რას ეძებ?

მეცნიერება ფილოსოფია

ზიგმუნდ ფროიდი / ჩვენი ბავშვობის მოგონებები / ფსიქოფათოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი / ჩვენი ბავშვობის მოგონებები / ფსიქოფათოლოგია

რაოდენ შორს ვრცელდება ჩვენი მოგონებები ბავშვობის სიღრმეში?

ჩემთვის ცნობილია რამდენიმე კვლევა, მიძღვნილი ამ საკითხისადმი, მათ შორის ანრისა და პოტვინის შრომები; მათი მეშვეობით ჩვენ ვიგებთ მნიშვნელოვან ინდივიდუალურ განსხვავებათა შესახებ; დაკვირვების ქვეშ მყოფი ზოგი ადამიანი პირველ მოგონებებს სიცოცხლის მე-6 თვეს უკავშირებს, როდესაც სხვებს თავისი ცხოვრებიდან არაფერი ახსოვთ მე-6 ან სულაც მე-8 წლამდე. რას უკავშირდება ბავშვობის მოგონებების ასეთი განსხვავება და რა მნიშვნელობა აქვს მათ? ცხადია, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად არ არის საკმარისი მასალის მოპოვება მონაცემთა შეგროვების გზით; აუცილებელია მისი დამუშავება, რომელშიც ის პიროვნება უნდა მონაწილეობდეს, რომლისგანაც მოდის ეს მონაცემები.

ჩემი აზრით, ჩვენ მეტისმეტად გულგრილად ვეკიდებით ჩვილი ასაკის ამნეზიის ფაქტებს – ჩვენი ცხოვრების პირველი წლების შესახებ მოგონებათა დაკარგვას და ამგვარად ერთგვარ ამოცანას გვერდს ავუვლით. ჩვენ გვავიწყდება, თუ ინტელექტუალური განვითარების რაოდენ მაღალ დონეს აღწევს ბავშვი ცხოვრების მეოთხე წელს, რაოდენ რთული ემოციების უნარი აქვს მას; უნდა გვიკვირდეს, ჩვულებრივ რა მცირე ნაწილი რჩება მეხსიერებაში ამ სულიერ მოვლენათაგან მომდევნო წლებში; მით უმეტეს, რომ ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბავშვობის ეს დავიწყებული მოგონებები სულაც არ გამქრალა უკვალოდ მოცემული პიროვნების განვითარებაში; პირიქით, მათ მოახდინეს ზეგავლენა, რაც მომდევნო პერიოდშიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. და აი, მიუხედავად ასეთი სწორუპოვარი გავლენისა, ისინი დავიწყებას ეძლევა! ეს მოწმობს მოგონებათა სრულიად თავისებურ პირობებს (ცნობიერი რეპროდუქციია აზრით), რომლებიც აქამდე ჩვენი შემეცნებიდან გამსხლტარი იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ბავშვობის განცდათა დავიწყება მოგვცემს გასაღებს იმ ამნეზიების გასაგებად, რომლებიც, როგორც უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, ყველა ნევროტული სიმპტომის წარმოქმნის საფუძვლად დევს.

ბავშვობის პერიოდის შენარჩუნებულ მოგონებათა შორის ზოგი სავსებით გასაგებია ჩვენთვის, სხვები – უცნაური ან გაუგებარია. რთული არ არის ზოგი ხარვეზის გამოსწორება ორივე ამ სახეობასთან მიმართებით. საკმარისია რომელიმე პიროვნების შენარჩუნებული მოგონებები ანალიზს დავუქვემდებაროთ, და რთული არ იქნება იმის დადგენა, რომ მათ სისწორეს თავდებად ვერ დავუდგებით. ზოგი მოგონება უდავოდ დამახინჯებული, არასრული ან დროსა ან სივრცეში გადანაცვლებულია. გამოკითხულთა პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, მათი პირველი მოგონებები ეკუთვნის, ვთქვათ, სიცოცხლის მეორე წელს, აშკარად არასანდოა! მალევე ხერხდება იმ მოტივების მიგნება, რომლებიც განცდილის დამახინჯებასა და გადაჩოჩებას განმარტავს და რომლებიც, იმავდროულად, ადასტურებს, რომ ასეთ შეცდომათა მიზეზი მეხსიერების უბრალო ხარვეზი არ არის. მომავალი ცხოვრების ძლევამოსილმა ძალებმა გავლენა იქონია ბავშვობის მოგონებათა გახსენების უნარზე, სავარაუდოდ, იმავე ძალებმა, რომელთა წყალობით ჩვენთვის საერთოდ უცხოა ბავშვობის წლების გაგება.

როგორც ცნობილია, გახსენების პროცესი მოზრდილებში სხვადასხვა სახის ფსიქიკური მასალით ოპერირებს. ერთნი ხილული ხატების ფორმით იხსენებენ, მათი მოგონებები ხილულ ხასიათს ატარებს; სხვებს უნარი შესწევთ მეხსიერებაში აღიდგინონ განცდილის მხოლოდ ბუნდოვანი მოხაზულობა; მათ, შარკოს ტერმინოლოგიის მიხედვით, „auditifs“ და „moteurs“ უწოდებენ, საპირისპიროდ „visuels“-ისა. ძილში ეს განსხვავებები ქრება. სიზმრებს ყველა ჩვენგანი უპირატესად ხილული ხატების სახით ხედავს. მაგრამ იგივე ხდება ბავშვობის მოგონებებთან მიმართებითაც: ისინი აშკარად ხილულ ხასიათს ატარებს იმ ადამიანებშიც კი, ვისი გვიანდელი მოგონებებიც ხილულ ელემენტს მოისაკლისებს. ამგვარად, მზერითი მოგონება ინფანტილური მოგონების ხასიათს ინარჩუნებს. პირადად ჩემთვის ერთადერთი მზერითი მოგონებები, ესაა მოგონებები უადრესი ბავშვობიდან: უკიდურესად ცხადი სცენები, რომლებიც შეგვიძლია მხოლოდ თეატრალურ მოქმედებას შევადაროთ. ბავშვობის წლების ასეთ სცენებში, სწორია ისინი თუ დამახინჯებული, თავადაც ფიგურირებ ბავშვის სახითა და სამოსით. ეს გარემოება უკიდურესად უცნაურია; ზრდასრული ადამიანები მხედველობითი მეხსიერებით ვერ ხედავენ საკუთარ თავს გვიანდელ მოვლენათა მოგონებებში.

ვარაუდი, რომ ბავშვი რაღაცის განცდისას ყურადღებას საკუთარ თავზე ამახვილებს და არ მიმართავს მას მხოლოდ გარეშე შთაბეჭილებებისკენ, იმის საპირისპირო იქნებოდა, რაც ჩვენ ამ საკითხის შესახებ ვიცით. ამგვარად, სრულიად განსხვავებული მოსაზრებები გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ე.წ. ადრეული ბავშვობის მოგონებები წარმოადგენს ძველი შთაბეჭდილებების არა ნამდვილ კვალს, არამედ მის გვიანდელ დამუშავებას, რომელმაც გვიანდელი პერიოდის განსხვავებულ ფსიქიკურ ძალთა ზემოქმედება განიცადა. ინდივიდთა „ბავშვობის მოგონებები“ ზოგადი წესის სახით იძენს „გადამფარავ მოგონებათა“ მნიშვნელობას და ამასთანავე იძენს შესანიშნავ ანალოგიას ბავშვობის მოგონებებთან ხალხებისა, რომლებიც მითებსა და ზღაპრებშია შემონახული.

მან, ვინც ფსიქოანალიზის მეთოდის მიხედვით დაუქვემდებარა ანალიზს პიროვნებათა მთელი რიგი, ამ სამუშაოს შედეგად ყველა სახის „გადამფარავ მოგონებათა“ მდიდარი მარაგი შექმნა. თუმცა ამ მაგალითთა გადმოცემა უკიდურესადაა გართულებული ურთიერთობათა ზემოაღნიშნული ხასიათის გამოისობით, რომელიც ბავშვობის მოგონებებსა და გვიანდელ ცხოვრებას შორის არსებობს; ბავშვობის ამა თუ იმ მოგონების, როგორც გადამფარავი მოგონების, მნიშვნელობის გასარკვევად საკმაოდ ხშირად აუცილებელი ხდებოდა მოცემული პიროვნების მთელი გვიანდელი ცხოვრების გამოაშკარავება. მხოლოდ იშვიათადაა შესაძლებელი, როგორც შემდეგ შესანიშნავ მაგალითში, ზოგადი კავშირიდან ცალკეული მოგონების გამოყოფა.

24 წლის ახალგაზრდა კაცს შემდეგი ხატი აქვს შენარჩუნებული თავისი სიცოცხლის მეხუთე წლის შესახებ. ის სააგარაკო სახლის ბაღში ზის პატარა სკამზე დეიდის გვერდით, რომელიც მას ანბანს ასწავლის.

მას უჭირს m-ს და n-ს შორის განსხვავების დაძლევა და დეიდას სთხოვს, აუხსნას, რით განსხვავდება ეს ასოები ერთმანეთისგან. დეიდა სთხოვს ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ასოს m ერთი ფეხით მეტი აქვს, ვიდრე n-ს, მესამე დამატებითი ხაზი. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ მოგონების სანდოობაში ეჭვის შესატანად; მაგრამ მნიშვნელობა მან მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მას უნარი შესწევდა საკუთარ თავზე აეღო ბავშვის ცნობისმოყვარეობის სხვა სახის სიმბოლური წარმომადგენლობა. რადგან მსგავსად იმისა, როგორც მაშინ სურდა ასოებს m და n შორის განსხვავების გაგება, ასევე ცდილობდა შემდგომში გაეგო განსხვავება ბიჭსა და გოგონას შორის და ალბათ თანახმა იქნებოდა, რომ მისი მასწავლებელი ამ საქმეშიც ეს დეიდა ყოფილიყო. მართლაც, მან აღმოაჩინა, რომ განსხვავება ერთგვარად ანალოგიური იყო, რომ ბიჭს ერთი ნაწილით მეტი ჰქონდა, ვიდრე გოგონას, და სწორედ იმ დროს, როდესაც მან ეს გაიგო, გაეღვიძა მას მოგონება შესაბამისი ბავშვური კითხვის შესახებ.

ერთადერთ მაგალითზე ვისურვებდი მეჩვენებინა, ანალოგიური დამუშავების წყალობით როგორი აზრი შეიძლება შეიძინოს ბავშვობის მოგონებამ, რომელსაც მანამდე თითქოსდა არანაირი აზრი არ გააჩნდა. როდესაც მე ცხოვრების 43-ე წელს ყურადღება დავუთმე ბავშვობის მოგონებათა ნაშთებს, გამახსენდა სცენა, რომელიც დიდი ხანია უკვე (ასე მეგონა, რომ ადრეული წლებიდან) დროდადრო მეწვეოდა ხოლმე და რომელიც, სავსებით ცხადი ნიშნების მიხედვით, ჩემი ცხოვრების მესამე წლისთვის უნდა მიმეკუთვნებინა. მე ვხედავდი, როგორ ვდგავარ ყუთის წინ ატირებული და რაღაცას ვითხოვ, ყუთის სახურავი კი ღიაა და ჩემს ნახევარძმას (20 წლით უფროსს) უჭირავს; შემდეგ უეცრად ოთახში დედაჩემი შემოდის, ლამაზი და ტანადი, თითქოს სეირნობიდან დაბრუნებულიყოს. ამ სიტყვებით გადმოვეცი ჩემთვის ცხადად წარმოდგენილი სცენა, რომლის შესახებ სხვა არაფრის თქმა შემიძლია. ყუთის გაღებას თუ დახურვას აპირებდა ჩემი ძმა (როდესაც მე პირველად ჩამოვაყალიბე ეს მოგონება, გამოვიყენე სიტყვა „კარადა“), რატომ ვტიროდი ამ დროს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ამასთან დედის მოსვლას – ეს ყველაფერი ჩემთვის წყვდიადში დარჩა; მომხრე ვიყავი განმემარტა სცენა იმით, რომ ჩემი ძმა რაღაცით მაღიზიანებდა, რაც დედის შემოსვლით იქნა აღკვეთილი.

ასეთი გაუგებრობები მეხსიერებაში შემონახულ ბავშვობისდროინდელ სცენებთან მიმართებით ხშირია: გახსოვს სიტუაცია, მაგრამ ის სათანადო ცენტრს მოისაკლისებს: არ იცი, მის რომელ ელემენტზე უნდა დაისვას ფსიქიკური მახვილი. ანალიტიკურმა დანაწევრებამ სურათის სრულიად მოულოდნელი აზრი გამიხსნა. მე ვერ ვიპოვე დედა, გამიჩნდა ეჭვი, რომ ის ამ ყუთში თუ კარადაშია ჩაკეტილი და ამიტომ მოვითხოვე ძმისგან მისი გაღება. როდესაც მან ეს გააკეთა და მე დავრწმუნდი, რომ დედა იქ არ იყო, ყვირილი მოვრთე; ეს ის მომენტია, რომელიც მეხსიერებაშია შემორჩენილი და რომელსაც მოჰყვა ჩემი განგაშისა თუ ნაღველის დამამშვიდებელი შემოსვლა დედისა. მაგრამ როგორ მოუვიდა ბავშვს თავში აზრად დედის ძებნა ყუთში? სიზმრები, რომლებსაც იმ პერიოდში ვხედავდი, ბუნდოვნად მახსენებდა ძიძას, რომლის შესახებ სხვა მოგონებებიც შემომრჩა, იმისა, მაგალითად, თუ რაოდენ განუხრელად მოითხოვდა ის ჩემგან წვრილი ფულის მისთვის ჩაბარებას, რომელსაც საჩუქრად ვიღებდი – დეტალი, რომელსაც, თავის მხრივ, შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეს მოგონებისა, რომელიც რაღაც უფრო გვიანდელის „გადამფარავია“.

გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის ამოცანა შემემსუბუქებინა და დედა – უკვე ხანდაზმული ქალი – გამოვკითხე ძიძის შესახებ. მრავალი რამ გავიგე, მათ შორის ის, რომ იგი ჭკვიანი, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ადამიანია, დედაჩემის მშობიარობის დროს მრავალი ნივთი მოგვპარა შინიდან და ჩემი ძმის დაჟინებით სასამართლოსთვის იქნა გადაცემული. ამ მინიშნებამ გაცისკროვნებასავით განმიმარტა ზემომოტანილი სცენის აზრი. ძიძის უეცარი გაქრობა ჩემთვის უმნიშვნელო არ იყო; მე სწორედ ამ ძმას მივმართე კითხვით იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა ის ყოფილიყო, სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ შევამჩნიე: ძიძის გაქრობაში მას გარკვეული როლი ჰქონდა შესრულებული; კითხვას მიკიბულ-მოკიბულად, სიტყვათა თამაშით უპასუხა, რისი გაკეთება ახლაც უყვარს ხოლმე: „ყუთში ჩაკეტეს“. ეს პასუხი ბავშვურად მივიღე, სიტყვასიტყვით, მაგრამ დაკითხვას თავი ვანებე, რადგან მეტს ვეღარაფერს მივაღწიე. როდესაც მცირე ხნის შემდეგ დედა მოვიკითხე და ვერ ვიპოვე, ვიეჭვე, რომ ძმა ისევე მოექცა მას, როგორც ძიძას, და ვაიძულე ყუთი გაეღო. ახლა მესმის, ბავშვობის ამ ხილული მოგონების გადმოცემისას რატომ არის ხაზგასმული დედის სიგამხდრე; ჩემთვის თვალშისაცემი უნდა ყოფილიყო მისი იერი, როგორც ახლახან გამოჯანმრთელებული ადამიანისა. მე ორწლინახევრით უფროსი ვარ ჩემს დაზე, ხოლო როდესაც სამი წლის ასაკს მივაღწიე, ჩემს ნახევარძმასთან თანაცხოვრება შეწყდა.

© ზიგმუნდ ფროიდი / ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა