თალიბანი, ავღანეთი – ქალი და განქორწინება
შიში და სასოწარკვეთილება: როგორ ცხოვრობენ ქმარს გაცილებული ავღანელები და რა ბედი ელით მათ
(თალიბანი) თალიბანისას ავღანელ ქალთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხოლო ქმარგაცილებული ქალებისა – საშინელი. თალიბები მართავდნენ ავღანეთს 20 წლის წინ – 1996-2001 წლებში. ქალებისთვის ეს ახდენილი კოშმარი იყო: მათ აუკრძალეს სწავლა, მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, სამედიცინო დახმარების მიღება და ხმის ამოღებაც კი თავის არსებობაზე. ქალებს სახლიდან გამოსვლის უფლება არ ქონდათ ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე, ასეთად კი ბავშვიც გამოდგებოდა. ასე რომ პატარა ბიჭს მეტი უფლებები ქონდა, ვიდრე ზრდასრულ ქალს. ქალს კანი არ უნდა გამოჩენოდა არსად: ფარანჯასა და დახურულ ფეხსაცმელში უნდა დამალულიყო ყოველი სანტიმეტრი, სახის ჩათვლით. ამ წესებიდან ნებისმიერის დარღვევა სასტიკად ისჯებოდა – გაროზგვით, ქვებით ჩაქოლვით და სიკვდილითაც კი.
ამ პირობებშიც კი, თუ გათხოვილ ქალს, ქმრის წყალობით, რაღაც არსებობის უფლება მაინც ქონდა, ქმარს გაცილებული განწირული იყო – სხვას ვერაფერს დაარქმევდი.
განქორწინება უთალიბანოდ
20 წელი ავღანეთი თალიბებისა და მათი კანონების გარეშე ცხოვრობდა: ქალებმა მცირედი უფლებები და თავისუფლებები მაინც მოიპოვეს. თუმცა განქორწინებასთან დაკავშირებით ყველაფერი ძველებურად დარჩა. თუ გაშორების ინიციატივა ქალისაგან მოდის, მან ჯოჯოხეთის 100 წრე უნდა გაიაროს, კერძოდ – ქმრისაგან უნდა მიიღოს უპირობო თანხმობა განქორწინებაზე. კაცისთვის კი ცოლთან განშორებისათვის საკმარისია, სამჯერ ხმამაღლა წარმოთქვას: „თალაქ. თალაქ. თალაქ“. დიახ, ასე უბრალოდ, რაიმე, ასე თუ ისე საპატიო მიზეზის გარეშეც კი – სამჯერ ნათქვამი სიტყვა სრულიად ანგრევს ქალის ცხოვრებას.
თუ ავღანეთში ქალი განქორწინებულია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი თავისუფალია. ადგილობრივი ჩვეულებებით (ჩათვალეთ – კანონებით) მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა განქორწინება გამოაცხადა, ყოფილიცოლი მაინც მას ეკუთვნის და, შესაბამისად, არაფერი შეუძლია მოიმოქმედოს მისი თანხმობის გარეშე – არც სადმე გადასახლდეს, არც რომელიმე საბუთს მოაწეროს ხელი, არც რაიმე ღირებული იყიდოს.
თავისი მდგომარეობის გამოსასწორებლად ქალმა უნდა მიაღწიოს განქორწინებას სასამართლოს ან უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით. ეს კი ფაქტობრივად „რუსული რულეტკაა“: თუ გაუმართლა, შეიძლება სასამართლომ ან უხუცესებმა მოუსმინონ კიდევაც, ოღონდ მხოლოდ შუამავალი მამაკაცის მეშვეობით. თანაც მან უნდა იშოვოს მოწმეები იმის დასამტკიცებლად, რომ ქმარი არაა ადგილზე. ხანდახან ეს მუშაობს, მაგრამ უფრო ხშირად – არა. მაგალითად, თუ ქმარი სამი წელი არ მოსულა სახლში, ავღანეთის ოფიციალური კანონმდებლობით ქალს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს განქორწინება. მაგრამ შარიათის მიხედვით ქალი ქმარს უნდა ელოდოს 70 წელი! ერთი სიტყვით, კანონი ყოველთვის კაცის მხარესაა, ქალი კი, რომელიც განქორწინებას ითხოვს, საზოგადოების თვალში ცუდი ცოლია, რომელმაც ვერ შეინარჩუნა ქორწინება – იგი იმკის განკითხვასა და ზიზღს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა მხრიდან.
განქორწინებულ ქალს უფლება არა აქვს, იცხოვროს საკუთარ სახლში მფარველის გარეშე (რომელიც ადრე ქმარი იყო). განქორწინების შემდეგ ქალს აიძულებენ, შერცხვენილი დაბრუნდეს მშობლების სახლში. თუ მამაკაცი ნებას დართავს შვილებს, დედასთან დარჩნენ (არადა მას სულ იოლად შეუძლია, ისინი თავისთან დაიტოვოს, რაკი ადგილობრივი კანონებით შვილები მხოლოდ მამას ეკუთვნიან), მაშინ ქალს შეუძლია, ცოლად გაყვეს მხოლოდ ყოფილი ქმრის ნათესავს და სხვას არავის. მეტი თავისუფლება გინდა? მაშინ უარი თქვი შვილებზე! ძნელი მისახვედრი არაა, რომ ასეთი პირობები ხელ-ფეხს უბოჭავს ქალებს და ისინი იძულებული არიან, დარჩნენ ქმრებზე მიჯაჭვულებად.
განქორწინებულ ქალთა ასეთი მდგომარეობა მარტივად ასახსნელია: ითვლება, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ბუნებრივად უჭკუოები და იმპულსური ქმედებებისაკენ მიდრეკილები არიან, ე.ი. მათ ყველაფერი უნდა აუკრძალო.
ქალი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ავღანეთში არაფერს წარმოადგენს. სანამ გაუთხოვარია, მისი ღირსება (ჩათვალეთ – უბიწოება) მამის საკუთრებაა, რომელიც უფლებამოსილია, განკარგოს იგი, როგორც მოესურვება. გათხოვილი და შვილებიანი ქალი რაღაც წონას იძენს საზოგადოებაში, სულ პატარას, მაგრამ მაინც. განქორწინებული კი თვალის დახამხამებაში კარგავს ყველაფერს: ალაჰს არ მოწონს განქორწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ქალი ბინძურია, დაცემული და არ იმსახურებს პატივისცემას.
აღწერილი შემაძრწუნებელია, მაგრამ რაღაც საშველს მაინც ტოვებს. განქორწინებულ ქალს თავს ატყდება უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა, რომლებიც უკიდურესად გაურთულებს ცხოვრებას, მას კიცხავს საზოგადოება (მეტწილად სხვა ქალები და მშობლიური ოჯახიც კი), მაგრამ თუ ძლიერია, როგორმე მოახერხებს არსებობას და მუშაობასაც კი – თალიბანის წესებისაგან განსხვავებით.
განქორწინება თალიბანურად
ავღანელმა ქალებმა ყურმოკრულად არ იციან, რა ცხოვრება შეიძლება დადგეს თალიბანის ხელში. ამიტომაც შიშობენ, რომ ისევ თავიანთ სახლებში გამოკეტილები აღმოჩნდებიან. გახსოვთ ხომ თალიბანის წესი? – არ შეიძლება სახლიდან გამოსვლა ნათესავი მამაკაცის გარეშე. თუ განქორწინებულ ქალს გვერდით არავინ ყავს, იგი განწირულია ოთხ კედელში ეული ცხოვრებისათვის. თალიბანისას ქალს არა აქვს მუშაობის უფლება. განქორწინებული ქალი იძულებულია იმათხოვროს ან ფარულად იმუშაოს. ხშირად ქალები ერთმანეთს უკავშირდებიან და ცხოვრობენ ერთად – ასე უფრო იოლია მარტოობისა და უსასოო ყოფიერების გადატანა.
ზოგიერთი ქალი ქვეყნიდან გაქცევას ბედავს. დიდი გამართლებაა, თუ ამ დროს დამალვა მოახერხა. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ასეთი ქალების ნათესავები, თითქოსდა ოჯახის ღირსების დასაცავად, პოულობდნენ მათ და სიკვდილით სჯიდნენ. სინამდვილეში ასეთ სისასტიკეს საფუძვლად უდევს მამაკაცთა მხრიდან ქალის ტოტალური კონტროლისაკენ სწრაფვა, კომპლექსები და შიში, რომ ქალებმა არ აჯობონ. არადა მართლა შეიძლება აჯობონ! ამიტომაც ეს კაცები ყველაფერზე წავლენ, რომ მათი ბატონობა შენარჩუნდეს.
ავტორი: Gia Tsutskhvashvili / ტეგები: ავღანეთი, თალიბანი, ქალები, განქორწინება