როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უფლებები გვაქვს პოლიციასთან კონტაქტის დროს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC-მ) შეიმუშავა რეკომენდაციები, რადგან ხშირად მოქლაქეებმა არ იციან კონკრეტული შემთხვევის დროს როგორ მოიქცნენ და რა უფლებები გააჩნიათ პოლიციასთან კონტაქტის დროს. რა შემთხვევებშია ჩხრეკა ნებადართული და როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი უფლებები დაირღვა.
ადმნინისტრაციული დაკავება
პირის ადმინისტრაციული დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, მისი გამოყენება დასაშვებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, პიროვნების დასადგენათ და სხვა. ადმინისტრაციულ დაკავებას პოლიცია ხშირად იყენებს ისეთი გადაცდომებისთვის, როგორიცაა: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან წვრილმანი ხულიგნობა.
ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
- განმარტება დაკავების საფუძვლის შესახებ;
- ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტისა და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციასთან დაკავშირება (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
- აგრეთვე უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ ოქმის ხელმოწერაზე თუ არ ეთანხმებით ოქმის შინაარსს, ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ადასტურებთ თქვენ მიერ ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება.
ნარკოტესტირებაზე გადაყვანა
პოლიციელი უფლებამოსილია საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაიყვანოს პირი, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, თუ: უშუალოდ შეესწრო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას ან ცდილობს მიმალვას; არსებობს 112-ში შესული შეტყობინება ან ოპერატიული ინფორმაცია პირის მიერ ნივთიერების უკანონო მოხმარების შესახებ.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის შემთხვევაში, უფლება გაქვთ:
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადოთ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ექიმის მიერ კლინიკურ დათვალიერებაზე;
- მოითხოვოთ ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტის და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციისთვის (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
- მოითხოვოთ გათავისუფლება, თუკი არ არსებობს თქვენი ადმინისტრაციული დაკავების სხვა საფუძველი.
პოლიციელს/საექსპერტო დაწესებულების თანამშრომელს არ აქვს უფლება:
- ბიოლოგიური მასალის მისაღებად განახორციელოს ზეწოლა;
- შეგიზღუდოთ საპირფარეშოთი სარგებლობა;
- დაგაყოვნოთ საექსპერტო დაწესებულებაში, თუ უარს აცხადებთ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე.
პოლიციის მიერ პირის გამოკითხვა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით პოლიცია ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციელს შეუძლია შეგაჩეროთ, გამოგკითხოთ პერსონალური მონაცემები, ასევე მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თქვენ ჩაიდინეთ სამართალდარღვევა ან ჩაიდენთ მას.
ასევე, დამატებით, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თქვენ ფლობთ საჭირო ინფორმაციას, პოლიცია უფლებამოსილია გამოგკითხოთ, თუმცა გამოკითხვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია.
პოლიციის მიერ თქვენი გაჩერების და გამოკითხვის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ:
- უფლება გაქვთ მოითხოვოთ განმარტება გაჩერების საფუძვლის შესახებ;
- თქვენ პოლიციელისთვის მხოლოდ პერსონალური მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ვალდებულება გეკისრებათ;
- თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია პოლიციელის იდენტიფიცირება, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუკი ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებაში.
საპოლიციო რეიდი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს წერილობითი განკარგულება სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდის განხორციელების თაობაზე. რეიდი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სამართალდარღვევა.
სპეციალური საპოლიციო კონტროლის/რეიდის დროს გაითვალისწინეთ, რომ:
- რეიდის დროს ხდება პირის ზედაპირული შემოწმება და ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება;
- ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას;
- ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მისი საბარგულის ვიზუალური დათვალიერება იგულისხმება;
- სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ვიდეოგადაღება.
პირის მოწვევა პოლიციაში
თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ფლობთ პოლიციის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციას, პოლიცია უფლებამოსილია, გასაუბრების მიზნით, მოგიწვიოთ პოლიციაში.
პოლიციაში მოწვევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ:
- უნდა მიიღოთ განმარტება მოწვევის საფუძვლის შესახებ;
- პოლიციის დატოვება ნაბაყოფლობითია. თქვენ შეგიძლიათ არ გამოცხადდეთ ან ნებისმიერ დროს დატოვოთ პოლიციის შენობა. ამ უფლებით სარგებლობისათვის ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.
გამოკითხვა და მოწმედ დაკითხვა
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფლობთ სისხლის სამართლის საქმისთვის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაძლებელია ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ ნებაყოფლობით გამოიკითხოთ. გამოკითხვა არის ნებაყოფლობითია და დაუშვებელია თქვენი იძულება მტკიცებულების წარმოდგენის ან ინფორმაციის გაცემის მიზნით. სავალდებულო წესით, მოწმის სტატუსით, თქვენ შეიძლება დაიკითხოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (მოწმის დაკითხვის ეს წესი არ ვრცელდება ყველა სახის დანაშაულზე)
გამოკითხვისა და მოწმედ დაკითხვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ:
- გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში, ვალდებული ხართ სწორი ინფორმაცია გასცეთ საქმესთან დაკავშირებით თქვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ;
- გამოკითხვისას/მოწმის სტატუსით დაკითხვისას უფლება გაქვთ საკუთარი ხარჯით ისარგებლოთ ადვოკატის მომსახურებით;
- შეგიძლიათ არ გასცეთ ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
- მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
დაიმახსოვრეთ
თუ თვლით, რომ პოლიციის ქმედებით თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ:
- გაასაჩივროთ პოლიციის ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.
- მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელი ხაზის მეშვეობით – 1481;
- ისარგებლოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზით – 126, მიმართოთ მას წერილობითი განცხადებით თუ საჩივრით და მოითხოვოთ სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;
- მიმართოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ
ავტორი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი