რას ეძებ?

კულინარია სხვა

სოკო ქართულ ხალხურ სამზარეულოში

სოკო ქართულ ხალხურ სამზარეულოში

ტყის ნობათიდან ერთ-ერთი სეზონური საკვებია სოკო. საქართველოში იგი თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული და მრავალ სახეობას ითვლის. ეს არის ის ბუნებრივი საკვები, რომელიც ჭარბად შეიცავს ცილებს, აზოტოვან კომპონენტებს და ამის გამო თითქმის უტოლდება ხორცს. სოკო მთელი წლის მანძილზე მოიხმარება. ტრაციდიული სოკოებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ქამა, მჭადა, მაჭკვნარა, მელისკუდა, მიქლიო, ცხვარიო, ჭვინიო, შავჩოხა, არყა, ნიყვი და სხვა.

ხალხური ემპირიული გამოცდილება ერთმანეთისაგან განასხვავებს საჭმელად ვარგის – არაშხამიან და შხამიან, ე.წ. გველის სოკოებს. არის ველის (მინდვრისა) და ტყის (ხეთა ჩრდილებში ამოზრდილი), ასევე ხის სოკო, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და შედარებით ფართო მოხმარების საგანია. მოსახლეობამ იცოდა სოკოს შეგროვების პერიოდები და მოწამვლისაგან თავის დაზღვევის  საშუალებები (თერმული დამუშავება, რძით ფერმეტიზება და სხვა), რაც სამედიცინო თვალსაზრისითაც სრულიად გამართლებული და მისაღებია.

ბალახეულის მსგავსად, სოკოს მომზადების ხალხური ტექნოლოგია არცთუ ისე  მრავალფეროვანია, მაგრამ გარკვეული კუთხური ვარიანტები მაინც შეინიშნება. მაგ., მთაში (ხევსურეთში, ფშავში) მას არა მხოლოდ კეცებზე შემწვარს ან მოხარშულს მიირთმევდნენ, არამედ მისგან ხინკალსაც ამზადებდნენ. სვანეთში, კუბდარის მსგავსად, პურის გულადაც ურთავდნენ; იმერეთსა და გურიაში შამფურზე აგებულს წვავდნენ, ხოლო მოხარშულს ნიგვზით, ძმრითა და სხვადასხვა სანელებლით აზავებდნენ.

ოკრიბაში ძალიან ბევრია თეთრი არყა და ნიყვი. არყას მხოლოდ მოხარშულს შეექცევიან, რადგან მწარეა და ხარშვის დროს სიმწარე გასდის. ყვითელგულა ნიყვს, რომელსაც უმეტესწილად კეცზე შემწვარს მიირთმევენ, აქაურები სოკოების მეფეს უწოდებენ. იგი ხორცზე უფრო ძვირად ფასობს. რაჭაში შემოდგომობით მაჭკვნარა სოკოს აგროვებდნენ, მას ძაფზე ასხმულს ახმობდნენ და გრილ, მშრალ ადგილას ინახავდნენ. ზამთარში ალბობდნენ და შეჭამანდს ამზადებდნენ.

ქართლში იცოდნენ მაჭკვნარას მარილწყალში შენახვაც. რაც შეეხება სოკოს კონსერვაციის სხვა საშუალებებს (მარინადს, დამჟავებას, სტერილიზიაციას), იგი ჩვენში თითქმის არ იციან. ასევე არ იციან სოკოს რიტუალური დანიშნულებით გამოყენებაც, მაგრამ თანამედროვე სადღესასწაულო-სალხინო სუფრაზე იგი ერთგვარ დელიკატესად არის ქცეული, რაც უთუოდ ბუნებრივი პროდუქტებისადმი გაზრდილი მოთხოვნილებითა და, საერთოდ, სოკოს ზოგიერთი სახეობის შემცირებითაა გამოწვეული.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *