საქართველოს ფლორა და გლობალური ეკოლოგიური საფრთხეები

ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებოლი ბუნებასთან, იყო მისი განუყოფელი ნაწილი. დღეს მეცნიერების მიერ კეთდება შემაშფოთებელი პროგნოზები იმის შესახებ, რომ დედამიწაზე შეიძლება მცენარეთა 2/3 გადაშენდეს. და ეს მაშინ, როდესაც მცენარეები ყველა სულდგმულის არსებობის აუცილებელი პირობაა, ის არის საკვები, სამკურნალო პრეპარატი მედიცინაში, საშენი მასალა, ნიადაგის დამცავი ეროზიისგან და სხვ. სნორედ მცენარეები ქმნიან იმ მიკროკლიმატს, რომელიც აუცილებელია და სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ბოლო ათწლეულის მანძილზე ბიომრავალფეროვნების შესწავლამ ცხადყო, რომ გადაშენების საფრთხე პოტენციურად ემუქრება მცენარეთა რიგ მნიშვნელოვან სახეობებს. ამის ძირითად მიზეზად კი გააქტივებული ანთროპოგენული ზეგავლენა სახელდება: ნიადაგის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენება, გზების გაყვანა, მშენებლობა, ტყის გაჩეხვა და ეკოლოგიური მოვლენები.
საყურადღებოა ისიც, რომ წლების მანძილზე მნიშვნელოვნად განვითარდა ძლიერი კონკურენტუნარიანობით გამორჩეული (ადვენტური) მცენარეები, რომლებიც დევნიან ბუნებიდან ადამიანისთვის საჭირო და ძვირფას სახეობებს. დღეს დაბინძურებულია არა მარტო მდინარეები და ტბები, არამედ დასნებოვნებულია ნიადაგიც. ამას ემატება ისიც, რომ ყოველწლიურად საქართველოში ეკოლოგიური სტიქიური მოვლენების (ღვარცოფი, ნიადაგის ეროზიები) გამო იკარგება ნიადაგის მნიშვნელოვანი ნაწილი და თანდათან მცირდება მისი სასარგებლო კოეფიციენტი.
თანამედროვე ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დედამინაზე ეკოლოგიური თანაფარდობის დარღვევას. საჭიროა ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას მეტი ყურადღება დაეთმოს და ხელი შეეწყოს მოსახლეობის ახალი ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას. „თუ გადაშენდა მცენარე და მწვანე ფოთოლი, რომელიც თავისი შემოქმედებით „პატარა ლაბორატორიაა“, მაშინ პლანეტაზე ყველა სულდგმული შეწყვეტს სიცოცხლეს“.
მცენარის ფოთოლი ბუნებრივი ფილტრია, რომელიც ფოტოსინთეზის საშუალებით დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს, აჯანსაღებს კლიმატს და ქმნის ჯანმრთელ გარემოს სიცოცხლისათვის. კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ფლორის მრავალფეროვნება ოდითგანვე იმსახურებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკოსების, ნატურალისტების, ექიმების და სხვათა განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგანაც საქართველო ენდემებით გამორჩეული ქვეყანაა. საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიო ბუნების დაცვის კონვენციის ბევრ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ფლორის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელსაც თავისი ღირებულებითა და მნიშენელობით ანალოგი არ მოეპოვება.
