შროშანი / საქართველოში გავრცელებული სახეობები
ყვითელი შროშანი / Hemerocallis fulva (L)L / ოჯ. Hemerocallidaceae-ჰემეროკალიქსისებრი
იშვიათი, მაღალდეკორატიული მცენარე; 50-75 სმ-მდე სიმაღლისა; ხორცოვანი ფესურით; ფოთლები – გრძელი, ლანცეტისებრი. ოჯახი ორი გვარითაა წარმოდგენილი; გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში და ცენტრალური ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, იმერეთში, გურია-აჭარასა და ქართლში.
ყვავილი მსხვილი, 14-16 სმ-ის დიამეტრის, მუქი წითელი ან მოყვითალო ფერისაა, ფართოდ გადაშლილი; ერთი კოკორი 4-6 დღის განმავლობაში იხსნება; გადაშლილი ყვავილი არ კარგავს დეკორატიულობას 7-8 დღის განმავლობაში. ყვავის მაის-ივნისში. ერთ საყვავილე ღეროზე ორიდან ცხრა ყვავილამდეა. თესლს არ ივითარებს. მრავლდება სწრაფად მხოხავი ფესურების დაყოფით.
იზრდება ზღვისპირებზე, მდელოებზე, ნაკადულების პირას, ტენიანქვიშიან ეკოტოპებზე. საქართველოში ყვითელი შროშანის ერთადერთი სახეობაა გავრცელებული. მისგან უამრავი სელექციური ჯიში და ჰიბრიდია მიღებული. წარმატებით გამოიყენება აღმოსავლეთ საქართველოს ბაღებისა და პარკების გასაფორმებლად, სათაიგულედ. დაცვის მეთოდები: ex situ კონსერვაციის პირობებში გამრავლება.
კავკასიის მთის შროშანი / Lilium caucasicum (Miscz ex Crossh). Grossh / ოჯ. Liliaceae – შროშანისებრნი
ჩვენი ფლორის უიშვიათესი, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ვიწრო გავრცელების ენდემი. ხარობს კავკასიის შავი ზღვის სანაპირო ზოლში. საქართველოში გვხვდება მისი მხოლოდ რამდენიმე მაღალი საკონსერვაციო მნიშვნელობის მქონე ძალზე იშვიათი სახეობა. გვარი 80-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონაში. საქათველოში გავრცელებულია მხოლოდ აფხაზეთში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლიდან სუბალპურ სარცტყლამდე 1000-1100 მ-ის სიმაღლეზე მუხნარ, წიფლნარ, წაბლნარ ტყეებში, იშვიათად – მაღალ ბალახეულობაში, ტყისპირებზე, ველობებზე.
მცენარე 60-80 სმმდე სიმალლისაა; აქვს მსხვილი მოყვითალო ფერის ბოლქვი; ღეროზე ფოთლები სამ წრედაა განლაგებული; ივითარებს უკუკვერცხისებრ, მოგრძო, წვეროსკენ შევიწროვებული ფორმის 5-10 ყვავილს; ყვავილსაფარი იასამნისფერ-ვარდისფერია, მუქი წინნკლებით მოფენილი; გვირგვინის ფოთლების დაბოლოება ზემოთაა აღუნული; სამტვერები გრძელია, მუქი მეწამული ფერის; მტვრის მარცვლები – კაშკაშა წითელი. ვეგეტაცია მარტის ბოლოდან, ხოლო ყვავილობა აპრილ-მაისში აღენიშნებათ; ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში.
ივითარებს აღმოცენებისუნარიან თესლს. მომწიფებული კოლოფები ხშირად 110-120-მდე თესლს შეიცავს. . მრავლდება ბოლქვით, ქერქლებითა და თესლით. ხასიათდება კარგი ზრდა-განვითარებით ნახევრად დაჩრდილულ ეკონიშებში. გამოიყენება ლანდშაფტურ არქიტექტურაში; შეუდარებელია სასელექციოდ და სათაიგულედ. შემცირების მიზეზი: მაღალდეკორატიულობის გამო მოსახლეობის მიერ დიდი რაოდენობით შეგროვება. დაცვის მეთოდები: განსაკუთრებული ყურადღება სახეობის მიმართ მისი გადაშენების კრიტიკულ ზღვრამდე მიღწევის გამო. მისი დაცვა-გადარჩენა აუცილებელია ex situ კონსერვაციის პირობებში.
ქართული მთის შროშანი / Lilium georgicum Manden / ოჯ. Liliaceae – შროშანისებრნი
აღმოსავლეთ საქართველოს იშვიათი ენდემური, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა. გავრცელებულია მთიულეთში, ხევში, გუდაურისა და ღუდუშაურის ხეობებში, ყანობში, ჯუთაში, ყაზბეგში, გერგეთის მიდამოებში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, თიანეთში. იზრდება სუბალპურ მდელოებზე არყნარში, მაღალ ბალახეულობაში, სადაც გვხვდება ძალზე იშვიათად, ერთეულების სახით.
მრავალწლიანი, ბოლქვიანი, ეფემეროიდი მცენარეა. 60-80 სმ-მდე სიმაღლისაა. აქვს დიდი ზომის ბოლქვი, კვერცხისებრი, მკრთალი ნაღებისფერი მრავალი ქერქლით; ღერო ძირიდანვე ფოთლებითაა შემოსილი. მასზე 1-12 ყვავილია. ყვავილსაფარი მუქი ყვითელია და მეწამულიისფერი წინწკლებითაა მოხატული. ვეგეტაციას აპრილიდან იწყებს. ყვავის მაის-ივლისში, თესლმსხმოიარობს აგვისტოში.
მრავლდება ბოლქვით, ქერქლით და თესლით. შემცირების მიზეზი: მცენარის მაღალდეკორატიულობა და ამის გამო მისი შეგროვება მასობრივად; გავრცელების ადგილსამყოფელის ათვისება სამეურნეო მიზნებისათვის. დაცვის მეთოდები: მათი კლასიკური გავრცელების ადგილების აღკვეთილად გამოცხადება; მიზანია: იშვიათი, მაღალი საკონსერვაციო მნიშვნელობის მცენარის დაცვა-გამრავლება ex situ კონსერვაციის პირობებში.
შოვიცის შროშანი / Lilium szovitsianum Fisch.et. Ave-Lall. / ოჯ. Liliaceae – შროშანისებრნი
საქართველოს ფლორის იშვიათი, მაღალდეკორატიული მცენარე. მისი საერთო გავრცელების არეალი მცირე აზიაა. აქვს კვერცხისებრი ფორმის, მსხვილი, ოქროსფერი ბოლქვი და ქერქლები; 80-120 სმ-მდე სიმაღლის ღერო; ივითარებს 1-12 ყვავილს. შროშანის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, მისი ყვავილი გოგირდისფერი ყვითელია და შიგნით მუქი მეწამული ფერის წინწკლები აქვს; სამტვერები ნარინჯისფერია ან მუქი წითელი, მოხატული; მტვერი კაშკაშა, მოწითალო-ნარინჯისფერია; დინგი – იისფერ-მეწამული. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყელში, განსაკუთრებით მდელოებსა და ტყისპირებზე, ასევე, ქვა-ღორღიან ეკოტოპებზე; მალალბალახეულობის ერთ-ერთი დომინანტი კომპონენტია.
ყოველწლიურად მცირდება რიცხობრივად; გვხვდება მცირე ჯგუფებად ან ერთეული ინდივიდების სახით. ყვავის აპრილ-მაისში; ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. ერთ სათესლე კოლოფში 140-230-მდე თესლს ივითარებს; მრავლდება ბოლქვებით, ქერქლებითა და თესლით. საქართველოში ხარობს ყაზბეგში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. ქართულ ხალხურ მედიცინაში შოვიცის შროშანს ყვავილობის პერიოდში იყენებენ გინეკოლოგიურ დაავადებათა დროს, ფესვებით კი მოტეხილობას მკურნალობენ. დაცვის მეთოდები: დაცვა-გამრავლება ex situ კონსერვაციის პირობებში.