სიორენ კირკეგორი – ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან
ეროსი სიყვარულის ღმერთი იყო, მაგრამ თავად არ ჰყვარებია. მაშინ, როცა სხვა ღმერთები და ადამიანები სიყვარულის ძალას ძალუმად გრძნობდნენ, ისინი ამას ეროსს მიაწერდნენ, მაგრამ თავად ეროსს მაინც არავინ ჰყვარებია; ის ფაქტი კი, რომ სიყვარული ერთხელ მასაც ეწვია, გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ. მიუხედავად სიყვარულის ღმერთობისა, იგი სხვა ღვთაებებს, თავგადასავალთა თვალსაზრისით, ერთობ ჩამორჩებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებზე. რაღა თქმა უნდა, მასაც ჰყვარებია არაერთი, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მასაც ეპყრა ხელთ სიყვარულის ის უნივერსალური ძალა, რომელიც, გარკვეული მიმართებით, მის მიღმა არსებულ ძალად იქცა და, მისგან მიტოვებულს, საკუთარი ადგილი აღარ ჰქონდა, სადაც ადამიანს შეეძლო მოეძია.
მისი სიყვარული, სენსუალურობის ნაცვლად, სულის ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. ჭეშმარიტად ბერძნული აზრია, რომ სიყვარულის ღმერთს თავად არ უყვარს, მაგრამ ყველა, ვისაც კი ეს გრძნობა გააჩნია, თავის სიყვარულს მას უმადლის. ლტოლვის ღმერთის ან ქალღმერთის წარმოდგენისას, ჭეშმარიტად ბერძნული იქნება იმის ფიქრიც, რომ თუკი ყველა თავის ტკბილ მღელვარებას ან ძლიერი ლტოლვისაგან მიყენებულ ტკივილებს ამ კონკრეტულს მიაწერს, ამ უკანასკნელს უთუოდ აღარ ექნება რისიმე ლტოლვა. ამ ურთიერთობის გასაოცარი ბუნების აღსაწერად საუკეთესო გზაა იმის თქმა, რომ ის გამოხატვის საპირისპიროა. ურთიერთობისას ყველა ენერგია ერთ ინდივიდში იყრის თავს, კონკრეტული ინდივიდები კი მას იქამდე იზიარებენ, სანამ კონკრეტულ მოძრაობებს სრულად არ აითვისებენ. შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ეს ურთიერთობა იმის საპირისპიროა, რაზეც განკაცებაა დაფუძნებული. განკაცებისას ინდივიდს მასში მთელი ცხოვრების სისრულე აქვს, სხვა ინდივიდებს კი ამასთან წვდომა მხოლოდ განკაცებული ინდივიდის სხეულის ხილვისას გააჩნიათ.
ბერძნულ ცნობიერებაში საქმე პირიქითაა. რაც ღმერთის ძალას ქმნის, არა თავად ღმერთში, არამედ იმ ყველა ინდივიდშია, რომლებიც მას მოიხსენიებენ – თითქოს იგი უძლური და სუსტია, რადგანაც თავის ენერგიას მთელ დარჩენილ სამყაროს გადასცემს. თითქოს განკაცებული ინდივიდი ყველა დანარჩენისგან ენერგიას ისრუტავს, ეს სისრულე კი მასში მხოლოდ იმ მიზნით თავსდება, რომ მოგვიანებით სხვებმა კონკრეტული ინდივიდის სხეულში იხილონ.
ამ ყველაფერს შედეგები მოჰყვება, რამდენადაც თავისთავად მნიშვნელოვანია იმ სფეროთა გათვალისწინება, რომლებსაც სამყაროს ცნობიერება სხვადასხვა ეპოქაში იყენებს. სენსუალურობა, როგორც პრინციპი, ბერძნულ ცნობიერებაში არ მოიძებნება; ვერც ეროტიკას, როგორც პრინციპს, მოვიძიებთ, რომელიც თავად სენსუალურობის პრინციპზეა დაფუძნებული. მისი პოვნის შემთხვევაშიც ვხედავთ (რაც ამ დაკვირვებაში ყველაზე მნიშვნელოვანია), რომ ბერძნულ ცნობიერებას აკლია ძალა, რითაც მთლიანობას ერთ კონკრეტულ ინდივიდში მოუყრის თავს, მაგრამ უშვებს, რომ მთლიანობა სხვა დანარჩენზე იმ წერტილიდან გავრცელდეს, რომელსაც ეს უკანასკნელი აკლია. მაშასადამე, ეს დამფუძნებელი წერტილი იმით ამოიცნობა, რომ ის ერთადერთია, რომელიც გასცემს ყველასთვის იმას, რაც თავად აკლია.
© სიორენ კირკეგორი – ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან / http://akti.ge/ka/book-read/1924