რას ეძებ?

მეცნიერება პოლიტიკა საზოგადოება

სტალინის თავსატეხი – პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი აზრის ანალიზი

სტალინის თავსატეხი - პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი აზრის ანალიზი (იოსებ სტალინი)

როგორც ჩანს, იოსებ სტალინი არ მომკვდარა. საბჭოთა ლიდერი, რომელიც თავისი 30-წლიანი მმართველობის განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი, სამწუხაროდ, კვლავაც იწვევს დიდ აღტაცებას. ასეთ დასკვნამდე მივყავართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუსეთში პირველად ჩატარებულ გამოკითხვას, რომელიც დიქტატორს შეეხებოდა. კარნეგის ფონდის მიერ დაკვეთილი კვლევების მიხედვით, დესტალინიზაციის პროცესმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარუმატებლად ჩაიარა და პოსტსაბჭოთა მოქალაქეებს არ გაუაზრებიათ თავიანთი ისტორია.


გარდაცვალებიდან – 1953 წლის მარტიდან სამოცი წლის, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, იოსებ სტალინი მაინც ვერ ჩაბარდა ისტორიას.

სტალინის საფლავი მოსკოვის ცენტრში, საჩვენებელ ადგილას, წითელ მოედანზეა, მისი ფოტოები რუსეთსა და საქართველოში ბაზრებში იყიდება, პორტრეტებს კი პოლიტიკურ მიტინგებზე დაატარებენ. 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სტალინი რუსეთის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად დასახელდა. 2013 წელს, როდესაც სტალინგრადის ბრძოლის 70-ე წლისთავს აღნიშნავდნენ, მისი ფოტოები ავტობუსებზე გააკრეს ვოლგოგრადში, რომელსაც ერთი დღით ისევ სტალინგრადი დაარქვეს.

ამ ყველაფრის გამო შეშფოთება ბუნებრივია – მით უმეტეს, რომ ბოლო რამდენიმე წელია გაზეთების სათაურები გვაუწყებენ “სტალინის კულტის” შესახებ ყოფილ საბჭოთა კავშირში. არადა, სტალინის დღეგრძელობა ის თავსატეხია, რომელსაც ჯერ გაშიფვრა სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, არავის უნდა გულაგების აღდგენა და თვით ყველაზე ავტორიტარული პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც კი შორს არიან სტალინიზმისგან.

და მაინც, რა იმალება სტალინის მიმართ დადებითი განწყობის მიღმა? ვინ და სად არიან მისი თაყვანისმცემლები და როგორია მათი მოტივაცია?

სტალინის თემა მნიშვნელოვანი მხოლოდ ისტორიული კუთხით კი არ არის, არამედ მისი სახელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების თანამედროვე პოლიტიკის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობების, დემოკრატიზაციისა და განათლების საკითხების შუაგულში ფიგურირებს.

ამ საკითხებში კარგად გასარკვევად კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდმა კვლევის ჩატარება ორ ორგანიზაციას დაუკვეთა – ლევადა-ცენტრს მოსკოვში და კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრს თბილისში. რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეებს სტალინის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების შესახებ ერთსა და იმავე რვა შეკითხვაზე უნდა ეპასუხათ. გამოკითხვები 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდა.

ასეთი სრული შედარებითი გამოკითხვა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში პირველად ჩატარდა. ლევადა-ცენტრში მიღებული შედეგები რუსეთში მანამდე ჩატარებულ რამდენიმე კვლევის შედეგებს შეადარეს, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში კი ასეთი კვლევა 1991 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, არ ჩატარებულა.

განსხვავებები გამოკითხვის შედეგად მიღებულ პასუხებში გვეუბნება, რომ სტალინი მის ყოფილ ქვეშევრდომებს შორის მრავალი სახით არსებობს. მაგალითად, რუსეთის სტალინი საქართველოს სტალინისგან ძალიან განსხვავდება. ისტორიკოსი ალფრედ რიბერი ცნობილ ესეში სტალინს “გარდამავალ ადამიანს” უწოდებს, რომელმაც საკუთარი თავისგან სამმაგი მითიური არსება შექმნა – პროლეტარი ეროვნების გარეშე, ქართველი და რუსი3. სტალინის წარმატება ამ სამი სხვადასხვა პიროვნების პროეცირებისას უმალვე ხსნის, თუ რატომ იწვევს ის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების თაყვანისცემას, რომელთაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა აქვთ საერთო (შუბლმაგარი კომუნისტები, ქართველი ნაციონალისტები და რუსი შოვინისტები).

რამდენიმე შედეგი, რომელიც მივიღეთ, მართლაც შოკისმომგვრელია. ლევ გუდკოვმა ახლანდელი კვლევის შედეგები რუსეთში პერესტროიკის პერიოდის შემდეგდროინდელ გამოკითხვებს შეადარა, რამაც ცალსახად აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტალინის მხარდაჭერა შესუსტების ნაცვლად გაძლიერდა. ამ მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, რამდენიმე ახსნა აქვს და, სულ ცოტა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ რუსეთის ბევრ მოქალაქეს ჯერ კიდევ აქვს მორჩილებაში ყოფნის ძლიერი სურვილი და ერთგულება ავტოკრატული მმართველის მიმართ.

ყველაზე შემაშფოთებელი მონაცემები ალბათ მაინც სტალინის სამშობლოდან, საქართველოდან გვაქვს, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ქართველების 45 პროცენტი, რაც უცნაურია, დადებითად არის განწყობილი დიქტატორის მიმართ, ხოლო 68 პროცენტი მას “ბრძენ ლიდერს” უწოდებს. ამასობაში, სომხების 38 პროცენტი (ოთხ ქვეყანაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა) ეთანხმება შემდეგ ფორმულირებას: “ჩვენს ხალხს ყოველთვის დასჭირდება სტალინისნაირი ლიდერი, რომელიც წესრიგს აღადგენს”. უცნაურია ისიც, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის 22-მა პროცენტმა (და ახალგაზრდების 39 პროცენტმა) არც კი იცის, ვინ იყო სტალინი. ზოგადად, აზერბაიჯანელებმა, მათდა სასახელოდ, ყველაზე დიდი ანტიპათია გამოავლინეს სტალინის მიმართ.

ამ მონაცემებს საგულდაგულო დამუშავება სჭირდება. ამიტომაც, შესაბამის სფეროში მომუშავე სამ მეცნიერს საქართველოსა და რუსეთში ვთხოვეთ, თავიანთი აზრი გამოეთქვათ ამ თემაზე. ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს, რომელთა დამუშავებაც მთლიან სურათს საბოლოო სახეს აძლევს. მაგალითად, ისინიც კი, ვინც ამბობენ, რომ სტალინი მოსწონთ, იმავე დროს აღიარებენ, რომ არ მოსწონთ მისი სისასტიკე. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სტალინის მიერ ჩადენილ დანაშაულებს “არ აქვს გამართლება”, საკმაოდ დიდია – ოთხივე ქვეყნის მასშტაბით 45-დან 47 პროცენტამდე. ლევ გუდკოვი გვიყვება, რომ სწორედ სტალინშია მოსაძებნი რუსეთში დემოკრატიის მარცხის მიზეზები და რომ ვლადიმერ პუტინი გამიზნულად მანიპულირებს დიქტატორის იმიჯით, რათა მისი პროექტი გააძლიეროს, რაც რუსეთში “ძალაუფლების ვერტიკალის” შექმნაში მდგომარეობს.

ლაშა ბაქრაძეს ძლიერი არგუმენტები მოჰყავს იმ ფაქტის დასასაბუთებლად, რომ ის ქართველები, რომლებიც სტალინს თაყვანს სცემენ, ამას კვაზირელიგიური მიზეზით აკეთებენ და არ არის აუცილებელი, რომ ეს მათ პოლიტიკურ მრწამსს ემთხვეოდეს. კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ქართველების დიდ რაოდენობას ასევე დემოკრატიაც მოსწონს (წინააღმდეგობების ჩამონათვალს ისიც ემატება, რომ გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ფიგურა პატრიარქია).

არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, სტალინს, როგორც “დიდ სამამულო ომში” ჰიტლერზე გამარჯვებულს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა განსაკუთრებით პენსიონერებში აქვს. საინტერესოა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერია კავკასიაში, ვიდრე რუსეთში. ეს აგრეთვე გვაფიქრებს იმაზეც, თუ როგორი რთულია დასავლეთში სტალინის იმიჯის აღქმა, როგორც ომისდროინდელი ლიდერისა, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა (საკმარისია იხილოთ ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია სტალინი ჩერჩილის და რუზველტის გვერდით იალტის კონფერენციაზე 1945 წელს).

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენი ავტორები სვამენ კითხვას, თუ რატომ არ იმუშავა დესტალინიზაციამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მარია ლიპმანი წერს, რომ “ორნახევარი” დესტალინიზაციის კამპანია რუსეთში არასრულყოფილი იყო და საკმარისად ღრმად ვერ შეაღწია საზოგადოებაში. ლაშა ბაქრაძე აანალიზებს, თუ როგორ ჩამოიღო სტალინის ძეგლები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ, რომელიც პროდასავლურობით ამაყობს, თუმცა, ვერ შეძლო საზოგადოებასთან საუბარი, რათა აეხსნა, თუ რატომ აკეთებდა ამას ან რატომ აღმართა სტალინის მსხვერპლთა მემორიალი საქართველოში. საქართველოს მთავრობამ სტალინის დიდი ქანდაკება გორში, მის მშობლიურ ქალაქში, ყოველგვარი გაფრთხილებისა თუ კონსულტაციების გარეშე აიღო, ზუსტად ისევე, როგორც ხრუშჩოვმა გამოიტანა სტალინის სხეული ლენინის მავზოლეუმიდან წითელ მოედანზე ღამით, ფარულად. ორივე შემთხვევაში მისი სხეულიც და ძეგლიც მხოლოდ რამდენიმე მეტრის დაშორებით იქნა გადატანილი.

ჩვენი კვლევის მონაცემები ამტკიცებს, რომ სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა სივრცეში სტალინის ფიგურა ჯერ კიდევ აწმყოს მიეკუთვნება და არა – წარსულს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პუბლიკაცია ხელს შეუწყობს ახალი დისკუსიის წამოწყებას პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეთა აზროვნების დესტალინიზაციის წარუმატებლობის შესახებ, რათა სტალინი ბოლოს და ბოლოს მიეცეს დავიწყებას.

დასკვნები

  • რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტალინის მხარდაჭერა აშკარად გაზრდილია.
  • არსებობს კორელაცია რუსეთში სტალინის რეაბილიტაციასა და ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობას შორის.
  • სტალინის მიმართ იზრდება გულგრილობის დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ეს განსაკუთრებით იკვეთება აზერბაიჯანში, სადაც ახალგაზრდა გამოკითხულთა 39%-მა არც კი იცის, ვინ არის სტალინი.
  • ქართველები გამოხატავენ სტალინის მიმართ აღფრთოვანების განსაკუთრებით მაღალ დონეს – გამოკითხულთა 45% დადებითად არის განწყობილი ყოფილი საბჭოთა ლიდერის მიმართ.
  • გამოკითხვა არის სიმპტომური “ორმაგი აზროვნების” შემთხვევაში. გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ სტალინი იყო ორივე – “სასტიკი ტირანი” და “ბრძენი ლიდერი”.

შედეგების ანალიზი

პოსტსაბჭოთა მოქალაქეები გაურკვევლობაში არიან. გამოკითხვის შედეგები უფრო დამოკიდებულებისა და გაურკვევლობის შეგრძნებას გამოხატავს, ვიდრე დიქტატორული მთავრობის ჭეშმარიტ მხარდაჭერას.

სტალინის იდენტობას კვლავაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას უკავშირებენ. ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება კარგად ახსოვთ ოთხივე გამოკითხულ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ასაკოვან მოსახლეობას. სტალინს დღესაც თაყვანს სცემენ როგორც ომისდროინდელ ლიდერს – თუმცა, იგივე ხალხი უარყოფს მის რეპრესიებს.

დესტალინიზაცია რუსეთში გაუბედავად მიმდინარეობს. სტალინის დანაშაულის შესახებ დისკუსიაში საზოგადოების ჩართვის ორ-ნახევარი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ ერთი, მიხეილ გორბაჩოვის მცდელობა, იყო წარმატებული. პუტინმა სცადა სტალინის პიროვნების გამოყენება საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად.

ახალი თაობა განსხვავებულად ფიქრობს. ბევრმა რუსმა მოქალაქემ ჩამოიცილა საბჭოთა მემკვიდრეობა, გახდა დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი რუსეთის ისტორიისადმი. სტალინი კარგავს თავის ძალას მოიზიდოს თუ მოიგერიოს საზოგადოების ეს ნაწილი.

დესტალინიზაციის პროცესი საქართველოში შორს არ წასულა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული ანტისაბჭოთა და ანტისტალინური კამპანიები თვალსაჩინო, მაგრამ ზედაპირული იყო. ლიდერის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები დადებითია. თუმცა, ქართველებისთვის სტალინი უფრო ეროვნული ხატია, ვიდრე პოლიტიკური ლიდერი.

გამოკითხვა სტალინის შესახებ
გამოკითხვა - სტალინი ბრძენი ლიდერი იყო?
ინფოგრაფიკა - გამოკითხვა - სტალინის კულტი
სტალინი სასტიკი იყო? - გამოკითხვა
გამოკითხვა - სტალინი
სტალინის რეპრესიები - გრაფიკი
გამოკითხვა - სტალინი


წყარო: © 2013 Heinrich Boell Foundation South Caucasus Regional Office; © 2013 Carnegie Endowment for International Peace / ავტორები: ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი; თომას დე ვაალი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი / ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა