რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

სერენგეტი / აფრიკის საოცარი ველური ბუნება

სერენგეტი - აფრიკა - მასაი მარა - პარკი

გარდა იმისა, რომ წელიწადში ორჯერ მის ბალახიან მინდვრებს ცხოველთა დიდი ჯოგები კვეთს, ვრცელი და უკიდეგანოდ ლამაზი სერენგეტი გამორჩეულია „კოპიეს“ სახელით ცნობილი კლდოვანი ქანებით, მაღალი ვულკანებით, ტყეებით, მდინარეებითა და აკაციების დაბლობებით. დღეს სერენგეტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ორ ძეგლს, იუნესკოს ორ ბიოსფერულ ნაკრძალსა და რამდენიმე ეროვნულ პარკს შეიცავს. სერენგეტის დიდებული ხედებით მოხიბლული მკვლევარი, სტიუარტ ედვართ უაითი 1913 წელს წერდა: „მრავალი კილომეტრი ვიარეთ გადაბუგულ მხარეში… უცებ მდინარის ხეებით დაფარული სანაპირო დავინახეთ; კიდევ სამი კილომეტრი ვიარეთ და სამოთხეში აღმოვჩნდით“.

ჩრდილო-დასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთ-დასავლეთ კენიაში თითქმის 30000 კმ2-ზე გადაჭიმული სერენგეტის რეგიონი დაცულია და მოიცავს სერენგეტის ეროვნულ პარკს, ნგორონგოროს ნაკრძალს, მასუას სამონადირეო მეურნეობას, ლოლილონდოს, გრუმეტისა და იკორონგოს დაცულ ტერიტორიებს და მასაი-მარას ეროვნულ ნაკრძალს კენიაში. ამ ადგილას ოდესღაც „ჰომო ჰაბილისები“ (ხელმარჯვე ადამიანები) ცხოვრობდნენ. 2.6 მილიონი წლით დათარიღებულ პრიმიტიულ ხელსაწყო-იარაღებს დღესაც პოულობენ ოლდუვაის ხეობაში. XVII-XVIII საუკუნეებში აქ მასაის ხალხი დასახლდა.

ჟირაფი - სერენგეტი - აფრიკა

სერენგეტის ეკოსისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. მეცნიერების აზრით, მილიონობით წლის განმავლობაში ის სულ ოდნავ შეიცვალა. აქ მრავალი სახეობა ბინადრობს – მხოლოდ კლდოვან კოპიებში მცენარისა და მცირე ზომის ძუძუმწოვართა ასობით ისეთი სახეობა გვხდება, სხვაგან რომ არ არსებობს. ვრცელ დაბლობზე დიდი ზომის ძუძმწოვრები – ანტილოპა გნუ, ქურციკი, ზებრა და ჟირაფი – გვხდება. ისინი აქ ბალახობენ და ყოველ ოქტომბერსა და აპრილში ბუნების საუკეთესო სანახაობას წარმოადგენენ: „დიდი მიგრაცია“ მსოფლიო ბუნების საოცრებებიდან ერთ-ერთია – თითქმის ორი მილიონი ცხოველი სამი ათასამდე კილომეტრს გადის დაბლობებსა და ხეობებში, გადაკვეთს ნიანგებით სავსე მდინარეებს და კენიისკენ მიემართება მწვანე ბალახის საპოვნელად.

მათ გარდა სერენგეტში ლომები, ჯიქები, მარტორქები, სპილოები და აფრიკული კამეჩები გვხდებიან. აფრიკული კამეჩი სერენგეტის ბინადართაგან ყველაზე საშიშად ითვლება და მასზე ხშირად ნადირობდნენ. დღეს ნადირობა მკაცრად იკრძალება, თუმცა, აფრიკის ველური ბუნებისა და კონტინენტის ყველაზე ლამაზი პეიზაჟების სანახავად ყოველწლიურად მაინც 90000 ტურისტი ჩადის.

სერენგეტი - დიდი მიგრაცია - აფრიკა
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *