საჰარა: აფრიკის საოცარი და იდუმალი რეგიონი
იდუმალი, ლამაზი, მტვრის მხურვალე ბუღში გახვეული, ოაზისებით დაწინწკლული საჰარა ქარისაგან გამოქანდაკებული დიუნების უდაბნოა. ერთი შეხედვით უკიდეგანო ქვიშის უდაბნო ლამის აშშ-ის ხელაა. მისი ფართობი 9 მილიონი კმ2-ია და ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი ნაწილი უკავია. ჩრდილოეთით ატლასის მთებამდე, სამხრეთით მდინარე ნიგერამდე, აღმოსავლეთით წითელ ზღვამდე და დასავლეთიტ ატლანტის ოკეანემდე. ამ უკაცრიელ გარემოში უნიკალური სილამაზითა და ბუნებით გამორჩეული ისეთი მხარეებია, როგორსაც დედამიწაზე სხვაგან ვერ შეხვდებით.
სახელი საჰარა არაბული„ საჰრასგან“ წარმოდგება, რაც „უდაბნოს“ ნიშნავს; საჰარას სამი მილიონი წლის ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე კლიმატი აქ არა ერთხელ შეიცვალა და ბოლო ასი ათასი წელი ხან ნესტიანი მხარე იყო, ხან – გვალვიანი. ბოლო გამყინვარების ეპოქის მიწურულს ძვ.წ. 8000-6000 წლებში საჰარა დღევანდელზე უფრო დიდი იყო, მაგრამ გახშირებულმა წვიმიანობამ მყინვარების გადნობა გამოიწვია და უდაბნოს საზღვრებმა უკან დაიხია. მყინვარების გაქრობასთან ერთად წვიმამაც იკლო და ჩრდილოეთ საჰარა მზემ გადახრუკა; თუმცა, უდაბნოს სამხრეთ ბოლოს რეგულარულად სტუმრობდა მუსონები, რაც გაუდაბნოების პროცესს აფერხებდა.
საჰარა, აფრიკა
საჰარამ ამჟამინდელი ზომა ძვ.წ. 3400 წელს მიიღო, როცა დედამიწაზე შეცვლილმა კლიმატმა წვიმები კიდევ უფრო სამხრეთით გადაანაცვლა. დღეს გადახრუკული უდაბნო ისეთივე მშრალია, როგორიც 13000 წლის წინ იყო, მის ჩრდილოეთ, სუბტროპიკულ ნახევარზე ნალექის საშუალო რაოდენობა წლიწადში 76 მილიმეტრია, ხოლო სამხრეთ, ტროპიკულ ნახევარზე ოდნავ უფრო მეტი – წელიწადში 127 მილიმეტრი.
ულმობელი სიცხე და წყლის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ საჰარაში მხოლოდ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, კარგად ადაპტირებული ცხოველები შეძლებენ გადარჩენას. პირველად ერთკუზიანი აქლემი მოიშინაურეს. აქლემი დიდხანს ძლებს უწყლოდ და სწრაფადაც დარბის. ანტილოპა მენდესი და გაზელი დორკასიც კომფორტულად ცხოვრობენ უდაბნოში და თვეობით ძლებენ უწყლოდ. აქვე ბინადრობენ გველგესლები, მორიელები, ხვლიკები, ავაზები და სირაქლემები.
ანტილოპა მენდესი (Addax nasomaculata)
გაზელი დორკასი (Gazella dorcas)
მიუხედავად მძიმე კლიმატური პირობებისა, საჰარაში უკვე მრავალი ათასი წელია, ადამიანი სახლობს. არასტუმართმოყვარე უდაბნოში ეგვიპტელები, ნუბიელები და ბერძნები ცხოვრობენ, თუმცა, პირველმოსახლეები ბერბერები არიან. მათი ცივილიზაციის კვალი საჰარაში ძველი ქვის მხატვრობებითა და აკლდამების ფორმით არის შემონახული. ბერბერები ძველეგვიპტურ და ბერძნულ დოკუმენტებში ბევრგან არიან ნახსენები და დღესაც საჰარაში ცხოვრობენ.