სტალინი არ მომკვდარა: მემკვიდრეობა, რომელიც რუსეთს უკან ექაჩება
სტალინი 1953 წლის 5 მარტს ტვინში სისხლის ჩაქცევით საკუთარ აგარაკზე, მოსკოვის შემოგარენში გარდაიცვალა. 1959 წელს რუსმა პოეტმა ბორის ჩიჩიბაბინმა დაწერა ლექსი სათაურით “სტალინი არ მომკვდარა”:
“ჯერ ადრეა ზეიმი,
დაე, სხვა ორაკულმა იყვიროს
რომ ძველი ჭრილობები აღარ გვტკივა
რომ მკვდარი მტრის სხეული აღარ არის ბაირაღი
მოდით, მან იყვიროს ამაზე, თუმცა მე კარგად ვიცი – სტალინი არ მომკვდარა”.
ამერიკელი ისტორიკოსი მარტინ მალია სამიოდე ათწლეულის შემდეგ ასე გამოეხმაურა ჩიჩიბაბინის ლექსს:
“თუმცა [სტალინი] ფიზიკურად აღარ არსებობდა, იგი მაინც ცოცხლობდა და განაგრძობდა სიცოცხლეს. საბჭოთა ისტორიის დანარჩენ ოთხ ათწლეულში ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი გახლდათ ის, თუ როგორ დაემარხათ სტალინი. მისი სამივე მემკვიდრე, ანუ გენერალური მდივნები – ხრუშჩოვი, ბრეჟნევი და გორბაჩოვი სტალინის მემკვიდრეობით გამოწვეული პრობლემების გამო წუხდნენ”.
მაშინ, როცა მალიას წიგნი დაიბეჭდა, ავტორს სჯეროდა, რომ სტალინი “სისტემის დასასრულამდე, ანუ 1991 წლამდე იცოცხლებდა”. თუმცა, დღესაც კი, სტალინის სიკვდილიდან სამოცი წლის და “სისტემის დასრულებიდან” ოცი წლის შემდეგ, რუსმა ხალხმა სტალინის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა. 2012 წელს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის დაკვეთით “ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევა დიქტატორის შესახებ არსებული წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გრაფიკულ ილუსტრაციას ახდენს.
შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სტალინი ყველაზე მეტად აღიქმება, როგორც სასტიკი და არაადამიანური ტირანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის მილიონობით უდანაშაულო ადამიანის განადგურებაში. თუმცა, კვლევის შედეგები ბევრად უფრო რთულ სურათს იძლევა.
რუსეთში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ “სტალინი იყო ბრძენი ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირი გააძლიერა და ააყვავა. მაგრამ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ სტალინის რეპრესიები წარმოადგენდა “პოლიტიკურ დანაშაულს, რომელსაც გამართლება არ აქვს”. დაახლოებით ორი მესამედი თანხმდება, რომ “მიუხედავად სტალინის შეცდომებისა და დანაშაულებისა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ხალხმა “დიდ სამამულო ომში” (ასე უწოდებენ რუსები მეორე მსოფლიო ომს) გერმანიაზე გაიმარჯვა”.
სტალინის ბოლშევიკი წინამორბედის, ლენინის ბალზამირებული სხეული დღესაც წითელ მოედანზე, მავზოლეუმშია. ლენინის სახელი და მისი ძეგლები ყველა რუსულ ქალაქს ამშვენებს. ამის მიუხედავად, ლენინი ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სტალინს კი რუსები მოიხსენიებენ როგორც საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია მსოფლიო ისტორიაზე.
თუმცა, ამ აღიარებაში არის რაღაც უცნაურობაც: როდესაც რუსეთში მოგზაურობ, ვერ ხვდები, რომ რუსი ხალხი სტალინს დიდ თანამემამულედ თვლის. სტალინის ძეგლებსა თუ პორტრეტებს ვერსად შეხვდებით და არც ქუჩები და ქალაქები ატარებენ მის სახელს.
სტალინი ფარული გმირია და ეს სტატუსი რუსეთის პოსტკომუნისტური სახელმწიფოებრიობის და ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელი გაურკვევლობის ნაწილია. სტალინს საზოგადოება ორაზროვნად აღიქვამს, და ოფიციალური დისკურსიც მის შესახებ ასევე ამბივალენტური და გაურკვეველია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე არ ფიგურირებს რუსულ სივრცეში, სტალინის ყოფნა რუსეთის პოლიტიკურ წყობაში თუ სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაში მაინც ძალიან იგრძნობა.
დესტალინიზაციის ორ-ნახევარი კამპანია
სტალინის სიკვდილს საერთო სახალხო გლოვა მოჰყვა. 1953 წლის 9 მარტს, უკანასკნელ გზაზე მიმავალმა გარდაცვლილმა ტირანმა ასობით ადამიანი მოკლა – უზარმაზარმა ბრბომ, ისტერიულმა მგლოვიარეებმა ერთმანეთი გადათელეს, რათა სტალინისთვის უკანასკნელად შეეხედათ.
იმავე წელს გულაგის პატიმრების გამოშვება და რეაბილიტაცია დაიწყო (ხშირად უკვე გარდაცვლილების), რომლებიც ღალატისა და სხვა პოლიტიკური დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებულები. თუმცა, სტალინის თაყვანისცემა ჩვეულებრივ გრძელდებოდა. ტირანის ბალზამირებული სხეული ლენინის გვერდით, წითელ მოედანზე, მავზოლეუმში სამარადისოდ შესანახად დაასვენეს.
ამ მოვლენათა მიღმა კი გამძვინვარებული ბრძოლა მიდიოდა ძალაუფლებისთვის. ბოლოს ასპარეზზე ნიკიტა ხრუშჩოვი, სტალინის შემდგომი საბჭოთა ლიდერი გამოჩნდა. 1956 წელს მან სტალინის პიროვნების კულტის გამოსააშკარავებლად კამპანია წამოიწყო – ბელადს უდანაშაულო ხალხის მასობრივ რეპრესიებში სდებდა ბრალს.
ხრუშჩოვმა მოსპო და გაანადგურა სტალინთან დაკავშირებული ფიზიკური სიმბოლოები. უამრავ ქალაქს, ქუჩას, ქარხანას და კოლმეურნეობას, რომლებიც სტალინის სახელს ატარებდა, სახელები შეუცვალეს. სტალინის სხეული ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩუმად გამოიტანეს მავზოლეუმიდან, თუმცა იქვე, წითელ მოედანზე, ლენინთან ახლოს დატოვეს. ხრუშჩოვისეული დესტალინიზაცია აქ დამთავრდა. სტალინის დისკრედიტაციამ საბჭოთა საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობა და არეულობა გამოიწვია. ზოგი გაბრაზდა, რადგან მიაჩნდათ, რომ სტალინი სათანადოდ არ იქნა მხილებული დანაშაულში, სხვები კი იმ ლიდერის ტალახში ამოსვრის გამო განრისხდნენ, რომელსაც ღმერთივით ეთაყვანებოდნენ. 1956 წელს საქართველოში ასეთმა განრისხებამ ხალხი სტალინის მხარდამჭერ სახალხო საპროტესტო გამოსვლებამდე მიიყვანა, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდა და საბოლოოდ სასტიკად იქნა ჩახშობილი.
ზოგიერთი საბჭოთა ხელმძღვანელი დესტალინიზაციის პროცესს შეშფოთებით უყურებდა. უმაღლესი ხელმძღვანელის დაგმობამ ბიძგი მისცა საჯარო დებატებს, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციას უთხრიდა ძირს, რეჟიმისა, რომელიც კომუნისტური სახელმწიფოს აბსოლუტური შეუმცდარობის კონცეფციაზე იდგა.
1964 წელს ხრუშჩოვი უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადააყენეს. ხრუშჩოვის შემდგომმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ შეაჩერა მისი ანტისტალინური კამპანია. შემდგომი “მდორედ მიმდინარე რესტალინიზაციის” დროს, სტალინის ღიად დაგმობა შეწყდა, მაგრამ მისი უდანაშაულობა საჯაროდ არ გამოუცხადებიათ. უბრალოდ, მისი სახელი გაქრა ოფიციალური დისკურსიდან. ხრუშჩოვისდროინდელი საბჭოთა საზოგადოების ისედაც მცირე საჯარო მონაწილეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეწყდა ან იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. ჩიჩიბაბინის სტროფებიც წინასწარმეტყველური გამოდგა.
დესტალინიზაციის ახალი ტალღა გორბაჩოვის პერესტროიკის ეპოქაში, ორი ათწლეულის შემდეგ დაიწყო, სადაც მთავარი ელემენტი, როგორც მიმომხილველები ამბობდნენ, “ისტორიის შემობრუნება” იყო. 80-იანი წლების ბოლოს მედიაპუბლიკაციების ტალღა და წიგნები წამოვიდა – საზოგადოებამ კომუნისტური ტყუილები და სიმახინჯეები ამხილა. ხრუშჩოვის მიერ სტალინის დანაშაულებების გამოაშკარავების კამპანიისგან განსხვავებით, დესტალინიზაციის ამ რაუნდში უკვე ფართო საზოგადოება ჩაერთო. ძალისხმევის ინერცია იმდენად დიდი იყო, რომ მოხერხდა კომუნისტური რეჟიმის რადიკალური დელეგიტიმიზაცია, რასაც 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კომუნიზმის კრახი და საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.
ბორის ელცინი, პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტი, მგზნებარე ანტიკომუნისტად იქცა. ელცინის რუსეთმა უარყო საბჭოთა სისტემა და მიიღო, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე მაინც, დემოკრატიული ინსტიტუტებით მართვის დასავლური მოდელი. სტალინიზმი დაიგმო და ტირანული კომუნისტური რეჟიმი თითქოს დასრულდა.
მაგრამ კომუნისტური მემკვიდრეობის და, განსაკუთრებით კი, სტალინიზმის რღვევა, დიდხანს არ გაგრძელებულა. ეს პროცესები ადრეულ პოსტკომუნისტურ რეალობაში აღმოცენებული გაჭირვებით მალე დაიჩრდილა და სახალხო მღელვარებებით დასრულდა, მათ შორის – მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებით ელცინის მთავრობასა და რუსეთის სამართლებრივ ორგანოებში არსებულ კომუნისტურ ოპოზიციას შორის.
კომუნისტებმა ისევ სტალინის ერას მოუხმეს, როგორც რუსული დიდების ჟამს. სტალინისდროინდელი საბჭოთა კავშირის შედარება – ერისა, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი, ზესახელმწიფო შექმნა და ნახევარ სამყაროს აკონტროლებდა, საკმაოდ დასუსტებულ თანამედროვე რუსეთთან, რუსი კომუნისტების და მათი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების თვალში, ეჭვგარეშედ ამტკიცებდა როგორც ელცინის, ისე გორბაჩოვის მოღალატეობას.
აღმოჩნდა რა შესუსტებული მხარდაჭერის, ძლიერი კომუნისტური ოპოზიციისა და სხვა მრავალი გამოწვევის წინაშე, ელცინმა ვეღარ შეძლო სახელმწიფო დონეზე დესტალინიზაციის პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. სტალინის საფლავი დარჩა წითელ მოედანზე (ლენინის სხეული კი – მავზოლეუმში) და არავითარი გულაგის მსხვერპლთა ეროვნული მემორიალი არ შექმნილა. საბჭოთა კომუნიზმის სამართლებრივად დაგმობის კიდევ ერთი მცდელობა ეფექტური არ აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გასამართლების მცდელობა და საბჭოთა დამნაშავე რეჟიმისთვის ვერდიქტის გამოტანა 1992 წელს ჩაიშალა.
პუტინის პოლიტიკური წყობა და სტალინის, როგორც პოლიტიკური სიმბოლოს აღზევება
2000 წელს, როდესაც ასპარეზზე ელცინის მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა, მის მთავარ მიზანს რუსული სახელმწიფოს აღდგენა წარმოადგენდა. პუტინმა კომუნისტებთან კომპრომისზე წასვლით ნაწილობრივ მოუღო ბოლო მასობრივ პოლიტიკურ მღელვარებას. ამ ტაქტიკით მან შეარბილა რუსულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური უთანხმოებანი და რუსეთზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა.
რეჟიმი, რომელიც პუტინმა შექმნა, რუსეთის ტრადიციული სახელმწიფო მოდელის საბჭოთა ვერსიას ეყრდნობა: ცენტრალიზებული და უცილობელი სახელმწიფო ძალაუფლება, რომლის კონტროლის მთავარ ინსტრუმენტს უსაფრთხოების ძალები წარმოადგენს. ეს პოლიტიკური წყობა გულისხმობს პრინციპს, როცა ხალხი ყოვლისშემძლე სახელმწიფოს წინაშე უძლურია.
საბჭოთა პოლიტიკური წყობის დაბრუნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩიჩიბაბინის წინასწარმეტყველება, რომელიც ახსენებდა რუსებს, რომ სტალინი არ მომკვდარა. სტალინის სიმბოლური დაბრუნება პუტინის არსობრივად საბჭოთა პატერნალისტური რეჟიმიდან დაიწყო. მაგრამ რუსი კომუნისტებისგან განსხვავებით, პუტინის მთავრობა, სტალინს, როგორც სისტემის სულისჩამდგმელს, ღიად არ ადიდებდა. პირიქით, პუტინი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები საგრძნობლად გაურბოდნენ სტალინთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს. იშვიათად ახსენებდნენ ბელადს, მაგრამ თუკი ახსენებდნენ, უფრო ნეგატიურ, ვიდრე დადებით კონტექსტში.
2007 წლის ოქტომბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, პუტინი ბუტოვოს ესტუმრა. ეს ის ადგილია, სადაც სტალინის ტერორის პიკის დროს – 1937-38 წლებში, მასებს ხვრეტდნენ. პუტინი აშკარად შეძრწუნებული იყო. “სიგიჟეა”, თქვა მან. “წარმოუდგენელია. რატომ [კლავდნენ ]? ათასობით და მილიონობით კაცი დახვრიტეს, ბანაკებში გააგზავნეს და აწამეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს [ტრაგედია] არასოდეს მიეცეს დავიწყებას”.
დმიტრი მედვედევს (რომელიც პუტინის შემდეგ, 2008 წელს პრეზიდენტი გახდა) პრეზიდენტობის უკანასკნელ ორ წელს დესტალინიზაციის მესამე ტალღის მცდელობა ჰქონდა. 2009 წლის ბოლოს მედვედევმა კრემლის ვებგვერდზე დადო მგზნებარე ვიდეობლოგი, რომელშიც გმობდა “სტალინის დანაშაულებს”. 2010 წელს საგაზეთო ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ სტალინმა “მისი ხალხის წინააღმდეგ ბევრი დანაშაული ჩაიდინა”.
2010 წლის დასაწყისში, პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, კატინის ტრაგედიის 60 წლისთავი აღნიშნა. 1940 წელს კატინში საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების ძალებმა პოლონელი ოფიცრები მასობრივად ამოხოცეს. პუტინმა პოლონელ კოლეგასთან, დონალდ ტუსკისთან ერთად დაიჩოქა ტრაგედიის ადგილას და თქვა, რომ “ეს იყო რეპრესიები, რომლის დროსაც ხალხი გაჟლიტეს მიუხედავად მათი ეროვნების, რწმენისა და შეხედულებისა”.
ამავე დროს, სახელმწიფო დუმამ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც: “კატინის დანაშაული მოხდა სტალინისა და სხვა საბჭოთა ოფიციალური პირების პირდაპირი ბრძანებით”.
მაგრამ ასეთი პირდაპირი განცხადებები საკმაოდ იშვიათად კეთდებოდა. მედვედევის პრეზიდენტობის დამთავრებასთან ერთად დესტალინიზაციის პროცესი თანდათან შენელდა. 2012 წელს პუტინი კრემლში დაბრუნდა. მედვედევის დროს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების საბჭოს მიერ გამოცხადებული დესტალინიზაციის პროგრამა შეჩერდა.
თუმცა მანამდეც, პუტინი და მედვედევი საკუთარი განცხადებებითა და მოქმედებებით ანტისტალინურ რიტორიკას ერთგვარად აბალანსებდნენ.
ბუტოვოში ემოციური ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ, პუტინმა უსაფრთხოების ძალების ოთხმოცდამეათე წლისთავი აღნიშნა. ამ საიუბილეო თარიღის მთავარი გმირი ფედერალური უშიშროების სამსახური იყო, საბჭოთა საიდუმლო უწყების, სუკ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) და შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მემკვიდრე. საიდუმლო პოლიციის ეს უწყებები თვითონ ხოცავდნენ ადამიანებს, მათ შორის ბუტოვოსა და კატინში. კრემლში გამართულ ზეიმზე, პუტინს, ბუნებრივია, არ უთქვამს, რომ “ტრაგედია”, როგორც ადრე უწოდებდა, არასოდეს უნდა დავივიწყოთ. არც მომდევნო ათწლეულებზე გაუკეთებია მინიშნება, როდესაც სუკ-ი დევნიდა დისიდენტებს, ამწყვდევდა მათ შრომა-გასწორების ბანაკებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში – ეს იმავე წლებში ხდებოდა, როცა პუტინი თავად იყო სუკ-ის ოფიცერი. მან თქვა: “ჩვენი მიზანია დღეს, გავიხსენოთ ჩვენი სპეცსამსახურების გმირობის ფურცლები, რაც მათ ისტორიაში ჩაწერეს”.
მედვედევმა, რომელსაც უფრო თანამედროვე ტიპის ლიბერალ ფიგურად მიიჩნევენ, არანაკლები სითბოთი მიმართა ფედერალური უშიშროების სამსახურს.
ოფიციალურ გზავნილში მან გამოხატა მყარი რწმენა, რომ ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცრების დღევანდელი თაობა “ღირსეულად გააგრძელებდა მათი წინამორბედების ტრადიციებს”12 – ანუ იმ წინამორბედებისა, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშაც ხდებოდა მასობრივი რეპრესიები, რასაც მედვედევმა საკუთარ ვიდეობლოგში ცოტა ადრე უწოდა – “უდიდესი ტრაგედია რუსეთის ისტორიაში”.
ფედერალური უშიშროების სამსახურს თავად არასოდეს უთქვამს უარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე. უშიშროების ორგანო მდებარეობს ლუბიანკაზე – იმ შენობაში, რომლის ავადსახსენებელ სარდაფებში სტალინის მსხვერპლებს აწამებდნენ და ხვრეტდნენ. რუსეთის მმართველობის სისტემაში, ამ ორგანოს პოლიტიკური ზეგავლენა უზარმაზარია. ხელმძღვანელობის პერიოდში პუტინმა ფედერალური უშიშროების სამსახურიდან მრავალი კადრი გამოიყენა და მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. ათობით ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცერი და გენერალი მთავრობის მაღალჩინოსანი გახდა, შემოსავლიან ბიზნესებსაც სწორედ ისინი აკონტროლებენ.
ახლახან გამოსულ წიგნში ფედერალური უშიშროების სამსახურის შესახებ, მის წევრებს მოიხსენიებენ, როგორც “ახალ მაღალ საზოგადოებას” და ამბობენ, რომ ეს ორგანიზაცია უფრო ძლევამოსილია და მეტად შიშისმომგვრელი, ვიდრე მისი უშუალო წინამორბედი, სუკ-ი იყო. ფედერალური უშიშროების სამსახური არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, მათ შორის – არც კრემლის.
მაშინაც კი, როდესაც რუსეთის ლიდერები ხანდახან გმობდნენ სტალინსა და მის დანაშაულებებს, იმავდროულად ზრუნავდნენ, რომ დაგმობის რიტორიკა ძალიან შორს არ წასულიყო. სტალინის მსხვერპლთა მიმართ ცოტაოდენი წუხილის გამოხატვა მისაღები იყო, მაგრამ სჯობდა, დამნაშავე პირების საკითხი არ წამოჭრილიყო. მოსალოდნელია, რომ რეჟიმი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეუხებელ ძალაუფლებას და სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ეფუძნება, თავს აარიდებს იმის განხილვას, თუ რა როლი შეასრულეს სპეცსამსახურებმა რუსეთში სისხლიანი ტერორის დროს.
ზოგადად, რუსეთში საბჭოთა წარსულის და განსაკუთრებით, სტალინიზმის შესახებ თანმიმდევრული ნარატივი არ არსებობს. არც სტალინის მმართველობის მსხვერპლთა მემორიალი გვაქვს – პუტინის მთავრობამ მტკიცედ უარყო ინიციატივა მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცენტრის შექმნის შესახებ.
საზოგადოების მიერ სტალინის აღქმის წინააღმდეგობრიობა
მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მთავრობამ ანტისტალინისტური დისკურსის მარგინალიზაცია მოახდინა, მას ის არ აუკრძალავს ან არ ჩაუხშია. საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით, ამჟამინდელი მთავრობა არ ცდილობს ხალხს თავს მოახვიოს ორთოდოქსული აზროვნება. ალექსანდრე სოლჟენიცინის “არქიპელაგი გულაგი” და სხვა ლიტერატურა სტალინის ტერორის შესახებ ნამდვილად ხელმისაწვდომია წიგნების მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში. სოლჟენიცინის ქვრივთან კონსულტაციების შემდეგ, პუტინმა პირადად მისცა დასტური, რომ სოლჟენიცინის ნაწარმოების შემოკლებული ვერსია რუსეთის საშუალო სკოლების სასწავლო მასალაში შეეტანათ. მიუხედავად მთელი რიგი ოფიციალური პირების მრავალგზის შეთავაზებისა, რომ რუსულ სკოლებში ყოფილიყო ერთიანი, პოლიტიკურად მისაღები მეოცე საუკუნის ისტორიის სახელმძღვანელო, მასწავლებლებს შეუძლიათ სახელმძღვანელოები თავად აირჩიონ.
სტალინიზმის ისტორიის აკადემიური კვლევა ძირითადად არ არის შეზღუდული (თუ არ ჩავთვლით საარქივო მასალებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიზღუდა). თუმცა, ისეთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, როგორიცაა “მემორიალი”, რომელიც სტალინის დანაშაულებებს საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით იკვლევს, სიტუაცია საკმაოდ არახელსაყრელი გახდა. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციამ და მისმა მრავალრიცხოვანმა ადგილობრივმა ფილიალებმა მაინც მოახერხა თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.
გულაგის მსხვერპლთა მემორიალი არ არსებობს, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდში მრავლად შეიქმნა სხვადასხვა სტილისა თუ ზომის15 ადგილობრივი მემორიალები. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ გამოქვეყნდა და ეთერით გადაიცა უამრავი მასალა სტალინიზმის შესახებ. სახელმწიფო ტელევიზიაც კი დროდადრო უჩვენებს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც საბჭოთა გულაგის ტერორს აღწერენ.
ამავე დროს, რუსი და დასავლელი მეცნიერების ისტორიული კვლევების გვერდით გამოფენილია ლიტერატურა, რომელშიც იცავენ და ადიდებენ სტალინს. ასეთ ლიტერატურას რამდენიმე რედაქცია უშვებს, რომელთაგან ორი რუსეთის უდიდეს გამომცემლობას, სახელად “ეკსმოს” ეკუთვნის. ისინი ბეჭდავენ პოპულარულ არამხატვრულ ლიტერატურას, რომელსაც ერთი ცნობილი მეცნიერი აღწერს როგორც “სტალინისტური პოზიციიდან დაწერილ ფსევდოისტორიას”. ბაზარზე სულ ცოტა 100 ასეთი წიგნი იქნება. ისეთი სათაურებით, როგორიცაა, მაგალითად, “აკრძალული სიმართლე სტალინის რეპრესიებზე”, “სსრკ სტალინის გარეშე: გზა კატასტროფისკენ” და “გზად 1937 წლისკენ: სტალინი წითელი ოლიგარქების წინააღმდეგ”. როგორც ჩანს, ამგვარ ლიტერატურაზე დიდი მოთხოვნაა. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ეს წიგნები წიგნის მაღაზიების თაროებზე თვალსაჩინოდაა გამოფენილი, ყდებით გარეთ, მაშინ, როცა აკადემიური ისტორიკოსების წიგნებს მხოლოდ ყუის ნაწილი მოუჩანთ.
მათი გვერდიგვერდ გამოფენა გარკვეულწილად საზოგადოების მიერ სტალინის აღქმას გვიჩვენებს – ერთი მხრივ, ტირანი, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ და მეორე მხრივ – ძლიერი ლიდერი, რომელმაც ომი მოუგო ჰიტლერს. მრავალი რუსი ადამიანის გონებაში, ფაქტობრივად, ეს ორი აღქმა ჩვეულებრივ კომბინირებულია. პოსტსაბჭოთა კოლექტიურ ფსიქიკაში, ეროვნული სიდიადე განუყოფელია ძალადობისა და სისასტიკისგან.
რუსების მსოფლმხედველობის სუბიექტური აღქმის ერთ-ერთი ასპექტი ისიცაა, რომ ისინი დიად და გამარჯვებულ ერს მიეკუთვნებიან. ეს შეხედულება 1945 წელს საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნა. ომი ერთ-ერთია იმ სულ რამდენიმე ისტორიული მოვლენიდან, რაც რუსების საყოველთაო მეხსიერებაში არსებობს და რაც უდავოდ ეროვნული სიამაყის საგანია. პუტინის მთავრობამ გამოიყენა ომის ფაქტორი, რუსების გონებაში ჩაბეჭდილი გამარჯვება, და უფრო ინტენსიურად დაიწყო 9 მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნა; რაც დროის მდინარებასთან ერთად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს მაშინ, როცა თვითონ ომი ისტორიის სიღრმეში გადადის.
ომისა და სტალინის, ომში გამარჯვებული ბელადის განსაკუთრებული მნიშვნელობა, მოზაიკის ერთი ნაწილაკია, ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაა სტალინის ცალსახად დაგმობა შეუძლებელი რუსეთში. პუტინის რუსეთში სტალინი სახელმწიფოს განსახიერებად და ყველაზე ძლიერ თვალსაჩინოებად რჩება.
სტალინი იმ რუსეთისთვისაც საჭირო აღმოჩნდა, რომელიც აღარაა ზესახელმწიფო, როგორც “კომპენსაცია” ერისთვის, რომელიც მსოფლიოში სტატუსის დაკარგვას განიცდის. სტალინის იმიჯი, როგორც ნაცისტური გერმანიის დამამარცხებლისა და იმ ზესახელმწიფოს ლიდერისა, რომელიც ცივი ომის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს უტოლდებოდა, გარკვეულწილად ეხმარება რუსეთს დამამცირებელი მდგომარეობის დაძლევაში, რომელიც მან კომუნისტური იმპერიის დანგრევის შემდგომ პერიოდში განიცადა.
სტალინს დღეს ნაკლებად უკავშირებენ ადამიანურ მსხვერპლს ან ხალხის უმწეობას თვითმარქვია და დესპოტი მმართველების პირისპირ. ისტორიულმა გამოცდილებამ რუს ხალხს ასწავლა, რომ ისინი უმწეონი არიან ყოვლისშემძლე სახელმწიფოს წინაშე და რომ მათთვის საუკეთესო სტრატეგიაა, შეეგუონ მმართველების მოთხოვნებსა და კაპრიზებს. ამ გამოცდილებამ გააჩინა დაქვემდებარებულობის მენტალობა და პატერნალიზმის, როგორც ცხოვრების მკაცრი რეალობის მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან სტალინისტური არ არის, ანუ სახელმწიფო სადისტი მამა აღარ არის, რომელიც ბავშვებს მუდმივად დაუმსახურებელი და სასტიკი სასჯელის შიშის ქვეშ ამყოფებს, კარნეგის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ რუსების დიდ უმრავლესობას აღარ სურს სტალინის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. მამობრივ ზრუნვას ისინი ნოსტალგიურად იხსენებენ, მაგრამ ის ნოსტალგია, რომელიც პუტინმა გამოიყენა, 1970-იანი წლებიდან მოდის, როცა საბჭოთა რეჟიმი უფრო რბილი იყო, როცა ხალხი შიშში აღარ ცხოვრობდა, როცა სახელმწიფო უზრუნველყოფდა გარკვეულ უსაფრთხოებას და ცხოვრების კარგ დონეს. შესაძლოა, პუტინის მამობრივმა ზრუნვამ მათ კიდევ უკეთესი შემოსავლები შესთავაზოს. თუმცა, შოკისმომგვრელი უთანასწორობის, პროტექციონიზმის, კორუფციის, საჯარო მოხელეების დაუსჯელობის, მზარდი გაურკვევლობისა და საფრთხის განცდის ხარჯზე, 1970-იანი წლების ნოსტალგია უფრო და უფრო მძაფრდება.
ის, რომ სტალინი უდიდეს რუს ადამიანად ითვლება, შეიძლება განვიხილოთ როგორც დაქვემდებარებულობის მენტალობის ირიბი ასახვა. რუსების დიდი ნაწილი, მიუხედავად უსამართლობისა, კორუფციისა და საჯარო მოხელეების მიერ ძალაუფლების აღმაშფოთებლად ბოროტად გამოყენებისა, ჯერ კიდევ ირჩევს პასიურობას და სახელმწიფოსადმი ლოიალურ დამოკიდებულებას. დაახლოებით 80 პროცენტი გამოკითხვაში პასუხობს, რომ ისინი “რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენენ”.
სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და ცვლილებების შიშს ეფუძნება და არა ნდობას ან ნამდვილ მხარდაჭერას. რაც შეეხება მმართველების მიერ ვალდებულებების შესრულებას, საერთო განწყობა ასეთია – დაე, დაკავდნენ საკუთარი კარიერიზმით – პროტესტსა და უკეთესი მთავრობის მოთხოვნას აზრი არ აქვს, რადგან ხალხი მაინც ვერაფერს შეცვლის. გულის სიღრმეში კი თითქმის გაუცნობიერებელი რწმენა არსებობს, რომ საშინელი კრიზისის დროს, მაგალითად, უცხო ქვეყნის შემოჭრისას, სახელმწიფო თავის ხალხს ისევ დიად გამარჯვებამდე მიიყვანს.
დესოვეტიზირებული: ახალი რუსული მენტალობის აღმოცენება
2011 წლის ბოლოს, ათობით ათასი მოსკოველი გამოვიდა ქუჩებში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად. მათი გზავნილი, როგორც მალევე გაირკვა, პოლიტიკური სულაც არ იყო, არამედ ისინი გამოხატავდნენ მორალურ და, წარმოიდგინეთ, ემოციურ უკმაყოფილებასაც კი პუტინის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო მართვის მოდელის მიმართ. მათ, ვინც 2011-2012 წლებში სახალხო გამოსვლებს შეუერთდა, ცვლილება უნდოდათ – ან, როგორც თავად თქვეს, აღარ სურდათ, ნახირივით მოპყრობოდნენ.
პროტესტანტების ასაღწერად მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ისინი არ ყოფილან საბჭოთა ან დესოვეტიზირებული რუსი მოქალაქეები, რომლებიც მორჩილების მენტალიტეტის ტყვეობიდან გამოვიდნენ. პროტესტანტების უმრავლესობა იმ პოსტინდუსტრიული ეკონომიკის პროდუქტია, რომელიც ძირითადად მოსკოვში განვითარდა. ისინი მიეკუთვნებიან თანამედროვე სამყაროს, იღებენ პასუხისმგებლობას კარიერისა და ცხოვრების სტილის არჩევისას. მათ აქვთ წარმატებაზე ორიენტირებული მენტალიტეტი, ანუ ის, რასაც ტრადიციული რუსული გამოცდილება ვერ ასწავლიდა.
ეს ხალხი არ ეთაყვანება საბჭოთა წარსულის სიდიადის სიმბოლოებს, სტალინს თუ სხვას, რადგან საკუთარი სისუსტეების კომპენსაცია არ სჭირდებათ. როგორც ცალკეული ინდივიდები, სისუსტეს არ გრძნობენ. თანამედროვე სამყაროს ნაწილი არიან და სურთ, რომ ქვეყანამ წინ გაიხედოს, მოდერნიზაცია განიცადოს და ზურგი შეაქციოს მომავალს, რომელსაც პუტინის მმართველობის მოდელი უქადის.
შესაძლოა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, სულ ერთი მცირე ნაწილია, მაგრამ სწორედ ისინი რუსი ხალხის პატერნალისტურ ნაწილს არ მიკუთვნებიან და მათი რიცხვი მით უფრო იზრდება, რაც მეტი ახალგაზრდა ჩამოდის მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში პერიფერიებიდან კარგი სამუშაოს მოსაძებნად და თანამედროვე ცხოვრების მოსაწყობად.
ამ ახალი ელექტორატის შეფასებისას სტალინის აღქმა მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც უფრო თვალსაჩინოა გამოკითხვის შედეგების გაანალიზების და ასაკთან, განათლებასთან, წარმომავლობასთან (სოფელი/ქალაქი) და სხვა ფაქტორებთან მიმართებაში განსხვავებების გამოვლენის შედეგად.
ამ ტენდენციის მაჩვენებელია სტალინის მიმართ ინდიფერენტულობის ზრდა, განსაკუთრებით რუს ახალგაზრდებში. კარნეგის გამოკითხვის შედეგები დამატებით ფაქტებს ავლენს: თვრამეტიდან ოცდაოთხ წლამდე ახალგაზრდებს თითქმის ორჯერ ნაკლებად აინტერესებთ სტალინი ამა თუ იმ კუთხით, ვიდრე ორმოცდათხუთმეტ წელზე მეტი ხნის ადამიანებს.
ახალგაზრდებისთვის სტალინი სულ უფრო და უფრო კარგავს სიმბოლურ მნიშვნელობას და იქცევა ფიგურად შორეული წარსულიდან. ახალგაზრდა რუსები – კარგი განათლებით, მოსკოველები, ვინც ინტერნეტს იყენებენ ახალი ამბების და სხვა პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად, უფრო მეტად არ ეთანხმებიან მოსაზრებას – “ჩვენს ხალხს ყოველთვის ექნება მოთხოვნილება ჰყავდეს ისეთი ლიდერი, როგორიც სტალინი იყო, რომელიც მოვა და წესრიგს დაამყარებს”, ვიდრე მათზე უფროსები.
რუსული საზოგადოება უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება და აქ მთავარი განმასხვავებელი სახელმწიფოს აღქმაა. პატერნალისტური მოდელი, რომელიც პუტინმა ჩამოაყალიბა, ლეგიტიმაციას იღებს იმ სიმბოლოთა სისტემიდან, რასაც შეიძლება “სტალინისტური” დავარქვათ. ესაა – შეუმცდარი სახელმწიფო, პატრიოტიზმი, რომელიც გაგებულია როგორც მმართველი ძალის მიმართ ერთგულება, სადაც არალოიალურობა დანაშაულად ითვლება. მაგრამ სიმბოლოებს, რომლებსაც, შესაძლოა, ჯერ კიდევ იზიარებს კონსერვატორი და პასიური რუსული საზოგადოების უმრავლესობა, სულ უფრო ნაკლებად შესწევს ერის გაერთიანების უნარი.
სტალინის სიმბოლო ნელ-ნელა სუსტდება, მაგრამ ჯერ მაინც ცოცხლობს – თუმცა, არა იმ მიზეზით, რომ ახალ, უფრო თანამედროვედ მოაზროვნე უმცირესობას, რომელიც პოტენციურად რუსეთის წინსვლის მამოძრავებელი ძალაა, ალტერნატიული ფიგურისა თუ იდეისთვის ჯერ არ მიუგნია. 1959 წელს დაწერილი ჩიჩიბაბინის ლექსი ზუსტად ამას ეხმიანება:
“სტალინის სული ხომ არ არის ჩვენში,
როდესაც არ ვეძებთ ჭეშმარიტებას
და მხოლოდ სიახლე გვაშინებს?
ბრძოლაში წარსულს არ დავუთმობ,
მაგრამ რას იზამ,
როცა სტალინი ჩვენში არ მომკვდარა?”
გარდამავალი პერიოდი, რომელსაც რუსეთი ახლა გადის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომელიც საბჭოთა კომუნისტურმა სისტემამ საბაზრო კაპიტალიზმზე გადასვლის დროს გაიარა. რუსეთი ჩაბმულია ნელ და არათანაბარ ბრძოლაში ისტორიულ-პოლიტიკური მემკვიდრეობისგან გასათავისუფლებლად, რომელიც ყოვლისმომცველ სახელმწიფო ძალაუფლებაში და ხალხზე ბატონობაში გამოიხატება. სტალინი, როგორც სიმბოლო და არა როგორც ისტორიული ფიგურა, მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს ამ ბრძოლაში.
დესტალინიზაციის ნამდვილ პროცესს დასჭირდება რუსული სახელმწიფოებრიობის სულ ცოტა ახლებური გააზრება, რაც უნდა დაეფუძნოს სახელმწიფოს ტრადიციული იდეის უარყოფას, უშიშროების ძალების პოლიტიკური და ისტორიული ხელშეუხებლობის დამთავრებას, კონცეფციის – “ჩვენ, ხალხი” – მიღებას და რუსეთის მომავლის საერთო ხედვის ქვეშ გაერთიანებას. შეუძლებელია იმის თქმა, მიიღებს თუ არა რუსეთი ამ გამოწვევას და თუ მიიღებს – როდის. მაგრამ, სანამ ეს არ მოხდება, არც სტალინი მოკვდება.
ავტორი: მარია ლიპმანი
.
.
.
.