რას ეძებ?

საინტერესო ფილოსოფია

სექსი / ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

სექსი / ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

შეკითხვა: ჩვენ ვიცით სექსი, როგორც გარდაუვალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური აუცილებლობა და, როგორც ჩანს, სწორედ ის არის უმთავრესი მიზეზი ქაოსისა ჩვენი თაობის ადამიანებს შორის. როგორ შეგვიძლია გავართვათ თავი ამ პრობლემას?

პასუხი: რატომ ხდება, რომ ყველაფერი, რასაც კი ჩვენ ვეხებით პრობლემად იქცევა? ჩვენ პრობლემად ვაქციეთ ღმერთი, ჩვენ პრობლემად ვაქციეთ სიყვარული, ჩვენ პრობლემად ვაქციეთ ურთიერთობა ადამიანებს შორის, თვითონ ცხოვრება. და პრობლემად ვაქციეთ სექსიც. რატომ? რატომ ვაქცევთ ყველაფერს პრობლემად, საშინელებად? რატომ ვიტანჯებით ჩვენ? რატომ გახდა სექსი პრობლემა? რატომ დავემორჩილეთ პრობლემებით ცხოვრებას? რატომ ბოლოს არ მოვუღებთ მას? რატომ არის, რომ იმის ნაცვლად, ეს პრობლემები დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე ვათრიოთ, ჩვენ არ ვკვდებით ჩვენი პრობლემების მიმართ? შეკითხვა სექსის შესახებ მართებული შეკითხვაა, მაგრამ აქ უმთავრესი საკითხი ის არის, რატომ ვაქცევთ ჩვენ ცხოვრებას პრობლემად. საქმეები, სექსი, ფულის შოვნა, ფიქრები, გრძნობები, განცდები – თქვენ კარგად იცით ცხოვრების მთელი ეს წრე – რატომ წარმოადგენს ეს ყველაფერი პრობლემას? ის ხომ არ არის არსი, რომ ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ გარკვეული თვალსაზრისით, ფიქსირებული თვალსაზრისით? ჩვენ ხომ ყოველთვის ცენტრიდან პერიფერიისკენ ვფიქრობთ.

სწორედ პერიფერია წარმოადგენს ცენტრს ჩვენი უმრავლესობისათვის და ამიტომ ყველაფერი, რასაც კი ვეხებით, ზედაპირულია. მაგრამ ცხოვრება ზედაპირული არ არის. ის მოითხოვს სრულად ცხოვრებას და რადგან ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად ვცხოვრობთ, მხოლოდ ზედაპირულ რეაქციებს ვიცნობთ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ პერიფერიაში, ამან აუცილებლად უნდა შექმნას პრობლემა. და ეს არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ვცხოვრობთ ზედაპირულად და სრულიად კმაყოფილი ვართ ასე ცხოვრებით – ზედაპირული ცხოვრების პრობლემებით. პრობლემები არსებობს მანამ, სანამ ჩვენ ზედაპირულად ვცხოვრობთ, პერიფერიაში, იმ პერიფერიაში, რომელიც ქმნის „მე“-ს და მის შეგრძნებებს, რომლებიც შეიძლება აიხსნას გარეგნული მიზეზებით ან იყოს სუბიექტური, რომლებიც შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული სამყაროსთან, ქვეყანასთან ან რაღაც სხვასთან, გონების მიერ შექმნილთან.

სანამ ჩვენ გონების ველზე ვცხოვრობთ, უნდა იყოს გართულებები, უნდა იყოს პრობლემები. აი, ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით. გონება – ეს შეგრძნებაა, გონება – ეს შედეგია დაგროვებული შეგრძნებებისა და რეაქციებისა და ყველაფერმა, რასაც კი გონება შეეხება უნდა გამოიწვიოს ტანჯვა, არეულ-დარეულობა, დაუსრულებელი პრობლემა. ჩვენი პრობლემების რეალური მიზეზი გონებაა, გონება, რომელიც მექანიკურად მუშაობს დღისით თუ ღამით, ცნობიერად და ქვეცნობიერად. გონება ყველაზე ზედაპირული რამ არის და ჩვენ ვიცხოვრეთ მრავალი თაობის განმავლობაში, ჩვენ ვფლანგავთ ჩვენს მთელ ცხოვრებას, ვახდენთ ჩვენი გონების კულტივირებას, ვაქცევთ მას სულ უფრო და უფრო ჭკვიანად, სულ უფრო დახვეწილად, სულ უფრო ცბიერად, სულ უფრო უპატიოსნოდ და გაქნილად, რაც თავს იჩენს ჩვენი ცხოვრების ყოველ აქტივობაში. ჩვენი გონების თვით ბუნებაა, რომ იყოს უპატიოსნო, გაქნილი, უუნარო დაინახოს ფაქტები ისეთი, როგორიც ისინი არის და სწორედ ეს ქმნის პრობლემებს. ეს რაღაც ისეთია, რაც თავისთავად წარმოადგენს პრობლემას.

რას ვგულისხმობთ ჩვენ სექსის პრობლემაში? საქმე ეხება აქტს, მოქმედებას თუ აზრს მოქმედების შესახებ? ცხადია, რომ ეს აქტს არ ეხება. სქესობრივი აქტი თქვენთვის პრობლემა არ არის. უფრო მეტად არა, ვიდრე საჭმელია პრობლემა, მაგრამ თუ თქვენ საჭმელზე, ან რაიმე სხვაზე ფიქრობთ მთელი დღეების განმავლობაში, იმიტომ, რომ სხვა არაფერი გაქვთ საფიქრალი, ეს თქვენთვის პრობლემა ხდება. სქესობრივ აქტშია ეს პრობლემა თუ ამ აქტზე ფიქრში? რატომ ფიქრობთ თქვენ ამაზე? რატომ აღვივებთ ამ პრობლემას? არადა ცხადია, რომ თქვენ სწორედ ამას აკეთებთ. კინოფილმები, ჟურნალები, მოთხრობები, ის, თუ როგორ იცვამენ ქალები, ყველაფერი აღაგზნებს თქვენს ფიქრებს სექსის შესახებ. რატომ აწყობს გონება ამ ყველაფერს? რატომ ფიქრობს ის საერთოდ სექსზე? რატომ? რატომ იქცა სექსი თქვენი ცხოვრების ცენტრალურ პრობლემად? იმ დროს, როცა არის ბევრი ისეთი რამ, რაც თქვენს ყურადღებას მოითხოვს, თქვენ მთელ ყურადღებას სექსზე ფიქრებს უთმობთ.

რა ხდება, რატომ არის თქვენი გონება ასე დაკავებული ამით? იმიტომ, რომ ეს არის გზა სრული, უკიდურესი, საბოლოო გაქცევისა. განა ასე არ არის? ეს არის საშუალება სრული თავდავიწყებისა. ამ დროს, ყოველ შემთხვევაში წამის ამ გაელვებაში, თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ საკუთარი თავი, საკუთარი თავის დავიწყების სხვა საშუალება კი არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი, რასაც თქვენ ცხოვრებაში აკეთებთ აქცენტს „მე“-ზე, „თვითობაზე“ აკეთებს. თქვენი ბიზნესი, თქვენი რელიგია, თქვენი ღმერთები, თქვენი ლიდერები, თქვენი პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობა, თქვენი წასვლა რეალობიდან, გაქცევა, თქვენი სოციალური ქცევები, თქვენი გადასვლები ერთი პარტიიდან მეორეში. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს და ძალას სძენს „მე“-ს, ასე რომ, არის მხოლოდ ერთი აქტი, რომელშიც არ არის არავითარი აქცენტი „მე“-ზე და ამიტომ სწორედ ეს ხდება პრობლემა, განა ასე არ არის? როცა თქვენს ცხოვრებაში არის ერთი რაღაც, რაც წარმოადგენს სრულად წასვლის, გაქცევის, საკუთარი თავის სრულად დავიწყების საშუალებას თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში, თქვენ მას ებღაუჭებით, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი წამი, როცა ბედნიერი ხართ.

ყველა სხვა პრობლემა, რომელსაც თქვენ ეხებით, კოშმარის, ტანჯვის და ტკივილის წყარო ხდება, ამიტომ თქვენ ებღაუჭებით იმ ერთადერთ რაღაცას, რომელიც სრულ თავდავიწყებას გაძლევთ და რომელსაც თქვენ ბედნიერებას ეძახით. მაგრამ როცა თქვენ ამაზე მიწებებული ხართ, ესეც კოშმარად იქცევა, იმიტომ, რომ თქვენ ისიც გინდათ ამისგან თავისუფალი იყოთ, არ გინდათ მისი მონა იყოთ. და მაშინ თქვენ იგონებთ, ისევ გონებით, უმწიკვლოების, დაუქორწინებლობის იდეას და ცდილობთ არ დაქორწინდეთ, იყოთ უმწიკვლო საკუთარი თავის დათრგუნვით და ეს ყველაფერი არის გონების მოქმედება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ფაქტისგან განაცალკევოს. ამით ისევ სპეციფიკური აქცენტი კეთდება „მე“-ზე, რომელიც ცდილობს გახდეს რაღაც, რათა ისევ ჩაგიჭიროთ თქვენ ტანჯვის, უსიამოვნების, ძალისხმევის, ტკივილის ქსელში.

სექსი ხდება მეტისმეტად ძნელი და კომპლექსური პრობლემა მანამ, სანამ თქვენ არ ჩაწვდებით გონებას, რომელიც ფიქრობს ამ პრობლემაზე. თვითონ სქესობრივი აქტი არასდროს არ შეიძლება იყოს პრობლემა. პრობლემას ამ აქტზე ფიქრი ქმნის. თქვენ იცავთ ამ აქტს. ან გარყვნილ ცხოვრებას ეწევით ან ქორწინებაში იკმაყოფილებთ თავს, აქცევთ რა ამით თქვენს ცოლს მეძავად და ეს ყველაფერი ძალიან რესპექტაბელური ჩანს და ამით თქვენ დაკმაყოფილებული ხართ იმდენად, რომ ყველაფერს ტოვებთ ისე, როგორც არის.

რა თქმა უნდა, პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ გაიგებთ, „მე“-ს და „თვითობის“ მთელ პროცესს და სტრუქტურას. ჩემი ცოლი, ჩემი ბავშვი, ჩემი საკუთრება, ჩემი ავტომობილი, ჩემი მიღწევა, ჩემი წარმატება – სანამ თქვენ არ გაიგებთ და არ გადაწყვეტთ ამ ყველაფერს, სექსი პრობლემად დარჩება. სანამ თქვენ პატივმოყვარე ხართ – პოლიტიკაში, რელიგიაში თუ რაღაც სხვაში, სანამ თქვენ წინ წამოსწევთ საკუთარ „მე“-ს, მოაზროვნეს, განმცდელს, კვებავთ მას პატივმოყვარული მისწრაფებებით, იქნება ეს საკუთარი, როგორც ინდივიდის სახელით თუ ქვეყნის, პარტიის თუ იდეის სახელით, რომელსაც თქვენ რელიგიას ეძახით – სანამ გრძელდება ამ `თვითობის~, „მე“-ს აქტივობის ექსპანსია, თქვენ სექსის პრობლემა გექნებათ. ერთი მხრივ თქვენ ქმნით, კვებავთ, აფართოებთ საკუთარ თავს, მეორე მხრივ კი ცდილობთ დაივიწყოთ საკუთარი თავი, დაკარგოთ საკუთარი თავი თუნდაც წამიერად. როგორ შეუძლია ამ ორ მიდგომას ერთად იარსებონ? თქვენი „მე“ წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ აქცენტის „მე“-ზე გაკეთება და, მეორე მხრივ „მე“-ს დავიწყება.

სექსი პრობლემა არ არის, პრობლემა თქვენი ცხოვრების ამ წინააღმდეგობაშია და ეს წინააღმდეგობა არ შეიძლება გადაწყვეტილი იქნეს გონებით, იმიტომ, რომ გონება, თავისთავად, წინააღმდეგობაა. ამ პრობლემის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ თქვენ სრულად გესმით თქვენი ყოველდღიური არსებობის პროცესი. კინოფილმების ნახვა და ეკრანზე ქალების ქცევების დაკვირვება, წიგნების კითხვა, რომლებიც ამ აზრის სტიმულირებას ახდენს, დათვალიერება ჟურნალებისა, რომლებშიც ნახევრად შიშველი ქალების სურათებია, თქვენს მიერ ქალების ყურება და მათი საპასუხო ფარული გამოხედვა – ეს ყველაფერი წაახალისებს გონებას შემოვლითი გზებით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ „მე“-ს და ამავე დროს, თქვენ ცდილობთ იყოთ კეთილი, მოყვარული, ნაზი. ამ ორს არ შეუძლია ერთად იაროს. მამაკაცი, რომელიც ამბიციურია სულიერად, თუ რაღაც სხვა მხრივ, არასდროს არ იქნება პრობლემების გარეშე. პრობლემები ხომ მხოლოდ მაშინ წყდება, როცა საკუთარი „მე“ დავიწყებულია, როცა „მე“ არ არსებობს და „თვითობის“ არარსებობის ეს მდგომარეობა არ არის ნების მოქმედება, არ არის მხოლოდ რეაქცია.

სექსი რეაქცია ხდება, როცა გონება ცდილობს გადაწყვიტოს პრობლემა, ამით ის კიდევ უფრო ართულებს პრობლემას, უფრო მტანჯველს უფრო მტკივნეულს ხდის მას. აქტი პრობლემა არ არის, მაგრამ გონება პრობლემაა – გონება, რომელიც ამბობს, რომ ის უმწიკვლო უნდა იყოს. უმწიკვლოება გონებისგან არ მოდის. გონებას შეუძლია მხოლოდ დათრგუნოს თავისი საკუთარი ქმედებები, დათრგუნვა კი უმწიკვლოება არ არის. უმწიკვლოება ზნეობა არ არის, მისი კულტივირება შეუძლებელია. ადამიანი, რომელიც მორჩილების კულტივირებას ახდენს, რა თქმა უნდა, მოკრძალებული არ არის. მას შეუძლია თავის სიამაყეს მორჩილება დაარქვას, მაგრამ ის ამაყი ადამიანია და სწორედ ამიტომ ისწრაფვის მოკრძალებული გახდეს.

სიამაყეს არასდროს არ შეუძლია მოკრძალებული გახდეს და უმწიკვლოება გონების პროდუქტი არ არის. თქვენ არ შეგიძლიათ გახდეთ უმწიკვლო. უმწიკვლოებას მხოლოდ მაშინ ჩაწვდებით, როცა არსებობს სიყვარული, სიყვარული კი გონებისგან არ მოდის და მისი პროდუქტი არ არის.

ამიტომ, სექსის პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს ტანჯავს მთელ მსოფლიოში, არ შეიძლება გადაწყდეს მანამ, სანამ გონება არ იქნება გაგებული. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლო მოვუღოთ აზროვნებას, მაგრამ აზრი დასასრულისკენ მიდის, როცა მოაზროვნე ქრება, მოაზროვნე კი მხოლოდ მაშინ ქრება, როცა არის მთელი პროცესის გაგება. შიში მოდის მაშინ, როცა არის დაყოფა მოაზროვნესა და მის აზრებს შორის. როცა მოაზროვნე არ არის, მხოლოდ მაშინ არ არის არავითარი კონფლიქტი აზრებში. ის, რაც უდავოა, არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს მისი გაგებისათვის. მოაზროვნე ჩნდება აზრის საშუალებით. შემდეგ ის ამჟღავნებს საკუთარ თავს, რათა ფორმა მისცეს თავის აზრებს, გააკონტროლოს ისინი ან მიიყვანოს ისინი დასასრულთან.

მოაზროვნე – ეს ფიქტიური არსებაა, გონების ილუზიაა. როცა აზრის რეალიზაცია ფაქტია, მაშინ არ არის ფაქტზე ფიქრის არავითარი აუცილებლობა. თუ ხდება უბრალო გაცნობიერება, არჩევანს რომ გამორიცხავს, მაშინ ის, რაც აშკარად არ არის ჩართული მოცემულ ფაქტში, იწყებს საკუთარი თავის გამჟღავნებას. ამიტომ აზრი, როგორც ფაქტი, მთავრდება. მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ პრობლემები, გულს და გონებას რომ გვიღრღნის, ჩვენი სოციალური სტრუქტურის პრობლემები, შეიძლება გადაჭრილ იქნეს. მაშინ სექსი წყვეტს არსებობას, როგორც პრობლემა. ის თავის შესაფერის ადგილს იკავებს და ის არ არის რაღაც უსუფთაო ან რაღაც სუფთა. სექსი თავის ადგილს იკავებს. როცა გონება სექსს დომინანტურ მნიშვნელობას ანიჭებს, მაშინ იქცევა ის პრობლემად. გონება სექსს დომინანტურ მნიშვნელობას იმიტომ ანიჭებს, რომ მას არ შეუძლია იცხოვროს ბედნიერების რაღაც გარკვეული დოზის გარეშე და მაშინ სექსი პრობლემა ხდება.

როცა გონება წვდება მთელ თავის პროცესს და ამიტომ ირთვება, ანუ აზროვნება წყდება, მაშინ არის შემოქმედება და სწორედ ეს შემოქმედება გვანიჭებს ჩვენ ბედნიერებას. შემოქმედების ამ მდგომარეობაში ყოფნა – ნეტარებაა, იმიტომ, რომ ეს თავდავიწყებაა, რომელშიც არ არის „მე“-ს, „თვითობის“ არავითარი რეაქცია. ეს არ არის არა აბსტრაქტული პასუხი სექსის ყოველდღიურ პრობლემაზე. ეს არის ერთადერთი პასუხი. გონება უარყოფს სიყვარულს, სიყვარულის გარეშე კი არ არის უმწიკვლოება. და სწორედ იმის გამო, რომ სიყვარული არ არის, თქვენ ქმნით სექსისგან პრობლემას.

სექსი / ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა