რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ნერონი / შეშლილი იმპერატორი

ნერონი - შეშლილი იმპერატორი

მის თავაშვებულობასა და ავხორცობას საზღვარი არ ჰქონდა, არც საკუთარი დედა – აგრიპინა დაინდო, სხვათა შორის, თავად ქალი ყველანაირად ცდილობდა, ეცდუნებინა შვილი-იმპერატორი. ნერონისათვის არ არსებობდა არავითარი სიწმინდე – ისე გათავხედდა, ვესტას ქურუმი ქალი რუბია გააუპატოირა. ტრადიციის თანახმად, ტაძრის მოსამსახურე ქალები ხელშეუხებელნი იყვნენ, მაგრამ რა იყო მისთვის რაღაც ჩვეულება – ნერონი რომის იმპერატორი გახლდათ! პირველი ცოლი – ოქტავია გადაასახლა, მერე მრუშობაში დასდო ბრალი და დასაჯა. მეორე ცოლი – პომპეა უყვარდა, მაგრამ მრისხანების ჟამს ფეხმძიმე ქალს წიხლი ჩააზილა მუცელში და მოკლა.

არც მამაკაცებთან ურთიერთობაზე ამბობდა უარს. ულამაზესი, ქერაკულულებიანი ბიჭი – სპორი მოეწონა, დაასაჭურისა და კანონიერი ცოლივით ატარებდა ყველგან. ნერონის ავხორცობა რომში უამრავი სახუმარო ლექსისა და ღვარძლიანი ეპიგრამის საბაბი იყო. მაგრამ იმპერატორი ავყიებს სიკვდილით არ სჯიდა, ისინი ხომ მის ძალაუფლებას არ ეპოტინებოდნენ. ძალაუფლებას დედამისი – აგრიპინა ესწრაფოდა, გარყვნილი, სასტიკი და პირმოთნე ქალი. მან შვილი აცდუნა იმის იმედით, იქნებ ჩემს ნებას დავუმორჩილოო, მაგრამ სასტიკად შეცდა. ხელისუფლება რომში მხოლოდ და მხოლოდ ნერონს ეკუთვნოდა… დედის მოშორება გახდა საჭირო. ერთ ღამეს აგრიპინას სასახლეს ჯარისკაცები შემოერტყნენ. კარი შეამტვრიეს და რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო…

64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 3 უბანი სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. დაიღუპა უამრავი ადამიანი. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ ხანძარი იმპერატორმა თავად მოაწყო, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით შთაგონება მიეღო პოემა „ტროას“ დაწერისთვის.

როცა რომი იწვოდა, ნერონი სენატის მოედანზე იდგა, ხელთ არფა ეპყრა და ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია სიმღერა. დიდხანს ელოდა ამ დღეს, ძველი რომის ნანგრევებზე ახალ ქალაქს ააშენებდა და თავის სახელს უწოდებდა. რომში არავინ დარჩა ერთგული და მოვიდა სამსჯავროს დღეც… იმპერატორი ყველამ მიატოვა… ერთგული მოხელის ვილაში მისულს სენატის წერილიც წამოეწია: ნერონს სიკვდილი მიესაჯა. სხვა გზა არც ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლეს ვერ ელეოდა, თავის თავსვე ეპრანჭებოდა, ტაკიმასხარაობდა. სწორედ მაშინ შესძახა ცნობილი ფრაზა: „ღმერთო ჩემო, რა მსახიობი იღუპება!“ როგორც იქნა, თავს სძლია და მსახურის დახმარებით მახვილი ყელში ჩაიცა. ნერონმა თავისი ბოლო როლი შეასრულა, ცხოვრების სცენას 32 წლის გაეცალა.

ნერონი - შეშლილი იმპერატორი
ტეგები:
შემდეგი სტატია

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა