სიკვდილის ველი: დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი წერტილი
დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი წერტილია სიკვდილის ველი, სადაც 1913 წლის 13 ივლისს რეკორდული ტემპერატურა 56.7°C დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ის სულაც არ არის შიშველი, უნაყოფო და უსიცოცხლო ადგილი, როგორც ბევრს ჰგონია. სინამდვილეში სიკვდილის ველი ძალიანაც ლამაზია. აქ მოძრავი ქვიშის, უსწორმასწორო კანიონებისა და კლდეების უდაბნოს დათოვლილი მწვერვალები დაჰყურებს ზემოდან. სიკვდილის ველი უჩვეულოდ მდიდარია ფლორითა და ფაუნით; მის მიმართ გეოლოგიური ინტერესიც დიდია. ის ამერიკული კულტურის ლამის მითოლოგიური ადგილია.
სიკვდილის ველი მოხავეს უდაბნოში, კალიფორნიისა და ნევადის საზღვართან არის გადაჭიმული. მის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 86 მეტრით ქვემოთ მდებარე ბედუოთერის მლაშე აუზი ჩრდილოეთ ამერიკის უმდაბლესი წერტილია. მისგან სულ 123 კილომეტრში აღმართული მთა უითნი 48 მომიჯნავე შტატის უმაღლესი მწვერვალია. დღეს ეს ადგილი ეროვნული პარკის სტატუსს ატარებს. მისი სიგრძე 210 კმ-ია, სიგანე კი 10-21 კმ-ს შორის მერყეობს; აღმოსავლეთიდან ამარგოსას ქედით არის შემოსაზღვრული, დასავლეთიდან კი პანამინტის. სწორედ ოკეანესა და ველს შორის აღმართული ქედები უღობავენ გზას ნალექებს. სიკვდილის ველი კონტინენტზე ნალექების სიმცირით გამორჩეულია. ერთხელ 40 თვის განმავლობაშ წვეთი წვიმაც არ ჩამოვარდნილა ციდან – ეს სიკვდილის ველის რეკორდული მაჩვენებელია.
სამაგიეროდ, სიკვდილის ველზე გარშემო მთებიდან ხშირად ეშვება გამდნარი თოვლის წყალი და პატარ-პატარა წყაროებსა და ნაკადულებს კვებავს. ამ წყაროების წყლით კი, თავის მხრივ, მცენარეებისა და ცხოველების მრავალი სახეობა იკვებება. ადგილობრივ სახეობათა შორის გამორჩეულია უდაბნოს ცხვარი, თუმცა, მის გარდა უდაბნოში ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ფრინველებიც მრავლად ბინადრობენ. მდინარე სალტკრიკში კობრისკბილასებრი თევზებიც დაცურავენ. 1000 წლის მანძილზე სიკვდილის ველი აბორიგენი ამერიკელების, ტიმბიშას ტომის სამშობლო იყო. ისინი ამ ადგილს „ტუმპისას“, ანუ „ქვის საღებავს“ უწოდებდნენ ველზე გავრცელებული თიხის გამო, რომლისგანაც სარებავს იმზადებდნენ. ახალი სახელი 1848 წელს, „ოქროს ციებ-ცხელების“ ხანაში დაერქვა, როცა საბადოებისკენ მიმავალ ოქროს მაძიებლებს ამ უდაბნოს გადალახვა უწევდათ. მაშინდელი მონაცემებით, სიკვდილის ველზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაღუპულა, მაგრამ ეს საზარელი სახელი მაინც შერჩა.
ბუნებრივი საოცრებებით მდიდარი, XIX საუკუნეში ვერხლისა და მინერალ ბორაქსის მოპოვების ცენტრად ქცეული სიკვდილის ველი 1933 წელს პრეზიდენტმა ჰუვერმა „ეროვნულ ძეგლად“ გამოაცხადა და მას შემდეგ ფედერალური დაცვის ქვეშ იმყოფება. 1994 წელს კი ველს ეროვნული ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა. შემდგომში კალიფორნიის უდაბნოთა დაცვის აქტით ეროვნულ ნაკრძალს კიდევ რამდენიმე მომიჯნავე უდაბნო დაემატა, თუმცა, ყველაზე ცნობილი და ლამაზი მაინც სიკვდილის ველია.