რას ეძებ?

რელიგია ფილოსოფია

რას განასახიერებს წმინდა გიორგი?

რას განასახიერებს წმინდა გიორგი? - გიორგობა

რას განასახიერებს წმინდა გიორგი, ანუ საქართველოს ეროვნული იდენტობის მაკონსტრუირებელი ნარატივი? “ბოროტსა სძლია კეთილმან”? უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებას? საქმე ასე მარტივად არაა.

ჯერ ერთი, რომი არ ყოფილა ბნელი ძალა, უფრო პირიქით, ცივილიზაციის სხივი იყო ანტიკურ სიბნელეში. არც დიოკლეტიანე ყოფილა უბრალოდ “ბოროტი”. მისმა სამხედრო და ადმინისტრაციულმა რეფორმებმა განადგურების პირას მყოფ რომს სტაბილურობა მოუტანა და არსებობა ორი საუკუნით გაუხანგრძლივა. ბოლოს და ბოლოს, წმინდა გიორგიმ დიოკლეტიანეს ვერ სძლია. პირიქით, დიოკლეტიანემ მოკლა წამებით და განაგრძო ქრისტიანების გაჟუჟვა.

მაშ, რას განასახიერებს წმინდა გიორგი? რა აძლევს ამ რელიგიურ სიმბოლოს ამხელა ძალას? სიმამაცეს, რომლითაც გმირი ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეს ამარცხებს? დავითისა და გოლიათის ბიბლიური ამბავიც ხომ საკმარისი იქნებოდა ამ შინაარსის გადმოსაცემად, სხვა მსგავსი არქეტიპები ბიბლიურ დავითთან დამარცხდებოდნენ.

ვფიქრობ, წმინდა გიორგი გაცილებით რთული და ძალიან თანამედროვე სიმბოლოა. თანამედროვე პირველ რიგში მისი დუალური ბუნებისა და ფსიქოლოგიური სიღრმის გამო. ის ხომ რომაელი ლეგიონერი იყო, რომელიც იმპერატორამდე საკუთარ თავს აუმხედრდა. მან რომი წარმატებით მხოლოდ საკუთარ თავში დაამარცხა.

ალბათ არა მარტო ჩემი აზრით, წმინდა გიორგი პირველ რიგში შინაგანი ბრძოლის სიმბოლოა – ბრძოლა პრაგმატიზმსა და იდეალიზმს შორის, ადამიანის ძლიერი საბაზისო მოთხოვნილებების, ინსტიქტების მარცხი აღმატებულ, სულიერ მოთხოვნილებებთან.

საბოლოო ჯამში რთულია, ვიპოვოთ ჩვენი ერისთვის უკეთესი სიმბოლო. საქართველოს უარი საბჭოთა კავშირს კომფორტის დათმობა არ იყო? ჩვენი ქვეყნის ხალხი სხვადასხვა დროს აჩვენებდა უნარს, იმპერიების ბოძებულ ოქროს გალიაზე უარი ეთქვა თვითგამორკვევის, გაურკვეველ მომავალში სულიერი ძიების სასარგებლოდ.

თანამედროვე ისტორიული თვალსაზრისით, საინტერესო და მნიშვნელოვანი მგონია ისიც, რომ გიორგობა ვარდების რევოლუციის დღეს ემთხვევა. ამ დამთხვევაშიც აისახება წმინდა გიორგის ბუნება, რომელიც საგარეოსთან ერთად, შინაგან დემონებთან ბრძოლას განასახიერებს და როგორც გმირს, ასევე დრაკონს მოიცავს საკუთარ თავში.

ისმის კითხვა, რა ხდება დრაკონის განგმირვის შემდეგ? რა ხდება ზღაპრის ბოლოს? Happily ever after? ბედნიერად ცხოვრება? ან იქნებ გმირი თავად იქცევა დრაკონად?

მაგალითად, რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ თავდაპირველ იდეალებს – სამართლიანობას, თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის წინაშე თანასწორობას – საბოლოოდ მაინც ხომ უღალატა?

თუმცა ხატზე არ არის ასახული რომი წმინდა გიორგის შემდეგ, არც ზღაპარშია მოთხრობილი გმირის ცხოვრება მას შემდეგ, რაც დრაკონად იქცა. არც უნდა იყოს!

წმინდა გიორგი ერთ მომენტს, იდეალების ტრიუმფს განასახიერებს, ისევე როგორც ვარდების რევოლუცია. ამაღლებული იდეალებისთვის ბრძოლა ყოველდღიური პროცესია და არა საბოლოო დანიშნულება. ჩვენ თავისუფლებას დავკარგავთ, როცა მისთვის ბრძოლას შევწყვეტთ როგორც ინდივიდები, საზოგადოება და სახელმწიფო. სიმბოლოების ძალა მათ რეტროსპექტულობაშია. დღე და ღამე ადგილმონაცვლეები არიან.

ამიტომ, მთელი გულით მწამს, რომ საქართველო კიდევ ბევრჯერ ამაღლდება შინაგან და გარეგან დემონებზე. ჯერ შეიძლება სტალინი შვას, ან პუტინი გაზარდოს, თუმცა საბოლოოდ ორივესთან გაიმარჯებს უთანასწორო, თავგანწირულ ბრძოლაში. და ამ ტრიუმფის მომენტები ხატებად აღიბეჭდება, რომელიც ლაშარის წმინდა გიორგივით გაგვიძღვება ისტორიის ახალ-ახალი მძიმე გამოწვევების წინაშე შესაგულიანებლად.

ამ ისტორიულ ეპოქაში მომდევნო დრაკონის დამარცხების ჯერია, რომელსაც ახლა უკრაინული ცხენის ფლოქვები ჟეჟავს, სანამ მის ფართოდ დაფჩენილ ხახაში შუბს მათ შორის ჩვენი ლეგიონის ბიჭები დააბინავებდნენ. ეს გარეთ. შიგნით კი ქე იცით, ვისიც.

@ Shota Dighmelashvili / წმინდა გიორგი / გიორგობა / გიორგობის დღესასწაული

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *