რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

სიორენ კირკეგორი: ქალი და მამაკაცი

სიორენ კირკეგორი - ქალი და მამაკაცი

ქალი ახსნას უძებნის სასრულობას, მამაკაცი უსასრულობას მისდევს.

ეს ასეც უნდა იყოს, მათ ხომ ერთმანეთის ტკივილისა ესმით; ქალი ბავშვს ტკივილებით აჩენს, მამაკაციც აზრამდე ტანჯვის მეშვეობით მიდის; უიმედობის წამება და ეჭვიანობით გამოწვეული ღელვა ქალისთვის არ არის განკუთვნილი. არა იმიტომ, რომ იგი ამ იდეის გარეთ იმყოფება, არა, უბრალოდ, ამ გრძნობებს ის მეორეულად განიცდის. და მაინც, გამომდინარე იქიდან, რომ ქალი ამ გზით სასრულობას უძებნის ახსნას, იგი მამაკაცის ყველაზე ღრმა სიცოცხლეს წარმოადგენს, სიცოცხლეს, რომელიც მუდმივად დაფარული და საიდუმლოა, მსგავსად ფესვის სიცოცხლისა. სწორედ ამ მიზეზის გამო მძულს მთელი ეს უღირსი საუბარი ქალთა „განთავისუფლებაზე“.

ღმერთმა არ ქნას, ასეთი დრო ოდესმე დადგეს. […] თუმცა ეს არ და ვერ მოხდება. დაე, სცადონ და გაიგონ ბოროტმა სულებმა და ბრიყვმა ადამიანებმა, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს, იყო მამაკაცი (თუ რა არის ამაში ძვირფასი და რა – უვარგისი) – მათ, ვინც ოდნავადაც ვერ ხედავენ ქალის სრულყოფილებას მის არასრულყოფილებაში! შეიძლება კი არსებობდეს ისეთი მიამიტი, თვითკმაყოფილი და უბადრუკი ქალი, რომელიც დაიჯერებს, რომ კატეგორიაში, რომელიც მამაკაცს ეკუთვნის, ამ უკანასკნელზე სრულყოფილია და თან ვერ აღიქვამს, რომ მისი მარცხი გამოუსწორებელი იქნება?

ქალისათვის ამაზე სახიფათო მოძღვრებას ვერცერთი სულმდაბალი მაცდური ვერ მოიაზრებდა, ვინაიდან, როგორც კი იგი ქალს დააჯერებდა, რომ სრულიად მის კლანჭებში იყო მოქცეული და მისი ახირებულ ნება-სურვილზე უნდა ეცხოვრა, ქალი მამაკაცისთვის სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა მისი კაპრიზების მსხვერპლი, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ვითარებაში იგი შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო მამაკაცისთვის. თუმცა საბრალოებმა არ იციან, რას სჩადიან, მათ თავად არა აქვთ ის, რაც მამაკაცს უნდა გააჩნდეს, ქალებს კი ხრწნიან და იმ პირობით სთავაზობენ ერთობას, რომ კვლავაც თავის სახეს შეინარჩუნებენ, ნახევარკაცობას – და მათ ამავე უბედურ მდგომარეობამდე მიიყვანენ. […]

დავუშვათ, კაცმა ხელი აიღო მეუფეობისა და ბუნების მბრძანებლობის პრეტენზიაზე და თავისი ადგილი ქალს დაუთმო; ახლა ქალია მისი მბრძანებელი, მათ ერთმანეთის კარგად ესმით და კაციც მორჩილია თავისი ბატონისა. ქალი ზუსტად იმიტომაა მამაკაცისთვის ყველაფერი, რომ ამ უკანასკნელს იგი სასრულობას უწყალობებს; მის გარეშე მამაკაცი მერყევი სულია, უბედური არსება, რომელიც მოსვენებას ვერ პოულობს და წასასვლელიც არსად აქვს. ქალის მნიშვნელოვნების ამ კუთხით დანახვაზე ხშირად მიჯერებია გული ხალისით; ის ჩემთვის ზოგადად მრევლის სიმბოლო ხდება. როცა სულს არ გააჩნია მრევლი, რომელშიც თავს დაიმკვიდრებს, ის უკიდურესად დაირცხვენს, ხოლო როცა მრევლის გულებში იდებს ბინას, იგი მრევლის სული ხდება. სწორედ ამიტომ […] არ ვკითხულობთ საღმრთო წერილებში, რომ ქალწული თავის დედ-მამას მიატოვებს და ქმარს შეერთვის.

ბოლოს და ბოლოს, ყველასათვის მოსალოდნელია, რომ წყვილში სუსტი ქალი იქნება და ეს უკანასკნელი მფარველობას მამაკაცში მოიძიებს; ბიბლიაში ვკითხულობთ: „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და თავის ცოლს შეერთვის“, გამომდინარე იქიდან, რომ ქალი მამაკაცს სასრულობას აძლევს, იგი მასზე ძლიერია. ამრიგად, არაფერი გვაძლევს მრევლის იმაზე მშვენიერ ხატს, ვიდრე ქალი. ხსენებულ საკითხს ადამიანები ამ კუთხიდან რომ უყურებდნენ, მჯერა, ღვთიური თაყვანისცემის გასალამაზებლად მრავალი ახალი პერსპექტივა გაჩნდებოდა. მაინც, როგორი უგემოვნობაა, რომ ჩვენს ეკლესიებში მრევლი (ვინაიდან ის თავის თავს წარმოადგენს) დიაკვნით ან ზარის მრეკავითაა წარმოდგენილი! მას ხომ მარადჟამს ქალი უნდა წარმოადგენდეს. […]

© სიორენ კირკეგორი / ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *