სთოუნჰენჯი / უძველესი ხუროთმოძღვრების გასაოცარი ნიმუში
ხუთიათასწლოვანი იდუმალების ბურუსში გახვეული სთოუნჰენჯი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ისტორიული ძეგლი და უძველესი ხუროთმოძღვრების გასაოცარი ნიმუშია. ვეება ლოდებისგან (რომელთაგან უმეტესობა 250 კილომეტრის სიშორიდან მათრიეს) აგებული კონსტრუქცია მისი მშენებლების გეომეტრიული და ასტრონომიული განსწავლულობის ნათელი დასტურია. არ არსებობს არანაირი ისტორიული დოკუმენტი იმის შესახებ, თუ ვინ ან რატომ ააშენა სთოუნჰენჯი; სამაგიეროდ არსებობს მრავალი დაუჯერებელი მითი, ლეგენდა თუ სამეცნიერო და არქეოლოგიური თეორიები.
დიდ ბრიტანეთში თითქმის 1000 ქვის რკალია, მაგრამ სთოუნჰენჯი უდავოდ ყველაზე დიდია. ის უილტშირის საგრაფოში ქალაქ ეიმზბერიდან 3,2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და მიწაყრილების კომპლექსს წარმოადგენს, რომლის ცენტრშიც ცნობილი ქვის სვეტები დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე ნეოლითის ხანის ასობით სამარხია მიმოფანტული.
გამოყოფენ სოუნთჰენჯის მშენებლობის ამ ეტაპს. სულ თავიდან ძვ.წ. დაახლოებით 3100 წელს უბრალო, შემაღლებულფერდიანი წრიული თხრილი უნდა არსებულიყო. ორმოები იმაზე მიანიშნებს, რომ ამავე პერიოდში ხის სვეტებიც აღმართეს. ძვ.წ. დაახლოებით 2600 წელს მშენებლებმა ხის ნაცვლად ქვის გამოყენება დაიწყეს. სავარაუდოდ, უელსიდან მოათრიეს ოთხმოცი 3.6-ტონიანი ლოდი (თუმცა, ბოლო კვლევებით ირკვევა, რომ ვეება ლოდები სთოუნჰენჯთან ახლოს გამყივარების ეპოქის მყინვარებისგან დარჩა) და ბოლოს წრის შუაგულში საკურთხევლის 5.4-ტონიანი ქვიშაქვის ლოდი დადგეს.
დაახლოებით 200 წლის შემდეგ 30 ცალი დიდი სარსენის ქვა წრიულად დააწყვეს. წრის დიამეტრი 33 მეტრია. სარსენის ქვებს ზედ ბალავრები ადევს, რომლებიც კილოთი და კიტათია შეერთებული. თითოეული ქვა 22 ტონას იწონის და 4.9 მეტრის სიმაღლისაა. სარსენის ქვების რკალის შუაგულში კიდევ ხუთი ასეთი „ტრილითონი“ – ბალავრიანი ქვის სვეტები – იდგა. შიგა ტრილითონის ყოველი ქვა თითქმის 45 ტონას იწონის, რომელთა შორის უდიდესი 7.3 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო.
მითებსა და ხალხურ ზღაპრებში სთოუნჰენჯის აღმართვას მერლინსა და ეშმაკს მიაწერენ. ფართოდაა გავრცელებული თეორია, რომ სთოუნჰენჯს დრუიდები იყენებდნენ, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან დრუიდები რელიგიურ რიტუალებს წმინდა ჭალებში ასრულებდნენ ხოლმე. უფრო სავარაუდოა, რომ სთოუნჰენჯს ობსერვატორიად იყენებდნენ და მას კალენდრის დანიშნულება ჰქონდა. ზაფხულის მზებუდობისას ქვები მზის ამოსვლის წერტილს გვიჩვენებს, ხოლო ზამთრის მზებუდობისას – მზის ჩასვლის. მისი მეშვეობით მთვარის ამოსვლისა და ჩასვლის ზუსტი დროის გამოთვლაც შეიძლება – ეს დიდი მიღწევაა ნეოლითის ხანის ადამიანებისთვის. რასაკვირველია, ზემოთ თქმული არ ნიშნავს, რომ სთოუნჰენჯში რელიგიურ რიტუალებს არ ატარებნენ. უძველეს ხანაში მეცნიერება და რელიგია იმდენად განცალკევებული არ იყო, როგორც დღესაა.
სთოუნჰენჯი დიდი ბრიტანეთის ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია და დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ის ბრიტანეთის სამეფოს ეკუთვნის და მკაცრად დაცული ტერიტორიაა, თუმცა, თანამედროვე დრუიდებს იქ რელიგიური რიტუალების ჩატარებას არ უკრძალავენ.