თამადა / ქართული სუფრის მთავარი ფიგურა
ქართული სუფრა თამადისა და სადღეგრძელოების გარეშე წარმოუდგენელია. არ არსებობს მსოფლიოში ხალხი (განსაკუთრებით სამიწათმოქმედო ტრადიციების მქონე), რომელსაც სუფრის და, საერთოდ, კოლექტიური ტრაპეზის ორგანიზაციისა და ჩატარების თავისებური წესები არ გააჩნდეს. ჩვენში ეს ფენომენი განსაკუთრებულია და შინაარსით და დანიშნულებით ანალოგი არ მოეძებნება.
თამადა არის ქართული სუფრის მთავარი ფიგურა, ხელმძღვანელი, თავკაცი, რომელსაც ევალება არა მხოლოდ სადღეგრძელოების თქმა, არამედ – პურობის წესის თანმიმდევრული დაცვა და წარმართვა; მასზეა დამოკიდებული ოჯახის, გვარის, თემის, ნათესაური წრის სათანადოდ წარმოჩენა, გარდაცვლილთა მოგონება და გახსენება, დამსწრეთა პატივისცემა და დაფასება. თამადა თავად უნდა იყოს ღირსეული, გამორჩეული, ფიზიკურად შემძლე, ღვინის სმის ამტანი, ავტორიტეტული პიროვნება, კაცი, რომელმაც იცის სუფრის წესი და რიგი, არის კარგი მოსაუბრე, მჭევრმეტყველი, იცნობს ოჯახს და იმ სოციალურ წრეს, რომელშიც იმყოფება. ამიტომ მას ტრადიციულ სუფრაზე კი არ ირჩევენ, არამედ ნიშნავენ ნათესავთა და ახლობელთა წრიდან.
მაგალითად, სვანეთში, საქორწილო სუფრა იქნებოდა იგი თუ სამგლოვიარო, ასეთი კაცი „სამხუბში“ (საძმოში) უნდა მოეძებნათ. (ცალკეულ შემთხვევაში, სამხუბის წარმომადგენლის გარდა, თამადად შეიძლება დაენიშნათ ბადიში, დედის ძმა, ან ოჯახის ახლობლად მიჩნეული პირი. თუ ნათესავებში ასეთი არავინ იყო, მაშინ მას მეზობლების წრიდან შეარჩევდნენ, მაგრამ ეს ოჯახისათვის სირცხვილად ითვლებოდა. იტყოდნენ: „რა მოხდა, საძმოში სათამადო კაცი არ მოიძებნაო?“ ჩვეულებრივ კი, როცა საოჯახო სუფრა იმართებოდა, ნათესავ-მოკეთეებიც რომ ესწრებოდნენ, თამადობა თავად ოჯახის უფროსს უნდა გაეწია. ამ წესს საქართველოს ყველა კუთხეში იცავდნენ. ასე რომ თამადის გარეშე არანაირი სუფრა არ გაიშლებოდა.