეთი რამ არისტოტელეს შემდეგ არ მომხდარა და წარმოადგენს თავდაჯერებულობის ნიშანს, რაც მეცნიერების წინსვლით არის განპირობებული. მის ნაშრომებში იგრძნობა სიახლე, რასაც ვერ შეხვდებით ვერცერთი გამორჩეული ფილოსოფოსის შემოქმედებაში პლატონის შემდეგ. შუა საუკუნეების ყველა ფილოსოფოსი მასწავლებელი იყო, რომელიც ამ პროფესიის აღმატებულობის გრძნობით გახლდათ გამსჭვალული. დეკარტი წერს არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მკვლევარი და აღმომჩენი, რომელიც ისწრაფვის, გადასცეს ის, რაც აღმოაჩინა.
მისი სტილი უბრალო და არაპედანტურია და ის უფრო მეტადაა მიმართული სამყაროს განათლებული ადამიანების, ვიდრე მოსწავლეებისადმი. უფრო მეტიც, მისი სტილი გამორჩეულად ამაღლებულია. თანამედროვე ფილოსოფიისთვის მეტად იღბლიანი გარემოებაა ის, რომ მის მამამთავარს ესოდენ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება ჰქონდა.
დეკარტი არასოდეს დაქორწინებულა, მაგრამ ჰყავდა უკანონო ქალიშვილი, რომელიც ხუთი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მწუხარება.
დეკარტი ყოველთვის კარგად იყო ჩაცმული და მახვილს ატარებდა. ის არ იყო შრომისმოყვარე, მუშაობდა რამდენიმე საათს და ცოტას კითხულობდა. როდესაც ჰოლანდიას ესტუმრა, თან მხოლოდ რამდენიმე წიგნი წაიღო, მაგრამ მათ შორის იყო ბიბლია და თომა აკვინელის თხზულებები. როგორც ჩანს, თავის ნაშრომებს დეკარტი ქმნიდა უდიდესი კონცენტრაციის ხარჯზე ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში. მაგრამ შესაძლოა, რომ მას მოყვარული არისტოკრატის იერის დემონსტრირება სურდა და თავს აჩვენებდა, თითქოს იმაზე ცოტას მუშაობდა, ვიდრე სინამდვილეში, რადგან საპირისპირო შემთხვევაში მის მიღწევებს რთულად თუ ვირწმუნებდით.
რენე დეკარტი გარდაიცვალა სტოკჰოლმში გარდაიცვალა 1650 წელს. ოფიციალურად, გარდაცვალების მიზეზი პნევმონია იყო, თუმცა გერმანელი ფილოსოფოსი თეოდორ ებერტი მიიჩნევს რომ ის მოწამლა რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობამ სტოკჰოლმში, რადგან მის რადიკალურ შეხედულებებს თეოლოგიაზე შეეძლო ხელი შეეშლა ლუთერანი შვედეთის მონარქის კათოლიციზმისკენ შემობრუნების საქმეში.
© ბერტრან რასელი / დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)