რას ეძებ?

მეცნიერება სხვა ფილოსოფია

ზიგმუნდ ფროიდი / ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი / ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

ფენომენთა არცერთი სხვა ჯგუფი არ არის ისე გამოსადეგი იმის დასამტკიცებლად, რომ ყურადღების სისუსტეს თავისთავად არ ძალუძს ფუნქციის დეფექტურობის ახსნა როგორც განზრახვათა დავიწყება.

განზრახვა – ესაა მოქმედების იმპულსი, რომელმაც უკვე დაიმსახურა მოწონება, მაგრამ რომლის ასრულება გარკვეულ მომენტამდეა გადადებული. რასაკვირველია, დროის ამგვარად შექმნილი შუალედის განმავლობაში მოტივებმა შესაძლოა იმგვარი ცვლილებები განიცადოს, რომ განზრახვა არ შესრულდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას კი არ ივიწყებენ, არამედ გადახედავენ და გააუქმებენ. განზრახვათა იმ დავიწყებას, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით ყოველდღიურად მრავალგვარ სიტუაციაში, ჩვეულებისამებრ, ვერ ავხსნით იმით, რომ მოტივთა თანაფარდობაში რაღაც ახალი გამოჩნდა; ჩვენ მოვლენას ან ყურადღების გარეშე ვტოვებთ ან ვცდილობთ ავხსნათ იგი ფსიქოლოგიურად, ვუშვებთ რა, რომ შესრულების მომენტისთვის უკვე აღარ არსებობდა მოქმედებისთვის საჭირო ყურადღება, თუმცაღა იგი აუცილებელ პირობას წარმოადგენს იმისა, რომ თავად განზრახვა წარმოიშვას და რომელიც, როგორც ჩანს, იმ დროს საკმარისად არსებობდა ამ მოქმედების შესასრულებლად.

განზრახვებისადმი ჩვენს ნორმალურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება გვაიძულებს უარვყოთ ეს ახსნა როგორც ნებისმიერი. თუ მე დილით ვიხსენებ გადაწყვეტილებას, რომელიც საღამოს უნდა მოვიყვანო სისრულეში, შესაძლებელია, რომ დღის განმავლობაში მე ის რამდენჯერმე შემახსენონ, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ იმავე დღის განმავლობაში იგი საერთოდ აღარ სწვეოდა ჩემს გონებას. როდესაც შესრულების მომენტი ახლოვდება, იგი თავად მახსენებს თავს და მაიძულებს აუცილებელ სამზადისს შევუდგე, რათა ჩანაფიქრი ავასრულო. თუკი მე სასეირნოდ წასვლისას თან მიმაქვს გასაგზავნი წერილი, მაშინ, როგორც ნორმალურ და არა ნერვიულ ადამიანს, ის მთელი გზა ხელში არ უნდა მეჭიროს და არ უნდა ვეძებდე საფოსტო ყუთს, რომელშიც მას ჩავუშვებდი.

მე წერილს ჯიბეში ვიდებ, ჩემი გზით მივდივარ იმის იმედით, რომ ერთ-ერთი უახლოესი საფოსტო ყუთი მიიქცევს ჩემს ყურადღებას და მაიძულებს წერილი ამოვიღო ჯიბიდან. ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის მოქმედების ნორმალური სახე სრულად თანხვდება იმას, თუ როგორ იქცევიან ადამიანები, რომელთა მიმართ ჰიპნოზის დროს გამოიყენეს ე.წ. „პოსტჰიპნოზური ჩაგონება ხანგრძლივი ვადით“. ჩვეულებრივ, ეს ფენომენი შემდეგნაირად გამოისახება: ჩაგონებული განზრახვა თვლემს ადამიანში, სანამ მისი შესრულების მომენტი არ დგება. მაშინ ის იღვიძებს და მოქმედებას აიძულებს.

ორმხრივ შემთხვევებში პროფანიც კი ხვდება, რომ განზრახვათა დავიწყება არანაირად არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც ელემენტარული ფენომენი, რომელიც შემდეგ ჩაშლას არ ექვემდებარება, და რომ ის გვაძლევს უფლებას დასკვნა გამოვიტანოთ უღიარებელ მოტივთა შესახებ. მე მხედველობაში სასიყვარულო ურთიერთობები და სამხედრო დისციპლინა მაქვს. შეყვარებული, რომელმაც პაემანზე დაიგვიანა, ფუჭად ეცდება თავის გამართლებას ქალბატონის წინაშე იმით, რომ, სამწუხაროდ, მას სრულიად გადაავიწყდა დაგეგმილი შეხვედრა.

ქალი მას აუცილებლად უპასუხებს: „ერთი წლის წინ არ დაგავიწყდებოდა. შენ აღარ გიყვარვარ“. თუკი ის ზემოაღნიშნულ ფსიქოლოგიურ განმარტებას მიმართავდა და ისურვებდა საქმეების დიდი რაოდენობით თავის მართლებას, მხოლოდ იმას მიაღწევდა, რომ მისი ქალბატონი, იქცეოდა რა ისევე გამჭრიახად, როგორც ექიმი ფსიქოანალიზისას, შეეპასუხებოდა: „საინტერესოა, რომ მსგავსი საქმიანი დაბრკოლებები უწინ არ გხვდებოდა“. რასაკვირველია, არც ქალი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მამაკაცს მართლაც გადაავიწყდა; ის მხოლოდ იმას ვარაუდობს, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ განუზრახველი დავიწყებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა ერთგვარი უსურველობის შესახებ ისევე, როგორც თავის გაცნობიერებული არიდებიდან.

მსგავსად ამისა, სამხედრო სამსახურში განსხვავება დავიწყების მიხედვით დაუდევრობასა და განზრახ დაუდევრობას შორის უგულებელყოფილია, და არცთუ უსაფუძვლოდ. ჯარისკაცს არაფერი უნდა დაავიწყდეს იქიდან, რასაც მას სამსახური სთხოვს.

ქალისადმი სამსახური, ისევე, როგორც სამხედრო სამსახური, მოითხოვს, რომ არაფერი, რაც მას შეეხება, არ იქნეს დავიწყებული, და ამგვარად გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ დავიწყება მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებშია დაშვებული. მნიშვნელოვანთან დაკავშირებით თვლიან, რომ ეს იმის ნიშანია, რომ ამ უკანასკნელს იოლად უდგებიან და, შესაბამისად, მის მნიშვნელობას არ აღიარებენ. მართლაც, ფსიქიკური შეფასების არსებობა აქ არ შეიძლება უარყოფილ იქნეს. არცერთ ადამიანს არ დაავიწყდება იმ მოქმედებათა შესრულება, რომლებიც მას მნიშვნელოვანად წარმოუდგება თუ სულიერ აშლილობაში ეჭვს არ დაბადებს. შესაბამისად, ჩვენი კვლევა შესაძლოა ეხებოდეს მხოლოდ მეტ-ნაკლებად მეორეხარისხოვან განზრახვებს; სრულიად უმნიშვნელოდ არცერთი განზრახვა არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის, ალბთ, არც დაიბადებოდა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *