რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

შვარცვალდი: გერმანიის ულამაზესი რეგიონი

შვარცვალდი, გერმანიის ულამაზესი რეგიონი

ისედაც დაბურული და მთა-გორაკების ჩრდილით კიდევ უფრო დაბნელებული უღრანი შვარცვალდის ხსენებისას საუკუნეების მანძლზე ადამიანს ზღაპრები და მაღალი კოშკები დაუდგებოდა თვალწინ. შვარცვალდი „ბნელ ტყეს“ ნიშნავს. ტყის ჭრამ ეს ადგილი გაამეჩხერა და დღეს მის ფიჭვნარს უღრანი ნამდვილად არ ეთქმის. თუმცა, ლამაზია და უნიკალური სურნელით გამოირჩევა. ტრადიციული არქიტექტურის ნიმუშებით სავსე პატარა ქალაქებითა და სოფლებით მოფენილი და ღელეებითა და გზა-ბილიკებით დასერილი შვარცვალდი გერმანული კულტურული მემკვიდრეობაა.

12000 კმ2 ფართობის შვარცვალდი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვრებთან მდებარეობს და თითქმის მართკუთხედის ფორმა აქვს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე დაახლოებით 200 კილომეტრს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ – 60-ს. ოდესღაც მყინვარებით დაფარულ ტყეში რამდენიმე მაღალი მთაა, რომელთა შორის უმაღლესია ფელდბერგი (1493 მ). შვარცვალდის ღრმა ხევები და მდინარეები ბოლო გამყინვარების ეპოქიდანაა. შვარცვალდში იღებს სატავეს ევროპის სიგრძით მეორე მდინარე დუნაი; აგრეთვე შედარებით პატარა მდინარეები: ენცი, კინციგი და ნეკარი.

ხშირ ტყეში ძირითადად ფიჭვი და ნაძვი ჭარბობს (საუკუნეების მანძილზე ტყისჭრა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო დარგი იყო. ხისმჭრელები ადგილობრივი ზღაპრების პოპულარული პერსონაჟები არიან). ტყეში ცხოველების (გარეული ღორი, ირემი…) და ფრინველების მრავალი სახეობა ბინადრობს. ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, დათვები და მგლები უკვე გადაშენდნენ, თუმცა, მიმდინარეობს მათი რეინტროდუქცია.

სატყეო მასალის გარდა, შვარცვალდი ვერცხლის საბადოებითაც იყო ცნობილი. საბადოების წყალობით რეგიონი გამდიდრდა, ხოლო ფრაინბურგი საუნივერსიტეტო ქალაქად იქცა. ფრაინბურგის რატუშა, კოშკურებიანი კარიბჭეები და XVI საუკუნის სავაჭრო პალატა ადგილობრივი არქიტექტურული სტილის თვალსაჩნო ნამუშევრებია. სხვა ქალაქები და სოფლები – ორფერდა, შავსახურიანი სახლებით დამშვენებული კალფი, გენგენბახი და შილტახი – გერმანიის წარსულის სურნელით არის გაჟღენთილი.

XVII საუკუნეში სამთო მრეწველობამიკლო დ შვარცვალდი თანდათან საათების დამზადების ცენტრად იქცა. ეს საქმე დღესაც პოპულარულია. ტურისტები ხშირად სტუმრობენ მაღაზიებს, სადაც ცნობილი გუგულებიანი საათები იყიდება. ვინაიდან ხე-ტყის ჭრა მკაცრად კონტროლდება და მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი ირგება, შვარცვალდის ძირითად მრეწველობად დღეს ტურიზმი ითვლება. მრავალი მაღარო, სადაც ლეგენდების მიხედვით ჯუჯები მუშაობდნენ, დღეს საზოგადოებისთვის ღიაა. თვალწარმტაცი პეიზაჟების გარდა გემრიელი ნამცხვრებითა და ლორით ცნობილი ტყე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა.

ტეგები: შვარცვალდი, გერმანია, ისტორია, ტურიზმი, ღირშესანიშნაობა, ტყე, ბნელი ტყე, საინტერესო, schwarzwald, germany, germania, tye, istoria, turizmi, saintereso
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *