რას ეძებ?

საზოგადოება საქართველო

საქართველო და სტალინი – ლაშა ბაქრაძე

სტალინი და საქართველო - ლაშა ბაქრაძე

პარტიის მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენების შემდეგ, 1956 წლის 5 მარტს საქართველოში სტალინის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით დიდი გამოსვლები დაიწყო. ეს 20-იანი წლების შემდეგ საბჭოთა კავშირში მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პირველი მასობრივი პროტესტი იყო პოლიტიკური მოთხოვნებით. შეშინებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ 9-10 მარტის ღამით მომიტინგეებს გამოსვლების ეპიცენტრში – თბილისში ცეცხლი გაუხსნა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

ხრუშჩოვის სიტყვა “პიროვნების კულტის და მისი შედეგების შესახებ” ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, უამრავი ჭორი გაჩნდა. მათ შორის ისიც, რომ სტალინის თვისებებს ხრუშჩოვი მის ეთნიკურ წარმომავლობას მიაწერდა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები სტალინისტური და კომუნისტური ლოზუნგებით გამოდიოდნენ, მათი გამოსვლების უკან, უპირველესად, ნაციონალისტური ემოციები იდგა. ისინი, როგორც ქართველები, შეურაცხყოფილები იყვნენ სტალინისადმი უდიერი მოპყრობით.

იმ ქართველების წარმოდგენაშიც კი, ვისაც ტვინი არ ჰქონდა გამორეცხილი სტალინისტური პროპაგანდით და საქართველოს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლად აღიქვამდა, სტალინი არა მხოლოდ საბჭოთა ბელადი, ამ ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი შემქმნელი იყო, არამედ ქართველი, რომელმაც მოახერხა, ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი ყოფილიყო. ამ პრიმიტიული კომპენსაციის ფორმულა ასეთი იყო – “ჩვენზე რუსები ბატონობენ, მათზე კი “ჩვენი ბიჭი”.

ქართველების დამოკიდებულება სტალინთან პირდაპირ არ უკავშირდებოდა და, მით უმეტეს, დღეს არ უკავშირდება საბჭოთა იმპერიისადმი, ან კომუნისტური იდეოლოგიისადმი სიმპათიას. 1956 წლის მარტის დემონსტრაციის ძალადობრივმა დაშლამ საქართველოში კომუნისტური იდეოლოგიის გაკოტრება, შეიძლება ითქვას, მისი დასამარება გამოიწვია. 1956 წლიდან სტალინის პატივისცემა კარგავს კავშირს კომუნისტურ იდეოლოგიასთან და ნელ-ნელა სრულიად შორდება მას.

საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ არსებობს ოდნავ მაინც გავლენიანი კომუნისტური პარტია. რუსეთისგან განსხვავებით, არც ძლიერი ნოსტალგია შეიმჩნევა საბჭოთა წარსულის მიმართ და ძნელად მოიძებნება ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც შეიძლება იზიარებდეს პუტინის აზრს, რომ “მეოცე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური კატასტროფა საბჭოთა კავშირის დანგრევაა”. სტალინის ფაქტორის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი ქართველების იმპერია არ ყოფილა – ეს სტალინის მოყვარულმა ქართველებმაც იციან.

“მესამე რომი” ან მეორე მსოფლიო ომი ქართული ეთნიკური მითოლოგიის შემადგენელი ნაწილი არაა. ქართველები საკუთარი იდენტობის გასამყარებლად მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას ვერ იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ამ ომში გამარჯვებისთვის. თუმცა, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, ამ ომში გამარჯვებით რუსებზე მეტადაც კი ამაყობენ. მეორე მხრივ, არსებობს დიდი ინტერესი რიცხობრივად შეუდარებლად მცირე ქართველ ლეგიონერთა მიმართ, რომლებიც გერმანელების მხარეს იბრძოდნენ. ქართველები მათ არ აღიქვამენ, როგორც სამშობლოს მოღალატეებს. საბჭოეთი, პერმანენტული საბჭოთა პროპაგანდის მიუხედავად, ქართველების სამშობლოდ ვერ იქცა.

ქართველებს არც კიდევ ერთი ეროვნული გმირი უნდა სჭირდებოდეთ სტალინის სახით, მაგრამ სტალინი ქართველებისათვის, როგორც ჩანს, ძლიერ პიროვნებად დარჩა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს და რომელიც დღემდე ყველაზე ცნობილი ქართველია. ის ლოკალური პატრიოტიზმის და ხალხური თაყვანისცემის საგნად იქცა. მისი სურათი ყველა მეწაღეს (ალბათ, როგორც მეწაღის შვილი, თითქოს მეწაღეთა მფარველი წმინდანი) ღვთისმშობლის ხატის გვერდით უკიდია.

პატარა ქოხი გორში ისეთივე რელიგიური თაყვანისცემის ადგილად გადაიქცა, როგორც ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში. ამ ქოხზე გალაკტიონ ტაბიძე ამბობს – “აქ საიდუმლო პატარა ქოხის – / საიდუმლოა კაცობრიობის” და ლექსის ბოლოს – “მას ხომ თავისი არ აქვს სახელი, / მისი სახელი – ლეგიონია”. გრიგოლ რობაქიძე სტალინს აჰრიმანულ ძალას მიაწერს. ისინიც კი, ვინც სტალინისადმი კრიტიკულად არიან განწყობილნი, მასში დემონს, სატანას (ლეგიონი ეშმაკის სახელია. მარკოზი 5:9), ზეკაცს ხედავენ.

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავდა დავითის ენერგიისა და ნიჭის შეუსაბამობას ქვეყნის მასშტაბთან. “თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერ-ცა-რას ალექსანდრე [მაკედონელი] იქმოდა კარგსა. და თუ-მცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინ-მცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა ქებულთანი”. ეს ქართული ოცნება რვა საუკუნის შემდეგ რეალობად სტალინმა აქცია.

სტალინისადმი სიმპათიას რუსეთსა და საქართველოში განსხვავებული მიზეზები აქვს – თუ რუსეთში სტალინი პატერნალისტური წესრიგის და სახელმწიფოს “მკაცრი ხელის” სიმბოლოა, საქართველოში ის უფრო ნორმიდან გადახვევად, არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებულად აღიქმება. ქართველებისთვის დღემდე უჩვეულოა ის, რომ დაპყრობილი ერის წარმომადგენელი მეტროპოლიის სათავეში მოექცა.

მიუხედავად პარტიის მეოცე ყრილობისა და ხრუშჩოვის სიტყვისა, მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საბჭოეთში დესტალინიზაცია არ მომხდარა. ის არ მომხდარა, შესაბამისად, არც საქართველოში. საბჭოთა ტერორი, რომელზეც, ბოლშევიკთა პარტია და პირველ რიგში, სტალინია პასუხისმგებელი, ფართო საზოგადოების განხილვის საგანი მხოლოდ “პერესტროიკის” დროს გახდა.

განსხვავებით სხვა ტოტალიტარული რეჟიმისგან, მაგალითად, გერმანიისგან, სადაც ისტორიის გადამუშავება (დაძლევა) მაშინვე დაიწყო, როგორც კი რეჟიმი დასრულდა, საბჭოთა კავშირში სტალინის სიკვდილთან ერთად რეჟიმი არ შეცვლილა, არამედ ოდნავ უფრო “ლმობიერი” გახდა. ქვეყნის სათავეში სტალინისდროინდელი დამნაშავეები დარჩნენ; ტოტალიტარული რეჟიმის საფუძველი – კომუნისტური იდეოლოგია კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ამ რეჟიმის შექმნასა და სტაბილიზაციას უწყობდა ხელს, პასუხი არასდროს უგია.

სწორედ ამ მიზეზით, ისტორიის დაძლევა ისე, როგორც, მაგალითად, გერმანიაში, საბჭოთა კავშირში არასოდეს მომხდარა. საბჭოთა ისტორიით ფართო საზოგადოების დაინტერესება და ინფორმაციის მიღება შესაძლებელი მხოლოდ სტალინის სიკვდილიდან დაახლოებით 35 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში გახდა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უაღრესად რთული სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომელიც უახლოესი ისტორიის სერიოზულად განსჯის საშუალებას არ იძლეოდა (1995 წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავზე ედუარდ შევარდნაძემ სტალინის მუზეუმში სტალინის “ფენომენის” შესასწავლი ცენტრის შექმნაზე ისაუბრა – მაგრამ, ეს გეგმა არ განხორციელებულა). სამწუხაროდ, ეს დაუინტერესებლობა უახლესი ისტორიით, მტკივნეული საკითხებისადმი წაყრუების, დანაშაულის გრძნობისგან გაქცევის მცდელობა და სხვაზე გადაბრალების სურვილი, ქართულ საზოგადოებაში დღემდე გრძელდება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანტირუსულ და ანტიკომუნისტურ რიტორიკასთან ერთად სტალინის კრიტიკაც ისმოდა, მაგრამ სერიოზული ისტორიული და პოლიტოლოგიური კვლევები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა და ყურადღებას მიიპყრობდა, საქართველოში, სამწუხაროდ, არ შედგა. პროპაგანდისტული მიზნით შექმნილ ოკუპაციის მუზეუმს, რასაკვირველია, საზოგადოების ცოდნა საბჭოთა და, კერძოდ, სტალინური ეპოქის შესახებ დიდად არ გაუზრდია. არც ზედაპირულ სატელევიზიო ფილმებს შეუძლიათ სერიოზულად შეცვალონ დამოკიდებულება სტალინისა და მისი ეპოქისადმი. არც სასკოლო წიგნები აწვდიან ახალგაზრდებს საკმარისად ღრმა ინფორმაციას საბჭოთა ეპოქის შესახებ, უმაღლეს სასწავლებლებში თითქმის არსად ისწავლება საბჭოეთის ისტორია.

გორში სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთების ინიციატივას ქვეყანაში არანაირი დისკუსია არ მოჰყოლია, ამის სურვილი არც ხელისუფლებას ჰქონდა. მეტიც, სავარაუდოა, იაფფასიან რიტორიკას ან ისეთ აქციებს, როგორიც სტალინის ძეგლის მოხსნაა გორში, ღამით ჩუმად, ზემოდან ბრძანებით, ან ხელისუფლების ბრძოლას საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ, უკურეაქციაც გამოეწვია – სამწუხაროდ, ამის ემპირიული დასაბუთება შეუძლებელია, რადგან დღემდე არცერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ამ თემაზე ჩვენთვის ცნობილი არაა. თუნდაც სტალინთან დაკავშირებული სოციოლოგიური კვლევების არარსებობა საზოგადოების ინდიფერენტულობაზე, ან პრობლემის არდანახვის სურვილზე მიგვითითებს.

საქართველოში შეუძლებელია, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სტალინთან საზოგადოების დამოკიდებულებაში რაიმე დინამიკა დავინახოთ, თუნდაც ისე, როგორც ეს რუსეთის მაგალითზეა შესაძლებელი. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩევის და ამ მიმართულებით იდეოლოგიური წნეხის მოხსნისთანავე რამდენიმე სოფელში მოსახლეობამ სტალინის გადამალული ძეგლი გამოიტანა და ისევ აღმართა. გორშიც მალე დააბრუნებენ სტალინის ძეგლს.

სტალინისადმი საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულების ერთადერთ, ერთი შეხედვით, ხელჩასაჭიდ მონაცემად შეიძლება 2009 წელს ჩატარებული სატელევიზიო შოუ “საქართველოს დიდი ათეული” მივიჩნიოთ. სტალინი, ბევრისთვის გასაკვირად, ათეულში არ მოხვდა. ჩვენს ხელთ არსებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გაცნობის შემდეგ ეჭვი ჩნდება, ხმები ხომ არ გააყალბეს. ალბათ, ყველას ახსოვს, რუსეთში 2008 წელს, მსგავს სატელევიზიო პროექტში “Имя России”, ხელისუფლების ჩარევის შემდეგ, სტალინი რამდენჯერმე “ჩამოაქვეითეს”.

2012 წლის ნოემბრის სოციოლოგიური გამოკითხვა შემაშფოთებელ შედეგებს გვაჩვენებს. სტალინისადმი კეთილგანწყობა ქვეყანაში ძალიან დიდია. ქართველები ბევრად უფრო პოზიტიურად არიან განწყობილნი სტალინისადმი, ვიდრე სომხები ან აზერბაიჯანელები, უფრო მეტიც – ვიდრე რუსები.

მიუხედავად შედარებით მცირე სიმპათიისა აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც მითოლოგიზირებული ემოციური კავშირი სტალინთან, გასაგები მიზეზებით, ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში, სტალინს ამ ორ ქვეყანაში მაინც საკმაოდ დადებითად აფასებენ. მაგრამ ყველაზე გასაოცარი მონაცემი მაინც აზერბაიჯანული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, სადაც გამოკითხულთა 22%, ხოლო ახალგაზრდათა 36%, ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის სტალინი (ვფიქრობ, ეს მონაცემები აზერბაიჯანის განათლების სისტემის სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს).

სამწუხაროდ, სტალინისადმი სიმპათიებს ვერც მხოლოდ გაუნათლებლობას დავაბრალებთ. როგორც მოსალოდნელი იყო, საშუალო განათლების და უფრო მეტად, საშუალო ტექნიკური განათლების მქონე რესპონდენტებში მეტია დადებითი დამოკიდებულება სტალინისადმი, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონეთა შორის. მაგრამ ეს განსხვავება იმდენად მცირეა, რომ შეგვიძლია ვთქვათ – საერთო განათლება გამოკითხულთ ხელს არ უშლით სტალინისადმი სიმპათიებში.

განათლების მიხედვით რომ დიდი განსხვავება არ არის, კარგად ჩანს პასუხში – “სტალინის რეპრესიები პოლიტიკური აუცილებლობა იყო” – რასაც საშუალო განათლების რესპონდენტთა – 22% და უმაღლესი განათლების მქონეთა 24% ეთანხმება. თბილისის მოსახლეობა უფრო კრიტიკულია სტალინის მიმართ, ვიდრე სხვა ქალაქებისა და სოფლების, მაგრამ არც აქ არის ძირეული განსხვავება. ის, რომ თბილისელების 64%-ს, უმაღლესი განათლების მქონეთა 62%-ს, დასაქმებულთა 59%-ს, ახალგაზრდების (18-დან 30 წლამდე) 67%-ს ნამდვილად არ უნდა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს, აჩვენებს, რომ სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულება სრულიად არაა კავშირში მკაცრი ხელის მოთხოვნილებასთან ან წარსულის ნოსტალგიასთან.

ნოსტალგია შეიძლება მხოლოდ პენსიონერთა ჯგუფს ჰქონდეს, რომლებიც სტალინისადმი სიმპათიას გამოხატავენ; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელ პენსიონერთა უმრავლესობა სტალინის პერიოდს ზრდასრულ ასაკში არ მოსწრებია და მათი სტალინისადმი სიმპათიები გვიანი საბჭოთა კავშირის შედარებითი სტაბილურობისა და “კეთილდღეობისადმი” ნოსტალგიით უფრო აიხსნება, კერძოდ, ბრეჟნევის პერიოდით, როდესაც გარკვეულწილად სტალინის რეაბილიტაციაც მოხდა. მიუხედავად ამისა, პენსიონერთა უმრავლესობა (34%) სტალინის რეპრესიებს პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს (31% კი აუცილებლობად), რაც მათ, ისევე, როგორ სხვა ჯგუფებს, ხელს არ უშლით ჰქონდეთ სიმპათიები სტალინისადმი. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა სტალინის მმართველობისას გაღებულ მსხვერპლს არ ამართლებს.

ახალგაზრდების (18-დან 30 წლამდე) თითქმის მეოთხედის დამოკიდებულება სტალინისადმი გულგრილია და კიდევ ერთი მეოთხედი უარს ამბობს (2%), არ იცის, რა უპასუხოს (17%) ან აცხადებს, რომ არ იცის ვინაა სტალინი (6%). სხვა კითხვებზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი პასუხობს – “არ ვიცი”, რაც მათ ინდიფერენტულობაზე ან უცოდინრობაზე მეტყველებს.

რესპონდენტებში, რომლებიც რუსეთს საქართველოს მთავარ მტრად აღიქვამენ, სტალინისადმი დამოკიდებულება ნაკლებადაა დადებითი, ვიდრე სხვა გამოკითხულთა შორის (41% და 52%), უარყოფითი კი – მეტი (26% და 15%); მაგრამ არც ეს არცთუ ისე დიდი განსხვავება იძლევა საშუალებას ვამტკიცოთ, რომ სტალინისადმი დამოკიდებულება რეალურად კავშირშია რუსეთისადმი სიმპათია-ანტიპათიასთან.

საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, მმართველობის დემოკრატიულ სისტემას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს (68%), რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ფასეულობათა აღრევას. აზერბაიჯანში სტალინისადმი სიმპათია ყველაზე მცირეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ავტორიტარულ მმართველობასა და სტალინისადმი სიმპათიას შორის პირდაპირი კავშირი არ ჩანს.

გამოკითხვის შედეგები იმაზეც მეტყველებს, რომ საბჭოთა საქართველოს ტრანსფორმაციამ გარეგნული გადასხვაფერების გარდა, ბოლო 9 წლის დაჩქარებული მოდერნიზაციის შემდეგაც, მოქალაქეთა თავებში ბევრი ვერაფერი შეცვალა. ზემოდან ნაბრძანები სტალინის ძეგლის მოხსნა ან სტალინის მუზეუმის გადაკეთების სურვილი სტალინიზმის მუზეუმად ვერც ვერაფერს შეცვლიდა. ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ საბჭოური აზროვნების ტყვეობაშია.

ქართული საზოგადოება კონსერვატიულია. კონსერვატიულობა ბოლო ათწლეულებში იმატებს. ეს “ეკლესიურობასთან” მიმართებაში, ვფიქრობ, აშკარად ჩანს. საზოგადოება თავს არიდებს მტკივნეულ თემებზე საუბარს, არ ცდილობს წარსულის კრიტიკულად გააზრებას. ჩამოყალიბებულ ფასეულობათა ნაწილია – “ქართველი ხალხის საამაყო შვილი” – სტალინი, რომლის გადაფასებაც ჯერაც არ მომხდარა.

მალე სტალინის სიკვდილიდან 60 წელი შესრულდება. ექვსი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ დესტალინიზაცია ვერ მოახერხა. და ისიც სიმბოლურია, რომ 2010 წელს გორში მოხსნილ სტალინის ძეგლს, ქალაქის მთავარი მოედნიდან მუზეუმის ეზომდე – მხოლოდ 500 მეტრით გადააადგილებენ.


ავტორის შესახებ: ლაშა ბაქრაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი 2010 წლიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2005-2009 წლებში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი. სწავლობდა იენის, ბერნის და პოტსდამის უნივერსიტეტებში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *