სიორენ კირკეგორი – სატანჯველის სახარება
ქრისტეს არ უთქვამს მდიდარი ყმაწვილისთვის: „თუ გსურს სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია და მიეცი გლახაკთ“.
მრავალს შესაძლოა ეს მოწოდებაც კი გადაჭარბებულად და უცნაურად მოეჩვენოს; სავარაუდოდ, მრავალი სულაც არ მოვიდოდა აღტაცებაში, თუ ყმაწვილი ასე მოიქცეოდა, არამედ გაიცინებდა მასზე, როგორც ახირებულზე, ან შეიბრალებდა როგორც ავადმყოფს. მაგრამ ქრისტე სხვას ამბობს, იგი ამბობს: „წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე ღატაკთ, მერე მოდი, და გამომყევ მე“ (მარკ. 10:21), ჯვარაპყრობილი.
ამგვარად, გაყიდვა ყველაფრისა, რაც გაბადია და ღატაკთათვის დარიგება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯვრის აპყრობას, ეს, ყველაზე მეტი, დასაწყისია, კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ შემდეგ ჯვარი აღიპყრო და ქრისტეს გაჰყვე. ყველაფრის ღატაკთათვის დარიგება – ეს პირველია, ეს, თუკი ლექსიკა უშვებს საპატიებელ გონებამახვილობას, ნიშნავს ჯვრის მოკიდებას ზურგზე, რასაც უწყვეტი გაგრძელება მოჰყვება: საკუთარი ჯვრის ტარება. ჯვრის ასეთ ტარებას ადგილი უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად და არა ერთჯერადად, გამონაკლისის სახით; ეს კი არაფრით, არაფრითაა შესაძლებელი იმის გარეშე, რომ მიმდევარი მზად იყოს, ყველაფერი დატოვოს საკუთარი თავის უარყოფით.
არსებითად სრულიად უმნიშვნელოა ის, რითაც საკუთარ თავში უარის თქმა არ გსურს, წვრილმანია თუ რაიმე დიადი, რადგან წვრილმანი უსასრულოდ მნიშვნელოვნად იქცევა, როგორც ბრალეულობა, როდესაც ის თვითგანდგომას სცდება. შესაძლოა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც, იმედოვნებდა რა ამით უზენაესის მოხვეჭას მთელი სისავსით, ხალისით გააკეთა ის, რაზეც უარი თქვა მდიდარმა ყმაწვილმა, მაგრამ რომელიც, მიუხედავად ამისა, არ იქცა ქრისტეს მიმდევრად, რადგან გაჩერდა და უკან მიიხედა – და ეს მის მიერ ჩადენილი დიდი გმირობის შემდეგ; ან შესაძლოა წინ წავიდა, მაგრამ ქრისტეს მიმდევრად იმ მიზეზით არ იქცა, რომ ფიქრობდა, უკვე რაღაც დიადი ჰქონდა ჩადენილი, ხოლო უმნიშვნელო მოსახდენი ამაზე გავლენას ვეღარ იქონიებდა.
ოჰ, საიდან მოდის ის, რომ წვრილმანებში ყველაზე რთულია საკუთარი თავისგან განდგომა? – იქიდან ხომ არა, რომ თავმოყვარეობასაც, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური სახე აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, მაგრამ რაც უფრო მცირე და უმნიშვნელოა ის, რაშიც უნდა განუდგეს საკუთარ თავს, მით უფრო შეურაცხმყოფელია ეს თავმოყვარეობისთვის, რადგან, როდესაც ასეთი ამოცანაა წამოყენებული, თავმოყვარის საკუთარი და უცხო მაღალფარდოვანი წარმოდგენები მყისვე უჩინარდება; მაგრამ მით უფრო მორჩილი იქნება თვითგანდგომა ასეთ შემთხვევაში. როგორ ხდება ის, რომ ყველაზე რთულია უარყო საკუთარი თავი, როდესაც მარტო ცხოვრობ, თითქოს ბუნაგში? – იმ მიზეზით ხომ არა, რომ თავმოყვარეობას, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური იერი აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, როდესაც ამას გაოცებით უმზერენ მრავალნი.
მაგრამ რამდენადაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია ის განსხვავებული, რომელშიც ცალკეული ადამიანი განსაზღვრულ სიტუაციაში საკუთარ თავს განაგდებს, იმდენად ღატაკს უპირობოდ ისევე შეუძლია განაგდოს საკუთარი თავი, როგორც მეფეს: იმდენად არ აქვს მნიშვნელობა იმ განსხვავებულს, რომელშიც ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავი განაგდოს. ეს მძიმე და საძნელო შრომაა. სავარაუდოდ, ეს შრომა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გადაიგდო ყოველგვარი ტვირთი, რის მიზეზითაც ის შესაძლოა მსუბუქად მოგეჩვენოს; მაგრამ მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ის ტვირთია გადასაგდები, რომლის ტარება თავმოყვარეობას ხალისით სურს – იმდენად, რომ თავმოყვარეობას უკვე უჭირს იმის გაგება, რომ ეს არის ტვირთი.
© სიორენ კირკეგორი / სატანჯველის სახარება / სიორენ კირკეგორი (კირკეგორი) (დან. Søren Kierkegaard; დ. 5 მაისი, 1813, კოპენჰაგენი — გ. 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.